ჩემი ანგარიში სიგნალია რუსეთისთვის, რომ საქართველო პერსპექტიული წევრია ნატო-სთვის, რუსეთმა მას თავი უნდა დაანებოს - ჯერალდ კონოლი

ჩემი ანგარიში სიგნალია რუსეთისთვის, რომ საქართველო პერსპექტიული წევრია ნატო-სთვის, რუსეთმა მას თავი უნდა დაანებოს - ჯერალდ კონოლი

ჩემ მიერ მომზადებული ანგარიში, რომელიც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 65-ე სესიის ფარგლებში პოლიტიკის კომიტეტმა დაამატკიცა, არის სიგნალი რუსეთისთვის, რომ საქართველო ნატო-სთვის არის პერსპექტიული წევრი, რუსეთმა საქართველოს თავი უნდა დაანებოს და მისცეს უფლება, იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო, – ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა, ჯერალდ კონოლმა განაცხადა.

მისი თქმით, ზოგიერთ პოლიტიკოსს სჯერა, რომ რუსეთმა მეორე მსოფლიო ომის გამოცდილებიდან უნდა ისწავლოს და პატივი სცეს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს და დემოკრატიისკენ სწრაფვას.

„ნატო-ს ალიანსი არსებობს იმისთვის, რომ საერთო ღირებულებების მქონე ქვეყნები შეკრიბოს ერთად. ნატო ეს არის უსაფრთხოების კავშირი, მაგრამ ის ასევე არის კავშირი, რომელშიც ჩვენ ვიზიარებთ და ვახალისებთ იმ ღირებულებებს, რომელიც აახლოებს და აძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს. რას სთავაზობს ნატო საქართველოს? აქ შეკითხვა ორგვარად ისმის – თავად საქართველო რას სთავაზობს ნატო-ს: ჩვენ ვხედავთ საქართველოს მისწრაფებას. ეს არის სამხედრო თავსებადობა ნატო-სთან. მჯერა, საქართველო მიისწრაფის დემოკრატიული საზოგადოების, ინსტიტუტების მშენებლობისკენ. ამასთანავე, ნატო-მ პატივი უნდა სცეს იმას, რასაც საქართველო აკეთებს და რის გაკეთებასაც მომავალში აპირებს, გაიაზროს, რა რთულ სამეზობლოშია საქართველო. ნატო-ს დახმარების ხელი და დაცვის გაძლიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი სამეზობლოსთვის, როგორიც საქართველოა. საქართველოზე სპეციალურად არის ხაზგასმა, რადგან ვხედავ, საქართველოს მისწრაფებას, გახდეს ნატო-ს წევრი და ნატო-ს ყოყმანს საქართველოს წევრობასთან დაკავშირებით. თუმცა ფიქრობ, ეს ანგარიში ასევე არის სიგნალი რუსეთისთვის, რომ საქართველო არის პერსპექტიული წევრი ნატო-სთვის, რუსეთმა საქართველოს თავი უნდა დაანებოს და უნდა მისცეს ქვეყნას უფლება, იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო“, – განაცხადა ჯერალდ კონოლმა.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 65-ე სესიის ფარგლებში, პოლიტიკის კომიტეტმა ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციის წარმომადგენლის, კონგრესმენ ჯერალდ კონოლის მიერ მომზადებული ანგარიში  დაამტკიცა.

ანგარიშის მე-17 და 42-ე მუხლებში საუბარია საქართველოზე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებსა და იმაზე, რომ ნატო-სთვის კვლავ გამოწვევად რჩება აგრესიული რუსეთი.