ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - მას არ სურდა ყოფილი მეუღლისთვის სიცოცხლის მოსპობა, უნდოდა ბავშვების საკითხზე დალაპარაკება

ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - მას არ სურდა ყოფილი მეუღლისთვის სიცოცხლის მოსპობა, უნდოდა ბავშვების საკითხზე დალაპარაკება

ხაშურში, ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი ლარისა ჩადუნელი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს განზრახული არ ჰქონდა თავისი ყოფილი მეუღლისთვის სიცოცხლის მოსპობა და შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

როგორც ადვოკატმა გორის პოლიციის სამმართველოსთან განაცხადა, მას შემდეგ, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი წარედგინება, ბრალდებულს შეუთანხმებს, თუ რა სახის შუმადგომლობას დააყენებს სასამართლოში.

„მე უნდა შევიდე და მოხდეს შეთანხმება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან და შევჯერდებით. რა თქმა უნდა, ბრალდებულს წარედგინება ბრალი და ამის შემდეგ განვსაზღვრავთ ჩვენს პოზიციას და მოქმედებას“, - აღნიშნა ადვოკატმა.

კითხვაზე, აღიარებს თუ არა მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს, ადვოკატმა განაცხადა, რომ „ფაქტია, რომ მომხდარია მძიმე დანაშაული. მას არ სურდა მისთვის სიცოცხლის მოსპობა, უნდოდა ბავშვების საკითხზე დალაპარაკება, შემდეგ მოხდა შელაპარაკება, რასაც მოჰყვა მძიმე შედეგი“, - განაცხადა ადვოკატმა.

კითხვაზე, ბრალდებული მოსალაპარაკებლად ხელყუმბარით იყო თუ არა მისული, ადვოკატმა განაცხადა, რომ „ზუსტად ვერ იტყვის“.

„ასეთ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. დაზუსტებით ვერ ვიტყვი, რომ შეიარაღებული იყო მისული და განზრახული ჰქონდა მისი სიცოცხლის მოსპობა. გარკვეული პერიოდი, დაახლოებით 10 წუთამდე, ისინი საუბრობდნენ“, - აღნიშნა ადვოკატმა.

ცნობისთვის, გორის რაიონული სასამართლო ხაშურში ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული ირაკლი დეკანოიძისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს.