საპროკურორო საბჭოს ორი წევრის ასარჩევად კონკურსი ცხადდება

საპროკურორო საბჭოს ორი წევრის ასარჩევად კონკურსი ცხადდება

დღეიდან პარლამენტის მიერ საპროკურორო საბჭოს 2 წევრის ასარჩევად კონკურსი იწყება. პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადების თანახმად, პარლამენტმა საპროკურორო საბჭოს წევრად შეიძლება აირჩიოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და რომელიც სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტია. 

საქართველოს პარლამენტის წევრის, მოსამართლისა და პროკურორის საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენა არ შეიძლება.

"საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატები შეირჩევიან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევრებისაგან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისაგან ან/და საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისაგან, შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე. არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს უფლება აქვს, წარადგინოს საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატი, თუ კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში მისი საქმიანობის ერთ-ერთი სფერო იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობა სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში.

თითოეული ზემოთ აღნიშნული ორგანიზაცია უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით 2019 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით წარუდგინოს საპროკურორო საბჭოს წევრობის არაუმეტეს 3 კანდიდატი. საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგინებას უნდა დაერთოს სარეკომენდაციო წერილი, კანდიდატის საქმიანი ბიოგრაფია, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, უმაღლესი იურიდიული განათლებისა და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილების დამადასტურებელი საბუთების ასლები, სამართლის საკითხებზე გამოქვეყნებული შრომების ნუსხა (თუ კანდიდატს აქვს ასეთი შრომები), კანდიდატის წერილობითი თანხმობა, ხოლო თუ კანდიდატის წარმდგენი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია − აგრეთვე არასამეწარმეო (არაკომერციული) პირის მიმართ ზემოხსენებული მოთხოვნის შესრულების დამადასტურებელი საბუთები. წარდგინება და თანდართული დოკუმენტაცია შეიძლება გაიგზავნოს ან უშუალოდ ჩაბარდეს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი 8, ან გაიგზავნოს ელექტრონული ფოსტის მისამართზე: contact@parliament.ge", - წერია პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაში.