ევროპა ყველგანაა?! - შტაინმაიერის ვიზიტი საქართველოში

ევროპა ყველგანაა?! - შტაინმაიერის ვიზიტი საქართველოში

„ევროპისადმი საქართველოს მიკუთვნება გეოგრაფიული რეალიებით არ ამოიწურება, მას ვერ გააცნობიერებ მხოლოდ გეოგრაფიის მეშვეობით“, - ასე განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა საქართველოში ვიზიტის დროს გამართულ ოფიციალურ სადილზე.

საქართველო მხატვრულად წარმოთქმული სადღეგრძელოების მხრივ განთქმული ქვეყანაა, მაგრამ შტაინმაიერის, როგორც ბიუროკრატის ნათქვამიც სწორია - იგი მიჩვეულია მაღალფარდოვნებას, [მასპინძლების მოსაწონებლად]. იმიტომ, რომ საქართველოს სურვილს - მიუერთდეს  ევროკავშირის პერიფერიულ რეგიონებს - „გეოგრაფიულ რეალიებთან“ არანაირი კავშირი აქვს: საერთაშორისოდ აღიარებული გეოგრაფიული განმარტებით, ევროპის სამხრეთ-დასავლეთი საზღვარი კავკასიის ქედზე გადის, საქართველო კი კავკასიონის სამხრეთით მდებარეობს, შესაბამისად, ევროპას არ მიეკუთვნება. კაცმა რომ თქვას, ასეთი ფაქტის გამო შეიძლებოდა ამ საკითხზე დებატები დასრულებულიყო.

მაგრამ საქმე მთლად ასე არ არის: ევროკავშირის პოლიტიკოსებმა ევროპას აზერბაიჯანიც კი მიაკუთვნეს - მათ თვალი დახუჭეს იქაურ კლეპტოკრატიასა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე. პრინციპში, გასაგებია: კასპიის ნავთობი ხომ სისხლზე მეტი ღირს, გაზი კი უფრო მძიმეა, ვიდრე „ევროპული ფასეულობები“. სხვათა შორის, სწორედ ენერგონედლეულით ხსნის ევროკავშირი თავის პრეტენზიებს იმ რეგიონისადმი, რომელსაც რუსეთი თავისად თვლის.

იმავდროულად ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს აშკარად უხერხულობას უქმნიდა ქართველი პოლიტიკოსების მანერა თავიანთი „ევროატლანტიკური აღფრთოვანების“ მუდმივი გამოხატვის გამო. ასე, მაგალითად, ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე „ქართული ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ქვეყანაში ამერიკული სამხედრო ბაზების განლაგება მოითხოვა, თანაც ატომური იარაღით, „საქართველო რუსული აგრესიისაგან რომ იყოს დაცულიო“. გარდა ამისა, იმავე ხანებში საგარეო საქმეთა სამინისტრომაც ამაყად განაცხადა, რომ აშშ-ის ახალ ბიუჯეტში საქართველოს დასახმარებლად 132 მილიონი დოლარია გათვალისწინებული და ეს ყველაზე უდიდესი თანხაა 1991 წლიდანო.

ამის მიუხედავად, გერმანიის პრეზიდენტმა აქცენტი დროის ფაქტორზე გააკეთა: მართალია, მან დადებითად შეაფასა საქართველოს სწრაფვა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისაკენ, მაგრამ მისი სიტყვები იოჰან ვოლფგანგ გოეთეს ციტატას გვახსენებს „ფაუსტიდან“: „ვისი ცხოვრებაც ლტოლვაში გადის, მის დახმარებას ოდესმე შევძლებთ...“ - ანუ ორგანიზაციებში მიღებამდე „დიდი გზაა გასავლელიო“.

მანამდე კი ასეთი წესი მოქმედებს: ნატო თავის რიგებში არ იღებს იმ ქვეყნებს, რომლებსაც ტერიტორიული კონფლიქტები მოგვარებული არ აქვთ. საქართველოს ორი ასეთი კონფლიქტი აქვს და ორივე სადაო ტერიტორია - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი - რუსეთის მიერ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არიან აღიარებულნი. შეიძლება ითქვას, ისინი მოსკოვის დაცვის ქვეშ არიან. გერმანიის პრეზიდენტმა ამ სიტუაციას „რთული მეზობლობა“ უწოდა.

პირდაპირ და მიკიბ-მოკიბვის გარეშე თუ ვიტყვით, დღევანდელი მდგომარეობით ასეთი სიტუაცია ფიქსირდება: ის, ვინც აღნიშნული რეგიონების უკან დაბრუნებაში საქართველოსთვის დახმარების გაწევას დააპირებს, უნდა იცოდეს, საქმე ვისთან ექნება... ამიტომაც საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის დამოწმებას, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები ნატოში რუსეთის პროტესტის მიუხედავად მაინც მიიღესო, დღეს საქართველოსთან მიმართებით უადგილოა. მათი მიღების დროიდან უკვე 15 წელი გავიდა, ამ ხნი სგანმავლობაში კი სიტუაცია შეიცვალა: რუსეთმა აჩვენა, რომ არსებობს „წითელი ხაზები“, მათ შორის საქართველოსთან მიმართებითაც. რა თქმა უნდა, რუსეთის ასეთი მოქმედება ნატოს არ აყწობს, მაგრამ ალიანსი იძულებულია ამას შეურიგდეს.

ევროკავშირი კი... ევროკავშირი ისედაც ყელამდე პრობლემებშია ჩაფლული, მარტო ბრექსითი რად ღირს... ასე რომ, მას ახალი, თანაც ღარიბი წევრების მიღებაზე დარდი არ აწუხებს.

 

რეინჰარდ ლაუთერბახი

------------

წყარო: https://www.jungewelt.de/artikel/364387.europa-ist-%C3%BCberall.html