ვინ დაწერა „დიდოსტატის მარჯვენა“ არ ვიცი - შალვა თადუმაძე

ვინ დაწერა „დიდოსტატის მარჯვენა“ არ ვიცი - შალვა თადუმაძე

გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის კითხვაზე, ვინ დაწერა „დიდოსტატის მარჯვენა“, უპასუხა, რომ არ იცის.

„ახლა ვციტირებ თქვენს ფრთოსან სიტყვებს: „როგორც ყველა ქართველს, მეც მეზიზღება ის ჯალათი, რომელმაც პირველი საკათედრო ტაძრის აღმშენებელს მარჯვენა მოკვეთა. მსგავსი რამ ახლა არ უნდა განმეორდეს“. დიდოსტატის მარჯვენა ვინ დაწერა?“, - მიმართა გოცირიძემ შალვა თადუმაძეს, რაზეც გენერალურმა პროკურორმა უპასუხა: „არ ვიცი“.

ამის შემდეგ გოცირიძე დაინტერესდა ამ ფრაზაში „რა მარჯვენაზეა საუბარი, ვის მოკვეთეს მარჯვენა მაშინ და ვის მოკვეთეს მარჯვენა დღეს“.

„ჩემგან გინდათ პასუხები ისეთ რაღაცებზე, რომლის კითხვებიც თქვენ არ იცით? ეგ ციტატა არის ამოღებული ისეთი საკითხიდან, რომელსაც წინ უსწრებდა მსჯელობა. ჯერ ერთი მე და თქვენ რომ ვილაპარაკოთ წარმატებული ადვოკატის საადვოკატო გამოსვლაზე, მგონი ძალიან უხერხული იქნება ჩემი მხრიდან. ეს არის საადვოკატო საქმიანობის დროს, სასამართლო დარბაზში ნათქვამი რეპლიკა, რომლის საბოლოო წინადადება არის ამოღებული. ეს რეპლიკა დაახლოებით ერთ ფურცლიანია და იქ მიდის მსჯელობა. თქვენ თუ გინდათ მე შემიმოწმოთ სასამართლო დარბაზში როგორ გამოვდიოდი, არ გამოგივათ, რადგან კარგად გამოვდიოდი“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ გაუმეორა შეკითხვა, თუ ვის გულისხმობდა მის ფრაზაში, რაზეც თადუმაძემ განმარტა, რომ „გულისხმობდა მოსამართლეს, რომელიც იქცეოდა როგორც ჯალათი“.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის რიგით მე-8 კანდიდატს, მოქმედ გენერალურ პროკურორს შალვა თადუმაძეს უსმენენ.