ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის „მასტერსის“ მერვედფინალშია

ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის „მასტერსის“ მერვედფინალშია

სეზონის ბოლოსწინა „მასტერსზე“, რომელიც ჩინეთის ქალაქ შანხაიში იმართება, მეორე წრე დაიწყო. ამ ეტაპზე ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე იყო მსოფლიოს 23-ე ჩოგანი, ფრანგი ბენუა პერი. მათი შეხვედრა საათი და 40 წუთი გაგრძელდა და ქართველმა სამ სეტში გაიმარჯვა – 6:4, 1:6, 6:1.

პირველ სეტში ჩოგბურთელებს თითო ბრეიკ-პოინტი ჰქონდათ. ჯერ ეს შანსი პერს გაუჩნდა მეორე გეიმში და ვერ გამოიყენა, ბასილაშვილმა კი მეშვიდე გეიმში მიიღო მეტოქის მოწოდების მოგების შესაძლებლობა და ის ხელიდან არ გაუშვა. ეს საკმარისი აღმოჩნდა პირველი პარტიის მოსაგებად.

საინტერესოა, რომ მეორე სეტში ქართველ ჩოგბურთელს ფრანგზე მეტი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ 1:6 განადგურდა. პერმა პირველი ბრეიკი მეოთხე გეიმში შეასრულა. მომდევნო გეიმში ბასილაშვილმა სამი ბრეიკ-პოინტი გაანიავა და უკუბრეიკი ვერ შეასრულა, რის შემდეგაც კიდევ ერთხელ დათმო საკუთარი მოწოდება და შემდეგ ფრანგმა სეტზე ჩააწოდა.

მესამე სეტის პირველი გეიმი ბასილაშვილმა საკუთარ მოწოდებაზე მოიგო, მეორე გეიმში 30:30-ზე კი მატჩი წვიმის გამო შეწყდა. პაუზა დაახლოებით ნახევარი საათი გაგრძელდა. თამაშის განახლების შემდეგ, ნიკამ ზედიზედ ორი ქულა აიღო და ბრეიკი შეასრულა. ამ პარტიაში ქართველს ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდა – მის გეიმებში ბრძოლა პრაქტიკულად არ იყო, სეტის მიწურულს კი ნიკამ კიდევ ერთხელ აიღო მეტოქის მოწოდება და მატჩზეც ჩააწოდა.

ბასილაშვილის მეტოქე მერვედფინალში მეოთხე ნომრად განთესილი დომინიკ ტიმისა და ესპანელი პაბლო კარენო ბუსტას მატჩში გაირკვევა.