ვერავინ დააყენებს ათასობით პოლიციელის ღირსებას კითხვის ნიშნის ქვეშ ერთეული შემთხვევების გამო - გიორგი გახარია

ვერავინ დააყენებს ათასობით პოლიციელის ღირსებას კითხვის ნიშნის ქვეშ ერთეული შემთხვევების გამო - გიორგი გახარია

ერთეული შემთხვევები ვერ მიაყენებს ჩრდილს 40 000 ადამიანს, რომელიც ღირსეულად ემსახურება ამ ქვეყანას და სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენების ფასად იცავს მოქალაქეთა ჯანმრთელობას, საკუთრებას და მის ღირსებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე, მკვლელობის საქმეზე პოლიციელების დაკავების ფაქტზე საუბრისას განაცხადა.

„მინდა, შევეხო ბოლო კვირის განმავლობაში მძიმე შემთხვევას, როდესაც მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილ ხუთ ადამიანს შორის ორი აღმოჩნდა პოლიციის თანამშრომელი. რა თქმა უნდა, ეს არის უაღრესად მძიმე აღსაქმელი, ეს არის მძიმე კომპონენტი, მძიმე შედეგი, მაგრამ ჩვენ ასევე უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ, ერთეული შემთხვევები ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მიაყენებს ჩრდილს 40 000 ადამიანს, რომელიც ღირსეულად ემსახურება ამ ქვეყანას და თავისი სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენების ფასად იცავს ჩვენი თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობას, საკუთრებას და მის ღირსებას“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, პოლიციელის მხრიდან დანაშაულის დადასტურებულად ჩადენის შემთხვევაში მიდგომა იქნება დაუნდობელი.

„ასევე, უნდა გვესმოდეს ისიც, ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ როდესაც დადასტურებულად გვექნება ფაქტი, რომ სამართალდამცველი თავისი კოლეგების, მთლიანად სისტემის ინტერესების გათვალისწინების გარეშე ჩაიდენს დანაშაულს, ჩვენ ბევრჯერ უფრო მკაცრები ვიქნებით და ჩვენი მიდგომა იქნება აბსოლუტურად დაუნდობელი და შეურიგებელი, რამეთუ ვერასოდეს ვერავინ დააყენებს ათასობით პოლიციელის, კეთილსინდისიერი პოლიციელის ყოველდღიურ საქმიანობას და ღირსებას კითხვის ნიშნის ქვეშ ერთეული შემთხვევების გამო. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ერთეულ შემთხვევებსაც არ უნდა შევურიგდეთ და სწორედ ამიტომ არის შსს-ში დაწყებული ის რეფორმები, რომელსაც ჰქვია სისტემური განახლება და სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, რომ ჩვენ ფასეულობების დონეზე პოლიციაში შევცვალოთ როგორც მიდგომები მოქალაქის და მათი ფუნქციების, მოვალეობების და ქვეყნის წინაშე ვალდებულებების ნაწილში, ასევე მათი ყოველდღიური შრომის ეფექტურობის ზრდის თვალსაზრისითაც“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

რუსთავში 35 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმეზე შსს-მ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ხუთი პირი, მათ შორის ორი მოქმედი და ერთი ყოფილი სამართალდამცველი დააკავა.