მსგავსი განცხადებები პირველად არ მოგვისმენია - გიორგი გახარია დიმიტრი მედვედევს პასუხობს

მსგავსი განცხადებები პირველად არ მოგვისმენია - გიორგი გახარია დიმიტრი მედვედევს პასუხობს

„მსგავსი განცხადებები პირველად არ მოგვისმენია, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია არავის წინააღმდეგ არის მიმართული“, - ასე აფასებს საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია რუსი კოლეგის განცხადებას, რომლის თანახმად რუსეთი ბირთვული ქვეყანაა და მის სამეზობლოში ნატოს ბაზების განთავსებაზე დადებითი რეაქცია ვერ ექნება. 

გახარიამ რუსეთის პრემიერმინისტრის განცხადებას გორიდან უპასუხა, სადაც დღეს რამდენიმე შეხვედრა გამართა. ჟურნალისტებმა პრემიერს ატოცში დღეს ოკუპანტების მიერ მავთულხლართების მონტაჟის განახლებაზეც ჰკითხეს.

„საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისკენ არის მიმართული და ის არავის ემუქრება. ეს არის ჩვენი პოზიცია, პოზიცია, რომელსაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წინაშეც ვაფიქსირებთ და მათთან ერთად ვახდენთ ამ პოზიციის დეკლარირებას“, - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ.  

მედვედევის განცხადებით, ნატოში შემავალი ქვეყნები ასჯერ უნდა დაფიქრდნენ, ვიდრე რუსეთის სამეზობლოში ნატოს ბაზების განთავსებაზე გადაწყვეტილებას მიიღებენ.