საქართველოსა და აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა ნოემბერში გაიმართება

საქართველოსა და აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა ნოემბერში გაიმართება

აზერბაიჯანი და საქართველო ნდობით აღჭურვილი ძლიერი ეკონომიკური პარტნიორები არიან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომელმა მთავრობის სხდომაზე დღეს აზერბაიჯანში გამართული ვიზიტი შეაჯამა.

მან აზერბაიჯანისა და საქარველოს პარტნიორობაზე ისაუბრა.

„გუშინ გვქონდა ვიზიტი ბაქოში და არ იყო შემთხვევითი, როდესაც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება პირველი ვიზიტი ჩაგვეტარებინა სწორედ აზერბაიჯანში. მოგეხსენებათ, ჩვენ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა გაცდა უკვე არამხოლოდ ორმხრივ განზომილებას, არამედ რეგიონულსაც და მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონტექსტი შეიძინა. ყველას კარგად გვესმის, რომ ეს თანამშრომლობა უნდა იყოს ეფექტიანი, შედეგიანი და გამომდინარეობდეს ჩვენი ქვეყნების ინტერესებიდან. განსაკუთრებით დღეს, მოვლენების ფონზე, რომელიც ხდება რეგიონში, უაღრესად მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ეფექტიანი თანამშრომლობა, სიმშვიდის, სტაბილურობის და უსაფრთხოების გარანტირების მიზნით“, – აღნიშნა პრემიერმა.

ამასთან, მისი თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობას აქვს ძალზედ მნიშვნელოვანი ეკონომიკური განზომილება.

„აზერბაიჯანი და საქართველო ნდობით აღჭურვილი ძლიერი ეკონომიკური პარტნიორები არიან ერთმანეთის და შესაბამისად, ენერგომატარებლების, ტრანსპორტის და სხვა განზომილებებში ჩვენი თანამშრომლობა საერთაშორისო მნიშვნელობას იძენს. გარდა ამისა, ჩვენ განვიხილეთ ეკონომიკური თანამშრომლობის ისეთი მნიშვნელოვანი სფეროები როგორიც არის ვაჭრობა, ტრანსპორტი, ურთიერთინვესტიციები და ასე შემდეგ“, – აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი გახარიას ინფორმაციით, დაიგეგმა კონკრეტული ნაბიჯები და ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა ნოემბერში გაიმართება.

„ასევე დავგეგმეთ კონკრეტული ნაბიჯები. ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა არ შემდგარა ბოლო 10 წლის განმავლობაში, თუ არ ვცდები. პირველი ნაბიჯი, რომელიც იქნება, ნოემბრის მეორე ნახევარში კომისია შედგება, რაც ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობის დახვეწისა და გაზრდის ფუნდამენტი და ეფექტიანი ინსტრუმენტი უნდა გახდეს“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პრემიერის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტით გუშინ აზერბაიჯანში იმყოფებოდა.