საქართველოში იქმნება სამედიცინო ჰოლდინგი, რომელშიც ოთხი საავადმყოფო გაერთიანდება

საქართველოში იქმნება სამედიცინო ჰოლდინგი, რომელშიც ოთხი საავადმყოფო გაერთიანდება

საქართველოში სამედიცინო ჰოლდინგი შეიქმნება, რომლშიც თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო, ონკოლოგიური ცენტრი, ბავშვთა ინფექციური და ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო გაერთიანდება, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მინისტრმა აღნიშნული განცხადება ბათუმში გააკეთა, სადაც აჭარის მთავრობის მეთაურთან, თორნიკე რიჟვაძესთან ერთად რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობა დაათვალიერა და სამედიცინო პერსონალს შეხვდა.

მისი თქმით, ჰოლდინგი ერთიან კონცეფციაში მოექცევა და სახელმწიფოს მართვასა და საკუთრებაში იქნება.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგში შემავალი კლინიკები ეტაპობრივად განვითარდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, როგორც სტრუქტურული, ასევე სამედიცინო სერვისების თვალსაზრისით. უკვე შექმნილია სპეციალური საბჭო, რომელიც აღნიშნული სამედიცინო დაწესებულებების სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის 170-საწოლიანი მრავალპროფილური კლინიკური საავადმყოფო მოსახლეობას მაღალკვალიფიციურ, სპეციალიზებულ სამკურნალო და საკონსულტაციო სამედიცინო დახმარებას გაუწევს. კლინიკის ფუნქციებში შედის გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გაწევა, დაავადების ადრეული გამოვლენის, დიაგნოსტიკისა და რეაბილიტაციის თანამედროვე სტანდარტებისა და მეთოდების დანერგვა.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე სტუდენტებისა და არსებული სამედიცინო კადრების მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლებაც იგეგმება. ასევე კლინიკაში ჩატარდება მაღალხარისხიანი სამედიცინო გამოკვლევები, იმუშავებს პედიატრიული და სამეანო განყოფილებები.