გადავარჩინოთ ალბატროსები! -  ბრიტანული ავიაცია თაგვების წინააღმდეგ

გადავარჩინოთ ალბატროსები! - ბრიტანული ავიაცია თაგვების წინააღმდეგ

დიდი ბრიტანეთის ფრინველების დაცვის სამეფო საზოგადოებას განზრახული აქვს თაგვებისაგან გადაარჩინოს ალბატროსების ის იშვიათი სახეობა, რომელიც ატლანტის ოკეანის სამხრეთ ნაწილში მდებარე ტრისტან დაკუნიას კუნძულებზე ბინადრობს. ფრინველებს სწორედ ასე ჰქვიათ - ტრისტანელი ალბატროსი.

ბრიტანეთის მთავრობამ ამ პროგრამისათვის საკმაო თანხა უკვე გამოყო. პროგრამა მომავალი წლიდან ამოქმედდება.

აღნიშნული სახეობის ალბატროსების საცხოვრებელი არეალი ტრისტან დაკუნიას არქიპელაგით შემოიფარგლება, თუმცა უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, ფრინველები მხოლოდ ამ არქიპელაგის ორ პატარა კუნძულზე - გოფზე და ინაკსესიბლზე ბინადრობენ. მთავარ კუნძულზე - ტრისტანზე - ალბატროსები თაგვებმა უკვე გაწყვიტეს.

საქმე იმაშია, რომ როცა მე-19 საუკუნეში მღრღნელები კუნძულზე გემებს შემოჰყვნენ, ისისნი იმდენად გამრავლდნენ, რომ ადგილობრივი რესურსები აღარ ეყოთ და ალბატროსების კვერცხებისა და ბარტყების ჭამას შეუდგნენ. დროთა განმავლობაში თაგვებმა ტრანსფორმაცია განიცადეს და წონაში საკმაოდ მოიმატეს - მათი სხეული ორჯერ მეტია, ჩვეულებრივი სახლის თაგვთან შედარებით.

ფრინველთა დაცვის სამეფო საზოგადოების განცხადების მიხედვით, ტრისტანელი ალბატროსები შეიძლება მთლიანად განადგურდნენ, თუ სასწრაფო ზომები არ იქნება მიღებული თაგვების წინააღმდეგ. სიტუაცია ერთობ სერიოზულია: დღეს ალბატროსის ხუთი ბარტყიდან მხოლოდ ერთი აღწევს ფრენის ასაკამდე.

თაგვების განადგურების პროექტი მათ სრულ გაწყვეტას ითვალისწინებს. ამისათვის ორნიტოლოგებს დაგეგმილი აქვთ თაგვებს ავიაციით შეუტიონ - სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გემს დაიქირავებენ და ვერტმფრენებს კუნძულებამდე გადაიტანენ. მათთან მიახლოებისას ვერტმფრენები აფრინდებიან და ჰაერიდან კუნძულ გოფს და ინაკსესიბლს შხამიანი გრანულების ბომბებს დააყრიან. სპეციალისტთა აზრით, 24 საათის განმავლობაში არცერთი თაგვი ცოცხალი აღარ იქნება.

ბუნებაში ტრისტანელი ალბატროსების მხოლოდ ორი ათასამდე წყვილიღაა დარჩენილი. დედალი ალბატროსი მხოლოდ ერთ კვერცხს დებს, თანაც ორ წელიწადში ერთხელ.

 

წყარო: https://www.bbc.com/russian/news-50220705