ჩვენი გადასაწყვეტი არაა, პრეზიდენტი უნდა დაიბარონ თუ არა გამოკითხვაზე - არჩილ თალაკვაძე

ჩვენი გადასაწყვეტი არაა, პრეზიდენტი უნდა დაიბარონ თუ არა გამოკითხვაზე - არჩილ თალაკვაძე

„ჩვენი გადასაწყვეტი არ არის, პრეზიდენტი უნდა დაიბარონ თუ არა გამოკითხვაზე. ჩვენ ვართ საპარლამენტო ხელისუფლება და პასუხისმგებელი ვართ კანონების შექმნასა და მისი აღსრულების მონიტორინგზე" , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ეწყალების საკითხთან და პრეზიდენტის მიერ გამოცხადებულ მორატორიუმთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, შეწყალების საქმესთან დაკავშირებით გარკვეულ პოლიტიკურ პარტიებს სამმაგი სტანდარტი აქვს.

"შეწყალებასთან დაკავშირებით ჩვენ ვხედავთ პოლიტიკური პარტიების ნაწილის დამოკიდებულებას, რასაც დავარქმევდი სამმაგ სტანდარტს. როდესაც სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ჩვენ ვაკრიტიკებდით მისი შეწყალების გადაწყვეტილებებს და N რაოდენობით ასეთი გადაწყვეტილებები ჰქონდა მიღებული, ეს ხალხი იყო სწორედ, ვინც მაშინ ამბობდა, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილებები. არანაირი კრიტიკა მათ არ გამოუთქვამთ. შემდეგ, როდესაც ბატონი მარგველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ჩვენ ვაკრიტიკებდით შეწყალების გადაწყვეტილებებს, ისევ ეს ხალხი იყო, ვინც ამბობდა, მმართველი პარტია თავს ესხმის პოლიტიკურად პრეზიდენტსო. დღეს, როდესაც იგივე შეწყალების გადაწყვეტილებები კითხვის და კრიტიკის საგანია, ისევ ეს ხალხი არის, ვინც ამბობს, რომ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს გამოძიება ანუ როგორც ვხედავთ, სამ ერთნაირ შემთხვევაში, სამ სტანდარტულ შემთხვევაში ამ პოლიტიკურ ჯგუფებს ჰქონდათ განსხვავებული რეაქცია, რაც სამმაგი სტანდარტია. ამიტომ მათ საზოგადოებას უნდა აუხსნან, როდის იყვნენ გულწრფელები და როდის უჭერდნენ მხარს სიმართლეს", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.