პატიმრის თვითმკვლელობის საქმეზე ქუთაისის ციხის თანამშრომელს ბრალი წაუყენეს

პატიმრის თვითმკვლელობის საქმეზე ქუთაისის ციხის თანამშრომელს ბრალი წაუყენეს

იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა ქუთაისის დაწესებულებაში მომხდარი სუიციდის საქმეზე თანამშრომელს ბრალი წაუყენა - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში 2019 წლის 01 ოქტომბერს გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის №073011019001 საქმეზე, ქუთაისის №2 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული ბრალდებული გ.წ.-ს თვითმკვლელობამდე მიყვანისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის მიერ სამსახურში დადგენილი წესის არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილი და 3421-ე მუხლის მეორე ნაწილი).

„საქმეზე წარმოებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილ იქნა, რომ 2019 წლის 01 ოქტომბერს, ქუთაისის №2 პენიტენციურ დაწესებულებაში მომუშავე, ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის სამმართველოს ინსპექტორმა ქ-ნმა ნ.-მ სამსახურებრივი მოვალეობა შეასრულა არაჯეროვნად. კერძოდ, ხელისშემშლელი გარემოებების არარსებობის მიუხედავად, ინსპექტორმა არ განახორციელა სათვალთვალო მონიტორების სათანადო კონტროლი, რის გამოც მას თვალთახედვის არიდან გამორჩა ბრალდებულის მიერ ცხაურზე თავის დაკიდების ფაქტი და ამის შესახებ დახმარების აღმოჩენაზე პასუხისმგებელ თანამშრომლებს შეატყობინა 40 წუთის დაგვიანებით. ინსპექტორის ქმედებას შედეგად მოჰყვა ბრალდებული გ.წ.-ს გარდაცვალება.

ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, 2019 წლის 08 ოქტომბერს, ქ-ნი ნ. ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3421-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე. პენიტენციური სამსახურის ინსპექტორი, რომელსაც ბრალი მისი ადვოკატის თანდასწრებით წარედგინა, დანაშაულს აღიარებს"- ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

28 სექტემბერს, გიორგი წურწუმიამ ძმას ცივი იარაღით გულმკერდის არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევიდან რამდენიმე საათში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააკავეს. 30 სექტემბერს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 1 ოქტომბერს ბრალდებულმა პენიტენციურ დაწესებულებაში საკნის სარკმლის ცხაურზე, ზეწრის გამოყენებით თავი ჩამოიხრჩო.