სააკაშვილი უკვე მისი პარტიისთვისაც გახდა ტოქსიკური მოვლენა - თეა წულუკიანი

სააკაშვილი უკვე მისი პარტიისთვისაც გახდა ტოქსიკური მოვლენა - თეა წულუკიანი

„საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ბატონი მიხეილ სააკაშვილი უკვე დიდი ხანია, არის ძალიან ტოქსიკური ფენომენი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის" , - ამის შესახებ თეა წულუკიანმა განაცხადა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია ჰააგის სასამართლოსთან სამართლებრივი არგუმენტებით თანამშრომლობა ქართველი ჯარისკაცების ინტერესების დასაცავად. წულუკიანმა შეაფასა ამ თემაზე მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები.

„უნდა შევძლოთ, პასუხისმგებლობა დავაყენოთ რუსეთის იმ საჯარო მოხელეებისადმი, ვისი ბრალიც, რა თქმა უნდა, იმედია, გამოიკვეთება ერთ და მეორე საერთაშორისო სასამართლოზე. ეს იქნება პირველი სასამართლო დოკუმენტები, რომლებიც დაამტკიცებს, რომ პოლიტიკურად გაკეთებული ამჟამინდელი განცხადებები საფუძვლიანია, მათ შორის არაღიარებასთან დაკავშირებით.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ბატონი მიხეილ სააკაშვილი უკვე დიდი ხანია, არის ძალიან ტოქსიკური ფენომენი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ერთადერთი, ვისთვისაც ის ტოქსიკური არ იყო, ეს იყო მისივე პარტია და როგორც ვხედავ, ის უკვე მათთვისაც გახდა პრობლემა და ტოქსიკური მოვლენა. მოცემული ტოქსიკური ფენომენი აცხადებს, თითქოს საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ქართველი ჯარისკაცები დასაჯოს რომელიმე საერთაშორისო სასამართლოში. მე მინდა ვუთხრა მას, რომ ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი. ეს არის მისი, როგორც ყოფილი მთავარსარდლის სასირცხვილო განცხადება. მოქმედმა ქართველმა ჯარისკაცებმა,  ყოფილმა ჯარისკაცებმა კარგად იციან, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელობა, „ქართული ოცნები“ს მთავრობა სწორედ ის ხელისუფლებაა, რომელიც ყველაზე ერთგულია ქართველი ჯარისკაცების. ჩვენ სამართლებრივ ბრძოლას, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ იმისთვის, რომ ჩვენთვის სამართლებრივ დონეზე, სასამართლო დოკუმენტების დონეზე დადგეს ჭეშმარიტება. ჭეშმარიტება არის ერთი და ეს მტკიცდება ფაქტებით, რომ ქართველებმა განიცადეს აგვისტოს ომის დროს ეთნიკური წმენდა. ასევე, ჩვენი ჯარისკაცები იყვნენ ტყვეებად აყვანილნი და ნაწამები და ამის არაერთი, მათ შორის დოკუმენტური მტკიცება არსებობს“, – აღნიშნა წულუკიანმა.