თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის გარკვეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის გარკვეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით დედაქალაქის გარკვეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა, ზოგიერთ ქუჩაზე კი აიკრძალა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს.

ამ დროისთვის მეტეხის ხიდზე ტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია, შესაბამისად, ავტომანქანები ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით იმოძრავებენ კოტე აფხაზის ქუჩის გავლით. გარდა ამისა, მოძრაობა, ასევე, აკრძალულია ათონელის ქუჩაზე და ნაწილობრივ ევროპის მოედანზე. ამიტომ  მეტეხის აღმართიდან მომავალი ავტომანქანები მოძრაობას გააგრძელებენ ევროპის მოედნისკენ, ხოლო გვირაბიდან გამომავალი ტრანსპორტის ნაკადი 1 ზოლად შევა ევროპის მოედნის წრეზე და სვლას გააგრძელებს ღვინის აღმართისკენ ან უკან დაბრუნდება.

00:00 საათიდან გადაიკეტა ლეღვთახევის ქუჩა და ორბელიანის მოედანი. შესაბამისად, ავტომანქანები იმოძრავებენ ბარათაშვილის ქუჩიდან თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით. ასევე 00:00 საათიდან გადაიკეტა მტკვრის მარცხენა სანაპირო, რის გამოც ავტომანქანები წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან ვეღარ იმოძრავებენ ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით და სვლას გააგრძელებენ გვირაბის გავლით ისნის მიმართულებით. გადაიკეტება წყალტუბოს ქუჩაც და ავტოტრანსპორტი იმოძრავებს სამტრედიის ქუჩის გავლით.

5 ოქტომბრის 00:00 საათიდან 6 ოქტომბრის 00:00 საათამდე მოძრაობა აიკრძალა ბარათაშვილის ხიდის ამსვლელ პანდუსზე, ასევე კოსტა ხეთაგუროვის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე. გვირაბიდან წამოსული ნაკადი იმოძრავებს წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მიმართულებით, ასევე წმინდა ნიკოლოზის ეკლესიიდან ტრანსპორტი გადაადგილებას შეძლებს მხოლოდ გვირაბის მიმართულებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

„თბილისობა 2019“ 5-6 ოქტომბერს გაიმართება საზეიმო ღონისძიებებისთვის უკვე შერჩეულია ადგილმდებარეობები - რიყე, ლეღვთახევი, მეტეხის ხიდი, ევროპისა და ორბელიანის მოედნები.