ომბუდსმენი: მოსამართლეობის სამი კანდიდატის დიპლომი ვერ აკმაყოფილებს სათანადო მოთხოვნებს

ომბუდსმენი: მოსამართლეობის სამი კანდიდატის დიპლომი ვერ აკმაყოფილებს სათანადო მოთხოვნებს

სახალხო დამცველი უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატთაგან 3-ის იურიდიული განათლების მოთხოვნასთან შესაბამისობას ეჭვქვეშ აყენებს. ეს კანდიდატები არიან გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ზაზა თავაძე და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მირანდა ერემაძე.

კანონის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი საკმარისი არ არის და მათ მოეთხოვებათ უმაღლესი იურიდიული განათლება არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით.

სახალხო დამცველის მიერ მომზადებულ ანგარიშში - „საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩევის მონიტორინგის ანგარიში“ - აღნიშნულია, რომ საკანონმდებლო მოთხოვნასთან პირის შესაბამისობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს პროცესის საწყის ეტაპზევე უნდა დაედგინა და ამის გათვალისწინებით დაერეგისტრირებინა კანდიდატად. ამის მიუხედავად კი აღმოჩნდა, რომ 50 კაცისაგან შემდგარ სიაშიც და პარლამენტში წარდგენილ 20-კაციან სიაშიც არიან პირები, რომელთა უმაღლესი იურიდიული განათლების შესაბამისობა მოთხოვნებთან კითხვებს ბადებს:

„კერძოდ, ამ ეტაპზე სახალხო დამცველის აპარატმა 50 კანდიდატისაგან შემდგარ სიაში გამოკვეთა 5 ასეთი კანდიდატი. მათგან 3 კანდიდატი (ზაზა თავაძე, შალვა თადუმაძე, მირანდა ერემაძე) პარლამენტისათვის წარდგენილ პირთა შორის ფიგურირებს.

ზაზა თავაძის შემთხვევაში კანდიდატის მიერ შერჩევის პროცესში წარდგენილი და ჩვენ მიერ მოპოვებული ოფიციალური დოკუმენტაციით ცალსახად დასტურდება, რომ მის მიერ მიღებული უმაღლესი იურიდიული განათლება ვერ აკმაყოფილებს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნას.

შალვა თადუმაძის შემთხვევაში, თავად კანდიდატის მიერ შერჩევის პროცესში წარმოდგენილი და ასევე სახალხო დამცველის აპარატის ხელთ არსებული დოკუმენტაცია ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას შეიცავს და აჩენს სერიოზულ კითხვებს მის მიერ მიღებული უმაღლესი იურიდიული განათლების თაობაზე.

მირანდა ერემაძის შემთხვევაში კი იკვეთება, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე (რომლის დასაბუთებაც სახალხო დამცველის მიერ კრიტიკულად არის შეფასებული), 1991-1995 წლებში ჯამბაკურ ბაქრაძის სახელობის თბილისის სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტში 4-წლიანი სწავლების შედეგად, მას მიენიჭა მაგისტრის ხარისხი ერთდროულად ორივე პროფესიაში, როგორც იურისტსა და როგორც ეკონომისტს, რაც წინააღმდეგობაშია მოქმედ კანონთან და საგანმანათლებლო სისტემის ძირითად პრინციპებთან“, - აღნიშნულია საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩევის მონიტორინგის შედეგებს ასახავს.