უკრაინის უმაღლეს რადაში მმართველი კოალიცია დაიშალა

უკრაინის უმაღლეს რადაში მმართველი კოალიცია დაიშალა

უკრაინის უმაღლეს რადაში მმართველი კოალიცია „ევროპული უკრაინა“ დაიშალა.

უკრაინული მედიის ცნობით, საპარლამენტო კოალიციდან ფრაქცია „სახალხო ფრონტი“ გავიდა. ახალი კოალიციის ჩამოსაყალიბებლად დეპუტატებს 30-დღიანი ვადა აქვთ.

როგორც ფრაქცია „სახალხო ფრონტის“ ლიდერმა, მაქსიმ ბურბაკმა განაცხადა, ქვეყანაში შექმნილი ახალი გარემოებები ძალთა მაქსიმალურ კონსოლიდაციას მოითხოვს, რისთვისაც საჭიროა ახალი პრეზიდენტი, ახალი პარლამენტი და ახალი კოალიცია:          

„სწორედ ამიტომ, ჩვენ ვაცხადებთ მოქმედი კოალიციიდან გასვლის შესახებ. ვაცხადებთ 2019 წლის 17 მაისიდან კოალიცის საქმიანობის შეწყვეტისა და ახალი დღის წესრიგით ახალი კოალიციის ჩამოყალიბების ინიციატივის შესახებ“.      

„სახალხო ფრონტი“ რადაში წარმოდგენილ ყველა ფრაქციას ახალი კოალიციის შეთანხმების მისაღწევად კონსულტაციების დაწყებისკენ მოუწოდებს. „სახალხო ფრონტში“ მიიჩნევენ, რომ ახალი კოალიცია ახალი სამოქმედო გეგმის საფუძველზე უნდა ჩამოყალიბდეს.

მაქსიმ ბურბაკის განცხადებით, უახლოესი ნახევარი წლის განმავლობაში უკრაინელები ახალარჩეული პრეზიდენტისა და ახალი პარლამენტისგან გადამწყვეტ ნაბიჯებსა და ცვლილებებს ელოდებიან.

„სახალხო ფრონტის“ გადაწყვეტილების შედეგად, უკრაინის ახალი პრეზიდენტი ვეღარ დაითხოვს უმაღლეს რადას, ვინაიდან პარლამენტის დათხოვნა 27 მაისამდეა შესაძლებელი. ამგვარად, მერვე მოწვევის რადა მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე, 2019 წლის 27 ოქტომბრამდე იმუშავებს