ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ცხინვალის ინფორმაციას, ყობში სროლის შესახებ, არ ადასტურებს

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ცხინვალის ინფორმაციას, ყობში სროლის შესახებ, არ ადასტურებს

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ე.წ. უშიშროების კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, სოფელ ყობში 5 ნოემბერს ადგილობრივებსა და შსს წარმომადგენლებს შორის ორმხრივი სროლა მოხდა. მისიაში აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

მისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ „შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ მისიის ცხელი ხაზი 5 ნოემბერს იმ მტკიცებიდან გამომდინარე, რომ სოფელ ყობში სროლა მოხდა, გააქტიურებული არ ყოფილა. სადამკვირვებლო მისია ადმინისტრაციულ საზღვართან 24-საათის მონიტორინგს ახორციელებს და 5 ნოემბერს სოფლის მახლობლადაც იყო განხორციელებული რამდენიმე საპატრულო შემოწმება. არც ერთი მონიტორი არ ადასტურებს იმას, რომ სროლის ხმა იყო“, – ნათქვამია განცხადებაში.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. უშიშროების კომიტეტის მტკიცებით, 5 ნოემბერს სოფელ ყობში საქართველოს შსს-ის თანამშრომლებსა და ადგილობრივებს შორის ინციდენტი მოხდა, რომლის დროსაც ავტომატური იარაღი იქნა გამოყენებული.

„ჩვენი ინფორმაციით, კონფლიქტის მიზეზი გახდა ის, რომ ადგილობრივებმა ჩორჩანა-ყობი-კოდა-ატოცის რაიონში საქართველოს შსს საგუშაგოების განთავსებით, დაძაბულობის ესკალაციის არსებობის, სოფლის მაღლობზე ქართული დროშის აღმართვის მცდელობის გამო უკმაყოფილება გამოთქვეს. ყოფითი კონფლიქტი შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რომლის დროს ორივე მხარემ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა, რის შედეგადაც ორი ადგილობრივი დაიჭრა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ხელისუფლება საგულდაგულოდ მალავს“,-ნათქვამია განცხადებაში.

„კგბ“-ში აღნიშნავენ, რომ ინციდენტის შემდეგ, შსს-ს წარმომადგენლებმა ადგილობრივებზე ზეწოლა განახორციელეს, რომ მათ ეთქვათ, რომ ორმხრივი სროლა უკავშირდებოდა „სამხრეთ ოსეთის მხრიდან სადაზვერვო ჯგუფის შეღწევას“.

„ჩვენი ინფორმაციით, კატეგორიული უარის მიღების შემდეგ, სოფელი ყობი მედიისთვის, ქართული და უცხოური საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის მთლიანად დაიკეტა“, – აღნიშნულია განცხადებაში.