სირიულ რულეტკას რუსები იგებენ

სირიულ რულეტკას რუსები იგებენ

„თურქეთის შეტევა სირიაზე, ამ სახელმწიფოდან ამერიკული ჯარის გაყვანა, ქურთთა ალიანსი ოფიციალურ დამასკოსთან... და ბოლოს, ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება, რაც ვაშინგტონში ხუთშაბათ საღამოს გამოცხადდა. რამოდენიმე დღის მანძილზე სირიაში უცნაურად მოხდა ყველა კარტის არევა. მოსკოვი, როგორც ასადის მოკავშირე, ამჟამად მეტად ძლიერ პოზიციას ფლობს, როგორც სამხედრო, ასევე დიპლომატიური თვალსაზრისით“, - წერენ ფრანგული გამოცემა Liberation-ის ჟურნალისტები ვერონიკა დორმანი და ხალა კოდმანი.

„მთელი კვირაა, რაც სირიაში მის ხელთ არსებულ  ბერკეტებს აქტიურად აწვება რუსეთი, რომელიც მოლაპარაკებებს აწარმოებს კონფლიქტის მონაწილე უკლებლივ ყველა მხარესთან.

საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებული საამიროებში, სადაც პუტინს გრანდიოზული მიღება მოუწყვეს ახლო აღმოსავლეთის ამ პროამერიკულმა ბასტიონებმა, რუსეთის ლიდერს შესაძლებლობა ჰქონდა დამტკბარიყო იმ მნიშვნელოვანი შედეგებით, რასაც მისმა ემისრებმა მიაღწიეს სირიის ჩრდილოეთით, საბრძოლო მოქმედებათა თეატრში. მოსკოვი შეუერთდა საერთაშორისო საზოგადოების მიერ თურქეთის გაკიცხვას და მის ქმედებებს მიუღებელი უწოდა, შემდგომ კი დასძინა, რომ „საბრძოლო ოპერაცია უნდა შემოიფარგლოს დროსა და სივრცეში“. საამისოდ რუსეთმა დაიწყო მეტად სწრაფი მოქმედება, გააათმაგა რა  მოლაპარაკებათა და ინიციატივათა რიცხვი. ამერიკელთა გამყიდველობით გზაკვალარეული ქურთული სამხედრო ფორმირებები იძულებული გახდნენ  დახმარებისთვის ბაშარ ასადისთვის მიემართათ. გასულ კვირას კი ქურთთა ლიდერები სირიის ხმიმის რუსულ სამხედრო ბაზაზე მიიწვიეს სირიელ სამხედროებთან მოსალაპარაკებლად. რუსების მეურვეობით,  სირიელი სამხედროები განლაგდნენ სტრატეგიულად მნიშვნელოვან პოზიციებზე, რომლებიც წლების მანძილზე ქურთების ავტონომიური მმართველობის მიერ კონტროლდებოდა. სირიის არმიის ქვედანაყოფებმა, ოთხშაბათს თურქეთის საზღვართან ქალაქი ქობანი დაიკავეს“, - ნათქვამია სტატიაში.

„ამავე დროს რუსებმა თურქებს პირობა მისცეს, რომ ქურთთა თავდაცვის რაზმები მთლიანად იქნებოდნენ ევაკუირებულნი ამ ზონიდან, რასაც მიესალმა თურქეთის საგარეო საქმეთა  სამინისტრო. ამგვარი ქმედებებით რუსეთი ერთი მხრივ დახმარების ხელს უწვდის მიტოვებულ და ამერიკელებისგან ნაღალატევ ქურთებს, ხოლო მეორე მხრივ თურქეთს დახმარებას უწევს დასახული მიზნის მიღწევაში, რითაც ამცირებს სისხლისმღვრელ ბრძოლებს. სათანადოდ, რუსეთი ყველას იძულებულს ხდის იგი თამაშის განმკარგავად იქნეს აღიარებული“, - ნათქვამია სტატიაში.

„მას მერე, რაც პუტინმა პარტნიორული ურთიერთობის დამყარება შეძლო ერდოღანთან, მისი მცდელობა მიმართული იყო თურქების ასადთან მორიგებისკენ, რასაც როგორც ჩანს მიაღწევს კიდეც. რუსეთის ძირითადი ამოცანა, რაც ასადის მიერ სირიის სრულად გაკონტროლებაში მდგომარეობს თავის დასასრულს უახლოვდება“, - აღნიშნავს პარიზის საერთაშორისო კვლევების ცენტრის სპეციალისტი ბაირამ ბალჯი.

„კონფლიქტის დასაწყისში მოსკოვი სირიის საკითხში უფრო ამერიკის გამოსაჯავრებლად ჩაერია ვიდრე ასადის რეჟიმის გადასარჩენად, მაგრამ საბოლოო ანგარიშით მის მფარველად მოგვევლინა“, - მიიჩნევენ პუბლიკაციის ავტორები.

მათი მოსაზრებით, “რუსეთმა 2015 წლიდან სირიის კონფლიქტში ენერგიული ჩარევით შეძლო ის, რაც მას ყველაზე კარგად გამოსდის სტრატეგიული თვალსაზრისით, კერძოდ სწრაფი რეაგირება და ადაპტაციის უნარი. მთავარი კი მაინც ისაა, რომ მათ შესწევთ უნარი ნებისმიერ ვითარებაში ესაუბრონ ყველას“.

როგორც ერთ-ერთი ჟურნალის მთავარი რედაქტორი თევდორე ლუკიანოვი აღნიშნავს, კონფლიქტის დაწყების მომენტიდან, რუსეთი სირიაში ახორციელებს თანმიმდევრულ, მკაფიო, თუმცა უკიდურესად არაპოპულარულ პოლიტიკას. სხვა მოთამაშეთაგან განსხვავებით კარგად იცის რაც სურს“.

„ასადის მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე რუსი ემისრები აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს უწვრილმანეს დეტალებამდე’’, - ნათქვამია სტატიაში.

„რუსებს არ გააჩნიათ ერთიანი რეცეპტი რათა მიაღწიონ კაპიტულაციას ანდა უსაფრთხოებას“, - მიანიშნებს პარტიზანული შენაერთის ერთ-ერთი ყოფილი მეთაური, რომელიც მონაწილეობას იღებდა რუსებთან გამართულ მოლაპარაკებებში. მათ ნაბიჯ-ნაბიჯ მოიარეს ყველა რეგიონი. ინტენსიური დაბომბვების შემდეგ ხვდებოდნენ ადამიანებს და ცდილობდნენ მათი წინააღმდეგობის გატეხვას. როგორც წესი აღწევდნენ სასურველ შედეგს, აიძულებდნენ მოსახლეობას პარტიზანებზე ზეწოლის განხორციელებას. მოითხოვდნენ ცეცხლის შეწყვეტასა და რუსული წინადადებების განხილვას. ისინი არჩევდნენ ყველაზე სუსტ ადამიანებს, რომელთა გატეხვასაც სწრაფად ახერხებდნენ, მოლაპარაკებები კი ასადის რეჟიმის წარმომადგენლების გარეშე მიმდინარეობდა პირდაპირ რუს დიპლომატებთან.“

ლუკიანოვის აზრით, „კრემლი არ ცდილობს რეგიონში ამერიკის ჩანაცვლებას, მით უფრო მას არ გააჩნია ყოფილი საბჭოთა კავშირის ადგილის დაკავების ამბიცია, რუსეთის ამოცანა სირიის სახელმწიფოს სიცოცხლისუნარიანობის მიღწევაა და არა რეგიონის ჰეგემონობა“.

„ამის მიუხედავად, კრემლმა გააძლიერა რეგიონზე კონტროლი, დამკვიდრდა როგორც მსოფლიო მნიშვნელობის ზესახელმწიფო და მზადაა შეავსოს ამერიკის მიერ ტერიტორიის დატოვების შედეგად წარმოქმნილი სიცარიელე“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

 

წყარო: Liberation