„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული გიორგი ჭაუჭიძე გახდა

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული გიორგი ჭაუჭიძე გახდა

თბილისში „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2019“-ის გამარჯვებული დაასახელეს. წელს საპატიო ჯილდოს მფლობელი გიორგი ჭაუჭიძე გახდა. ის ხუთ ფინალისტს შორის აარჩიეს, რომელიც მარნეულის 2-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია.

გამარჯვებულს ჯილდო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა გადასცა.

საუკეთესო ხუთეულში ასევე მოხვდნენ: დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშავერას სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგი თამარ ადამია, ბათუმის 3-ე საჯარო სკოლის ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებელი მაია მენაბდე, სკოლა-ლიცეუმ „პრომეთეს“ გეოგრაფიის მასწავლებელი ქეთინო მერაბიშვილი, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის და ტექნოლოგიები პედაგოგი ნათია კურტანიძე.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ გლობალური კამპანია "The Global Teacher Prize" ნაწილია, რომლის მიზანიც წარმატებული მასწავლებლების გამოვლენა, საზოგადოებისთვის მათი წარდგენა და პროფესიის პოპულარიზაციაა.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ კოალიცია „განათლება ყველასათვის - საქართველოს“, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და განათლების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 31 მაისს დაწესდა. კონკურსანტთა შერჩევის პროცესს 18 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური წარმართავს.