რუს ბიოლოგს გენმოდიფიცირებული ბავშვების შექმნა სურს - ვის უშლის მას ხელს და რა შუაშია ვლადიმერ პუტინი?

რუს ბიოლოგს გენმოდიფიცირებული ბავშვების შექმნა სურს - ვის უშლის მას ხელს და რა შუაშია ვლადიმერ პუტინი?

ნიკოლაი ვორონინი, „ბი-ბი-სი“-ს კორესპონდენტი სამეცნიერო საკითხებში:

რუს ბიოლოგს დენის რებრიკოვს განზრახული აქვს გენეტიკურად მოდიფიცირებული ბავშვების შექმნა. იგი ჩინელი პროფესორის ხე ძიანკუის სკანდალურ ექსპერიმენტს იმეორებს, რომელმაც შარშან ნოემბერში, კაცობრიობის ისტორიაში პირველად, მსოფლიოს ხელოვნურად შეცვლილი დნმ-ის (დეზოქსირიბონუკლეინის მჟავის) მქონე ბავშვების დაბადება ამცნო.

თავისი ჩინელი კოლეგისაგან განსხვავებით, რომელმაც ექსპერიმენტი სამეცნიერო საზოგადოებისაგან ფარულად და თან გაყალბებული დოკუმენტებით განახორციელა, დენის რებრიკოვი ვრცლად უყვება ჟურნალისტებს თავისი გეგმების თაობაზე და პირობას დებს, რომ მიაღწევს რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროში არსებული ეთიკის კომისიის ნებართვას ექსპერიმენტის ჩატარებაზე.

რამდენიმე თვის წინ, ივნისში, დენის რებრიკოვის გეგმების შესახებ სტატია ერთ-ერთმა რუსულმა სამეცნიერო ჟურნალმაც გამოქავეყნა, მეორე დღეს კი იმავე ჟურნალის ვებ-საიტზე რედაქციის განცხადება გამოქვეყნდა, რომელშიც მოწოდება გაისმა რუსეთში გენეტიკური ექსპერიმეტების შეჩერების თაობაზე. „სამეცნიერო საზოგადოებამ ამ საკითხს ყურადღება უნდა მიაქციოს და მასში ჩაერიოს“, - წერდნენ ავტორები და იქვე ხაზგასმით უთითებდნენ: „დრო არ იცდის“.

სტატიის გამოქვეყნებიდან ოთხი თვის შემდეგ დენის რებრიკოვმა მოასწრო და თავისი დაგეგმილი ექსპერიმენტის მიზანი კარდინალური შეცვალა, იპოვა და დაკარგა ექსპერიმენტის პოტენციური მონაწილეები, შეიძინა შეურიგებელი ოპოზიცია ტავის კოლეგებსა და  რუსეთის სამედიცინო-გენეტიკურ ცენტრში, მაგრამ დაპირებული თხოვნა ჯანდაცვის სამინისტროში არ წარუდგენია. სამაგიეროდ, რუსი გენეტიკოსის საქმიანობით ამერიკული სააგენტო „ბლუმბერგი“ დაინტერესდა, რომელიც ასეთ დასკვნამდე მივიდა: „საბოლოო გადაწყვეტილებას გენეტიკურად მოდიფიცირებული ბავშვების შექმნა-გაჩენაზე, როგორც ჩანს, პირადად ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიიღებს“.

მაინც რა არის ცნობილი დღეისათვის დენის რებრიკოვის გეგმებზე, რატომ იწვევს მისი განზრახვა რუსეთის სამეცნიერო წრეების წინააღმდეგობას და რა შუაშია ვლადიმერ პუტინი?

რა უნდა ბიოლოგ რებრიკოვს?

43 წლის დენის რებრიკოვი რუსეთის დიმიტრი პიროგოვის სახელობის ეროვნული კვლევითი უნივერსიტეტის პრორექტორი და მოსკოვის მიხეილ კულაკოვის სახელობის რედაქტირებული გენომის სამეცნიერო ცენტრის ლაბორატორიის ხელმძღვანელი გახლავთ. თავდაპირველად მისი გუნდი ცდილობდა იგივე პრობლემის გადაჭრას, რომელზედაც ჩინელი პროფესორი მუშაობდა - შეექმნა ისეთი ბაშვი, რომელიც არ დაავადდებოდა ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით, ჯერ კიდევ ჩანასახის მდგომარეობაში მყოფი - ამ მიზნით მას ერთ-ერთი გენის - CCR5-ის იმ ნაწილს ამოჰკვეთავდნენ, რომლის მეშვეობითაც ვირუსი უჯრედებს უერთდება.

ექსპერიმეტმა დადებითად ჩაიარა: დენის რებრიკოვმა და მისმა კოლეგებმა  თავიანთი წარმატებული ექსპერიმენტის შედეგები მანამდე გამოაქვეყნეს, სანამ ჩინელი პროფესორი  მსოფლიოს სენსაციას - ტყუპების ლულუსა და ნანას დაბადებას ამცნობდა. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ რუსი მეცნიერების ექსპერიმენტი ბავშვის დაბადებამდე არ მისულა.. თვითონ დენის რებრიკოვი ირწმუნება, რომ მათი მიზანი ბავშვის დაბადება არ ყოფილა, მათ მხოლოდ ის აჩვენეს, რომ გენის შეცვლა ხელოვნურად შესაძლებელია, თორემ მართლა ბავშვის გაჩენაზე რომ ეფიქრათ, ჩინელი პროფესორი რუსებს ვერანაირად დაასწრებდა და იმუნოდეფიციტის ვირუსგამძლე  პირველი ბავშვები სწორედ რუსეთში დაიბადებოდნენ და არა ჩინეთში. „ჩემს გუნდს სულ მარტივად და იოლად შეუძლია მსგავსი ბავშვის შექმნა, მაგრამ ჩვენ უბრალოდ, ამ მიზნისაკენ ნელ-ნელა მივდივართ, უსაფრთხოების ტექნოლოგიის მრავალგზისი შემოწმებით“, - ირწმუნებოდა დენის რებრიკოვი.

ივნისში მან კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი დაპირება, ამჯერად ჟურნალ Science-ში და განაცხადა, რომ უკვე მოილაპარაკა იმ ქალებთან, რომლებიც იმუნოდეფიციტის ვირუსით არიან დაავადებულნი, ექსპერიმენტში მონაწილეობის მისაღებად (თუმცა ეთიკის კომისიის ნებართვა ჯერ არ ჰქონდა). მაგრამ სულ რაღაც ორიოდე კვირის შემდეგ დენის რებრიკოვმა ყველასათვის მოულოდნელად განაცხადა, რომ მან ექსპერიმენტის მიზანი შეცვალა: ახლა საკითხი ეხება მემკვიდრეობითი სიყრუის თავიდან აცილებას, რომელიც გამოწვეულია გენ GJB2-ის მუტაციით. ემბრიონისათვის ამგვარი გენეტიკური მუტაციის გამოსწორებით დენის რებრიკოვს ყრუ მშობლებისათვის სიხარულის მინიჭება სურს, რომლებსაც ნორმალური სმენის მქონე ბავშვის დაბადება უნდათ.

საქმე იმაშია, რომ ჩინელი პროფესორის ექსპერიმენტის შედეგად ატეხილი სკანდალის გამო საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებამ ადამიანის დნმ-ის სავარაუდო შეცვლასთან დაკავშირებით მკაცრი წესები შეიმუშავa: „სამედიცინო პრობლემის გადაჭრა გენების შეცვლით დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა ეთიკურად მისაღები ალტერნატივა არ არსებობს“.

როგორც ცნობილია, ბავშვს რომ იმუნოდეფიციტის ვირუსი (და სხვა მემკვიდრეობითი დაავადებები) არ გადაეცეს, ამისათვის გენური ინჟინერიის გამოყენება აუცილებელი არ არის - უბრალოდ, საჭიროა მშობლები (ერთ-ერთი მაინც) ჯანმრთელნი იყვნენ. შესაბამისად, ემბრიონიც ნორმალური იქნება (არსებობს შერჩევის მეთოდი). სწორედ ეს იყო ჩინელი პროფესორის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულების მიზეზი, რომ ის ყველა შემთხვევაში მხოლოდ გენურ ინჟინერიას აძლევდა უპირატესობას.

მაგრამ თუ GJB2 გენი ორივე მშობელს დაზიანებული აქვს, ვთქვათ, სიყრუის დროს, მაშინ მათ ნორმალური სმენის მქონე ბავშვის გაჩენაში მხოლოდ გენური ინჟინერია თუ დაეხმარება. ასე რომ, დენის რებრიკოვისათვის ასეთ სიტუაციაში ექსპერიმენტის ჩატარებაში ხელის შეშლა რთული იქნება.

ვის და რატომ სურს რებრიკოვისთვის ხელის შეშლა?

გენეტიკურად მოდიფიცირებული ბავშვების დაბადების წინააღმდეგ თითქმის მთელი მსოფლიოს სამეცნიერო საზოგადოება გამოდის - როგორც პრაქტიკული (ჩვენ ჯერ არ შეგვიძლია გრძელვადიანი პროგნოზირება მოსალოდნელი ნეგატიური შედეგების თაობაზე ასეთი ჩარევის შედეგად), ასევე ეთიკური მოსაზრებით.

სწორედ ამიტომ ატარებდა პროფესორი ხე ძიანკუი თავის ექსპერიმენტებს ფარულად. როცა ცნობილი გახდა მისი საქმიანობა, მას დაუყონებლივ განუდგნენ კოლეგები როგორც კლინიკაში, ასევე უნივერსიტეტში, ქვეყნის ხელისუფლებამ კი ჩინელი პროფესორი სამუშაოებს ჩამოაშორა და საბოლოოდ მართლმსაჯულებამ შინაპატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით მსოფლიოს წამყვანმა მეცნიერ-გენეტიკოსებმა ერთობლივი წერილი გამოაქვეყნეს, რომელშიც კატეგორიულადაა დაგმობილი ხე ძიანკუის ექსპერიმენტები.

ბევრი სამეცნიერო და სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლებმა მოუწოდეს ყველა კოლეგას, რომ შემოღებული იქნეს საერთაშორისო მორატორიუმი მსგავსი კლინიკური კვლევებისა და ბავშვების დაბადებაზე შეცვლილი დნმ-ით. სხვათა შორის, დენის რებრიკოვმა სწორედ იმ პროტესტებისა და დაგმობის ჟამს განაცხადა, რომ მას შურს ჩინელი პროფესორის გამბედაობისა და რომ მას ძალიან აფასებს - „ხე ძიანკუიმ პირველმა გამოიწვია ცეცხლი თავის თავზე და ჩვენ გზა გაგვიკვალა“.

კრიტიკის ნაკადის შემდეგ დენის რებრიკოვმა განაცხადა, რომ „პროგრესს ნეგატიური პოზიციით ვერავინ ვერ შეაჩერებსო, თუმცა, როგორც უკვე ითქვა, მან მაინც გადაწყვიტა ჯანდაცვის სამინისტროსათვის მიემართა ნებართვის აღების მიზნით: „რუსეთი კარგი ქვეყანაა მსგავსი ექსპერიმენტებისათვის - ის არ არის ძალიან დემოკრატიული - პოლიტიკური გაგებით და მით უმეტეს - მეცნიერების სფეროშიო“, - ამბობდა ბიოლოგი.

ამის შემდეგ დენის რებრიკოვის წინააღმდეგ ბრძოლაში რუსი კოლეგები ჩაერთვნენ: სექტემბრის შუა რიცხვებში სამედიცინო-გენეტიკური ცენტრის  დირექტორმა სერგეი კუცევმა განაცხადა, რომ ამზადებს მიმართვას ჯანდაცვის სამინისტროსა და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მიმართ თხოვნით, რომ შემოღებული იქნას მორატორიუმი „ამორალურ გენეტიკურ ექსპერიმენტებზე“ ადამიანის ემბრიონებთან დაკავშირებით, რაც, მისი აზრით, ადამიანებზე სამედიცინო ცდების ჩატარების ტოლფასია.

მოგვიანებით დენის რებრიკოვს ექსპერიმეტში მონაწილეების მიმართ პრობლემები გაუჩნდა: ოჯახმა, რომელიც თავდაპირველად მასში მონაწილეობაზე დათანხმდა, შემდგომში უარი განაცხადა - ქალმა ბავშვის ჩასახვა-დაბადება გაურკვეველი დროით გადადო.

რა შუაშია ვლადიმერ პუტინი?

სააგენტო „ბლუმბერგი“ შეეცადა გაერკვია, თუ ვის შეუძლია საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება ამ მნიშვნელოვან საკითხზე და რამდენად სავარაუდოა, რომ დენის რებრიკოვის ექსპერიმენტებს „მწვანე შუქს აუნთებენ“. „ბლუმბერგის“ კვლევის შედეგები მოულოდნელი აღმოჩნდა.

როგორც სააგენტო აცხადებს, დაახლოებით ორი თვის წინ, ივლისის ბოლოს, რამდენიმე ცნობილმა რუსმა მეცნიერ-გენეტიკოსმა (რებრიკოვის მომხრეებმა და მოწინააღმდეგეებმა) მოსკოვის სამხრეთით „საიდუმლო შეხვედრა“ გამართა, რომელზეც თითქოს მარია ვორონცოვა - პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის უფროსი ქალიშვილი ესწრებოდა.

 „იცოდნენ რა ის გარემოება, რომ მხოლოდ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეუძლია გადაწყვეტილების მიღება იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება დარეგულირდეს რუსეთში ახალი ტექნოლოგიები ცოცხალი უჯრედის გენეტიკური კოდის შეცვლის მიზნით, გენეტიკოსებს დენის რებრიკოვის განზრახვის მიმართ თავიანთი წინააღმდეგობრივი დამოკიდებულების დაფიქსირება მარია ვორონცოვას წინაშე სურდათ: ვლადიმერ პუტინის ქალიშვილის ხედვები ბიოეთიკის საკითხებში სულ უფრო მეტ წონას იძენს“, - წერს „ბლუმბერგი“ საიდუმლო შეხვედრის სამი მონაწილის ნათქვამზე დაყრდნობით.

მარია ვორონცოვა განათლებით ექიმია და მოსკოვის მ.ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფუნდამენტური მედიცინის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული სპეციალობით „სამკურნალო საქმე“, თუმცა მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანი, ალბათ, ის გარემოება უფრო არის, რომ იგი კომპანია „ნომეკოს“ თანამფლობელია და დირექტორთა საბჭოს წევრიც. „ნომეკო“ მაღალტექნოლოგიური სამედიცინო კომპლექსს წარმოადგენს, რომელიც რუსეთის ჯანდაცვის სფეროში უდიდესი კერძო საინვესტიციო პროექტების რეალიზაციაში მონაწილეობს.

დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრა სამ საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა. დენის რებრიკოვის მომხრეთა თქმით, მათ ისეთი შთაბეჭდილება დარჩათ, რომ მარია ვორონცოვა მზად არის ექსპერიმენტების მხარდასაჭერად. მართალია, მას არც „ჰო“ უთქვამს და არც „არა“, მაგრამ დატანხმდა იმას, რომ სამეცნიერო პროგრესის შეჩერება შეუძლებელია, ხოლო ისეთი სერიოზული საკითხი, როგორიც ადამიანის დნმ-ის რედაქტირებაა (შეცვლაა), არ სეიძლება კერძო ორგანიზაციებს ჩაუვარდეთ ხელში - ასეთი საქმით მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებები უნდა იქნენ დაკავებული, მაქსიმალური კონტროლის ქვეშ.

„ბლუმბერგი“ შეეცადა ამ ინფორმაციის დადასტურების მიღებას, მაგრამ სააგენტოს კითხვები ყველა ინსტანციის მიმართ უპასუხოდ დარჩა. თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ დნმ-ის რედაქტირება „საპრეზიდენტო საკითხი არ არის“. რაც შეეხება ჯანდაცვის მინისტრს ვერონიკა სკვორცოვას, მან კითხვაზე - მიიღებს თუ არა დენის რებრიკოვი ნებართვას ექსპერიმენტის ჩატარებაზე, ჟურნალისტებს დაპირდა, რომ „ამ ძალიან რთულ საკითხზე ეთიკის კომისია იმსჯელებსო“.

სააგენტოს ერთ-ერთმა წყარომ, რომელიც მარია ვორონცოვასთან გენეტიკოსების შეხვედრას ესწრებოდა, პოზიტიური განწყობა გამოხატა: მას იმედი აქვს, რომ დნმ-ის რედაქტირების ტექნოლოგია ისეთ ფართო პოტენციურ შესაძლებლობების მქონეა, რომ რა თქმა უნდა, ამ საკითხზე გადაწყვეტილებას მხოლოდ პირადად ვლადიმერ პუტინი მიიღებს.

გავიხსენოთ, რას ამბობდა ჯერ კიდევ 2017 წელს რუსეთის პრეზიდენტი: ადამიანის შექმნა წინასწარ ხელოვნურად შედგენილი მახასიათებლებით უკვე უახლოეს მომავალში გახდება შესაძლებელი და ეს შეიძლება ბირთვულ ბომბზე უარესი იყოსო“.

 

წყარო: https://www.bbc.com/russian/features-49883302