კურსი მუდამ აღმოსავლეთისაკენ - გერმანელი ჟურნალისტის კავკასიური შთაბეჭდილებები

კურსი მუდამ აღმოსავლეთისაკენ - გერმანელი ჟურნალისტის კავკასიური შთაბეჭდილებები

გერმანულ გაზეთ Augsburger Allgemeine Zeitung-ში (გამოდის ქალაქ აუგსბურგში, შვაბეთის რეგიონის მთავარ ქალაქში) გამოქვეყნებულ სტატიაში გადმოცემულია გერმანელი ჟურნალისტის ბასტიან ზიუნკელის შთაბეჭდილებები კავკასიაში მოგზაურობის შესახებ. სტატიის ავტორი მკითხველს საქართველოში ნანახსა და მოსმენილსაც უზიარებს.

„ოდესღაც, როცა უფალი ადამიანებს ცხვირებს ურიგებდა, პირველი რიგში, ალბათ, რუსი იდგა. ჰოდა, ღმერთმა რომელიღაც ისტორიამდელ უცხვირო რუსს ჰკითხა, „როგორი ცხვირი გსურსო შენი ხალხისთვის“. რუსმა უპასუხა: „უფალო, შენც ხომ იცი, როგორ გვიყვარს არყის სმა? ამიტომ ისეთი ცხვირი მოგვეცი, რომელიც დალევის დროს ჭიქის ძირს არ მიებჯინოს“. უფალმა თითები გაატკაცუნა და რუსმაც ისეთი ცხვირი მიიღო, რომელიც არყის სმაში ხელს არ შეუშლიდა - ბოლო ცოტათი მაღლა ჰქონდა აბზეკილი.

ცხვირების რიგში მეორე ქართველი იყო: „უფალო, ხომ იცი, ჩვენ მაღალი მთები გვიყვარს, კავკასიის მთები...“. ღმერთმა ლაპარაკი შეაწყვეტინა: „ასეც ვიცოდი“. თითები გაატკაცუნა და იმ დღიდან ქართველებს ისეთი ცხვირები აქვთ, რომლის შემხედვარე მთები გაგახსენდებათ.

რიგში მომდევნო სომეხი იდგა. უფალი ეკითხება: „აბა, როგორი ცხვირი...“. სომეხმა შეაწყვეტინა: „ცხვირის ზომა ფულზეა დამოკიდებული? რამდენი გადავიხადო?“. „ცხვირი უფასოა. მე ხომ ღმერთი ვარ“. „კარგი, მაშინ ყველაზე დიდი ცხვირი მომეცი“. სწორედ ამიტომ აქვთ სომხებს დიდი ცხვირები“ - ასეთი სახუმარო ანეკდოტით იწყება სტატია, რომელიც ავტორმა ერევანში მოისმინა ექსკურსიამძღოლ ვაკოსაგან: „მე და ვაკო ბარში ვისხედით. მას სურდა სიტუაცია ცოტა გაეხალისებინა პოლიტიკაზე საუბრის შემდეგ. სომხეთს უამრავი პრობლემა აქვს - მთიანი ყარაბაღი, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, „ფერადი რევოლუცია“, რომელსაც მოსახლეობისათვის პრაქტიკულად არაფერი მოუტანია...“.

როგორც ავტორი აღნიშნავს, მან კავკასიაში ყოფნისას რამდენიმე მომენტი შენიშნა:

პირველი - ქართველები და სომხები ხშირად ეძებენ ერთმანეთისთვის იდენტურ ნიშნებს (კულტურულ და გეოგრაფიულ საფუძველზე) და ასეთ სიტუაციებში ლეგენდებით სარგებლობენ. ამის ტენდენცია ადრეც იყო, მაგრამ  განსაკუთრებით გაძლიერდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ; საქართველოშიც ბევრ ანეკდოტებს ჰყვებიან სომხებზე და ამბობენ, რომ მათ ქართული კულტურის ტრადიციების მითვისება სურთ, მაგალითად საჭმელების მომზადებაში. თავის მხრივ სომხები აცხადებენ, რომ ქართველები ცდილობენ სომხური ეპოსი თავიანთი ეროვნული ეპოსად გაასაღონ... მოკლედ, უცხოელი ტურისტისათვის ასეთი დავა უფრო მეტად შეყვარებულების „ჩხუბს“ ჰგავს.

მეორე - მაშინ, როცა სომხები და ქართველები ერთმანეთის მიმართ ხშირად ხუმრობენ, ასე არასოდეს არ აკეთებენ რეგიონის სხვა ქვეყნების - აზერბაიჯანისა და თურქეთის მიმართ [რომლებიც სომხებს მტრებად მიაჩნიათ]. აზერბაიჯანთან სომხეთს ტერიტორიული კონფლიქტი აქვს მთიანი ყარაბაღის გამო, ხოლო თურქეთთან - გენოციდის პრობლემა, რომლის აღიარება ანკარას არ სურს.

მესამე - რუსების მიმართ ქართველებს უფრო ცუდი დამოკიდებულება აქვთ, ვიდრე სომხებს: რომელიმე ქართული ქალაქის ქუჩებში რომ გაიაროთ, იქ რუს ტურისტებთან ერთად ავტომანქანების გვერდებზე და ელექტროგანათების ბოძებზე გაკრულ ანტისუსულ მოწოდებებს დაინახავთ (რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახით), სომხები კი, ხელისუფლების შეცვლის მიუხედავად, რუსეთთან კეთილ დამოკიდებულებას ეჭვქვეშ არ აყენებენ.

სტატიაში გადმოცემულია გორში ყოფნის შთაბეჭდილებებიც:

„ჩემმა ქართველმა გიდმა ჟანამ მითხრა, რომ მას უნდა გორი იოსებ სტალინის გარეშე მაჩვენოს, თუმცა ეს რთული საქმეა, რადგან გორში ძალიან ბევრი რამ სწორედ იოსებ სტალინთანაა დაკავშირებული - მისი ძველი სახლი, რომელიც ქვისაგან აგებულ რუსულ „მატრიოშკას“ ჰგავს; ვაგონი, რომლითაც სტალინი მგზავრობდა; მაღაზია, სადაც ყოფილი საბჭოთა ლიდერის სურათები და სტატუეტები იყიდება...

საქართველო დღეს დასავლეთზეა ორიენტირებული, ამიტომ ამ ფონზე სტალინის მუზეუმი უკვე ისტორიულ ანეკდოტს თუ გადმონაშთს მოგვაგონებს. ჟანა მეუბნება, რომ მას გორი უფრო მეტად ფრონტისწინა ქალაქს ახსენებს, 2008 წლის დროინდელს, როცა აქ რუსეთთან ომის შედეგად ბევრი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ჰოლანდიელი ჟურნალისტი. გიდი გამომიტყდა, რომ მას რუსეთის მიმართ ნეგატიური პოზიცია აქვს: 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთი თავის მიერ კონტროლირებად ტერიტორიას თანდათან აფართოებს და „საზღვარს“ წინ სწევს. დღეს „საზღვარი“ გორიდან რამდენიმე კილომეტრზეა. კრემლი უარყოფს საქართველოს საპროტესტო განცხადებებს. ჟანა მიყვება, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ხელისუფლება შეეცადა, რომ სტალინის სახლ-მუზეუმი „რუსეთის აგრესიის მუზეუმად“ გადაეკეტებინა, მაგრამ გეგმები არ განხორციელდა. საქართველო იოსებ სტალინის მიმართ შერეულ გრძნობებს განიცდის - სიყვარულსაც და სიძულვილსაც: ერთნი ამაყები არიან იმით, რომ „ქართველი კაცი ასეთი ცნობილი გახდა და მთელს მსოფლიოს აზანზარებდა“, მეორეებს კი ბელადი სძულთ და მის თაყვანისმცემლებს „ახლომხედველებს“ უწოდებენ. ქართული მასმედიის მონაცემებით, 2018 წელს სახლ-მუზეუმი დაახლოებით 160 ათასმა ადამიანმა დაათვალიერა, ტურისტების  რაოდენობა კი ყოველწლიურად მატულობს. დამთვალიერებელთა უმეტესობა რუსეთიდან, ჩინეთიდან და ირანიდან არიან.

ჩემი გიდი გორში მაჩვენებს ძველ ციხე-სიმაგრეს, ქრისტიანულ ეკლესიებს და სინაგოგას, რაც ისტორიული თვალსაზრისით საკმაოდ თავისებურ ეთნოგრაფიულ კოლექციას წარმოადგენს და ქვეყნის იმ წარსულზე მოგვითხრობს, რომელიც იოსებ სტალინამდე დიდი ხნით ადრე არსებობდა“, - აღნიშნავს ავტორი სტატიის დასასრულს.

წყარო:

https://www.augsburger-allgemeine.de/geld-leben/reise/Immer-ostwaerts-Im-Kaukasus-der-Nase-nach-unterwegs-id55583721.html