ნიკა მელია შინაპატიმრობის დარღვევას და პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას აანონსებს

ნიკა მელია შინაპატიმრობის დარღვევას და პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას აანონსებს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნიკანორ მელიას ჯგუფური ძალადობისა და მასში მონაწილეობის სისხლის სამართლის საქმეზე წინა სასამართლო სხდომა იმართება. საქალაქო სასამართლო კიდევ ერთხელ გადახედავს შუამდგომლობებს და მელიას მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხს.

როგორც ბრალდებულმა პროცესის დაწყებამდე განმარტა, მოსამართლის გადაწყვეტილების მიუხედავად ის პოლიტიკური საქმიანობის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებას აპირებს.

„ჩვენ დღეს დავაყენებთ შუამდგომლობას სამაჯურის მოხსნასთან დაკავშირებით, მაგრამ ისევე, როგორც ახლა გიყურებთ, დარწმუნებული ვარ, რომ შეიძლება ეს შუამდგომლობა საერთოდ არც გაითვალისწინოს, ანუ როგორც შევალ სამაჯურით, ასევე გამოვალ. თუმცა ერთი რამ მინდა გითხრათ, ხვალინდელი დღიდან, მიუხედავად იმისა, სამაჯურს მომხსნიან თუ არ მომხსნიან, აღარ ვაპირებ საკუთარი თავის შეზღუდვას. ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას, მათ შორის როგორც პარლამენტარის საქმიანობას, განვახორციელებ ისევე, როგორც ვახორციელებდი, სანამ არაერთ შეზღუდვას დამიწესებდნენ. რატომ? იმიტომ, რომ ეს არის აბსოლუტურად არაკონსტიტუციური, იმიტომ, რომ ეს არის ერთი ადამიანის ხუშტურებზე დაფუძნებული. მაინც ვუწევდი ანგარიშს ძალიან ბევრ რამეს დღემდე და ამ უკანონო აკვიატებებსაც თვალი გავუსწორე განგებ, პრაგმატულად. არ მივეცი შესაძლებლობა ეთქვათ აი, ამ ადამიანებს, ვინც ივანიშვილის სამსახურშია, რომ მელია არ ემორჩილება არანაირ შეზღუდვას, თუმცა ხვალინდელი დღიდან ვაპირებ შევასრულო ჩემი კონსტიტუციური უფლებამოსილება, რომლის შესრულებაც არათუ უბრალოდ შემიძლია, არამედ ვალდებულიც ვარ“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

პროკურორი დავით ნეფარიძე ამბობს, რომ დღეის მდგომარეობით არ არსებობს ახალი გარემოება, რაც ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი იქნება.

27 ივნისს ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30-ათასლარიანი გირაო შეეფარდა. 26 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა, გენერალურმა პროკურატურამ კი 25 ივნისს მას ბრალი წაუყენა, როგორც პროკურორმა განაცხადა, მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.