ემანუელ მაკრონი ევროპას აფრთხილებს: „ნატოს ტვინი კვდება“

ემანუელ მაკრონი ევროპას აფრთხილებს: „ნატოს ტვინი კვდება“

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ევროპის ქვეყნები გააფრთხილა, რომ მათ ამერიკის, როგორც ნატოელი მოკავშირის და დამცველის იმედი უკვე აღარ უნდა ჰქონდეთ.

„დღეს ჩვენ ნატოს ტვინის სიკვდილის მოწმენი ვართ“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა ბრიტანულ ჟურნალ The Economist-ისათვის მიცემულ გულახდილ ინტერვიუში.

„ევროპა უფსკრულის პირას დგას, - თქვა მან, - დროა გამოიღვიძოს, სტრატეგიულად ფიქრი დაიწყოს და საკუთარი თავი გეოპოლიტიკურ ძალად გააცნობიეროს. სხვაგვარად ჩვენ უკვე საკუთარი ბედის გამგებლობის შესაძლებლობა არ გვექნება".

საფრანგეთის პრეზიდენტის 60-წუთიანი ინტერვიუს დროს, რომელიც 21 ოქტომბერს ელისეის სასახლის „ოქროს კაბინეტში“ შედგა, ემანუელ მაკრონს ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა ნატოს ხელშეკრულების მე-5 მუხლის ეფექტურობის შესახებ, რომლის მიხედვით, ალიანსის ერთ-ერთ წევრზე რომელიმე ქვეყნის თავდასხმის შემთხვევაში მას ნატოს სხვა წევრები ერთად უნდა დაეხმარნონ. ანალიტიკოსები თვლიან, რომ ერთობლივი დახმარების იდეა ნატოს ეფექტურად მოქმედების საფუძველს წარმოადგენს. კითხვაზე - „გჯერათ თუ არა, რომ მე-5 მუხლი ეფექტურია“, ემანუელ მაკრონი პასუხობს: „მე არ ვიცი, რა მნიშვნელობა ექნება ხვალ მე-5 მუხლს“.

როგორც პრეზიდენტი ამბობს, „ნატო მხოლოდ იმ შემთხვევაში მუშაობს, თუ ბოლო ინსტანცია გარანტის ფუნქციას ნორმალურად ასრულებს. თავს უფლებას ვაძლევ ვთქვა, რომ ჩვენ ახლებურად უნდა გავაანალიზოთ ნატოს არსი აშშ-ის მიერ თავისი ვალდებულებების შესრულების შუქზე“. ემანუელ მაკრონის აზრით, „აშშ თანდათან ზურგს გვაქცევს“, ამის დემონსტრაცია ვაშინგტონმა ნათლად აჩვენა გასულ თვეში, როცა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილიდან მოულოდნელად თავისი ჯარები გაიყვანა და ქურთი მოკავშირეები ბბედის ანაბარად მიატოვა.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სახით ევროპას პირველად აქვს საქმე ამერიკის ისეთ ლიდერთან, რომელიც „ჩვენი ევროპული პროექტის იდეებს არ იზიარებს“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა, - „და ეს ხდება იმ მომენტში, როცა ევროპა ჩინეთის გაძლიერების წინაშე დგას, როცა აშკარა ხდება თურქეთისა და რუსეთის ავტორიტარიზმისაკენ დაბრუნება. უფრო მეტიც, ნატო შიგნიდან სუსტდება ბრექსიტით და პოლიტიკური არასტაბილურობით“.

პრეზიდენტის მტკიცებით, ასეთი ტოქსიკური (შხამიანი) სიტუაცია ჯერ ხუთი წლის წინ წარმოუდგენელი იყო: „თუ ჩვენ დროულად ვერ გამოვიღვიძებთ, მაშინ გაჩნდება ჩვენი როგორც გეოპოლიტიკური ძალის გაქრობის მნიშვნელოვანი შანსი. უკიდურეს შემთხვევაში, ჩვენ ვეღარ შევძლებთ საკუთარი ბედი ჩვენ თვითონვე განვაგოთ. ამაში მე მტკიცედ ვარ დარწმუნებული“.

ემანუელ მაკრონის ბოლოდროინდელი დიპლომატიური აქტიურობა საზღვარგარეთ დიდ ინტერესს იწვევს, თუმცა მას ასევე ხშირადაც აკრიტიკებენ. საფრანგეთის პრეზიდენტს ადანაშაულებენ ცალმხრივ ქმედებაში (მან დაბლოკა ევროკავშირის გაფართოება დასავლეთ ბალკანეთის მიმართულებით), ნებადართული ჩარჩოებიდან გამოსვლაში (იგი ცდილობს პირდაპირი მოლაპარაკების ორგანიზებას აშშ-სა და ირანს შორის).

ინტერვიუს დროს პრეზიდენტი საკმაოდ გამომწვევი ტონით ლაპარაკობდა და თავისუფლად იქცეოდა. იგი პიჯაკის გარეშე იჯდა შავტყავგადაკრულ დივანზე ცნობილ, მდიდრულ კაბინეტში, სადაც თავის დროზე შარლ დე გოლიც მუშაობდა.

საფრანგეთის ლიდერმა „მოიგერია“ კრიტიკოსები და განაცხადა, მაგალითად, რომ „უაზრობა იქნება ევროკავშირში ახალი წევრების მიღება, სანამ გაწევრიანების პროცედურა არ შეიცვლება“. იმავდროულად მან აღნიშნა, რომ მზადაა თავის თვალსაზრისს გადახედოს, თუ ეს პირობა შესრულდება.

ემანუელ მაკრონის მთავარი მოწოდება იმაში მდგომარეობს, რომ ევროპამ აზროვნება და მოქმედება უნდა დაიწყოს არა მხოლოდ როგორც ეკონომიკურმა გაერთიანებამ, რომლის მთავარ მიზანს ბაზრის გაფართოება წარმოადგენს, არამედ როგორც სტრატეგიულმა ძალამაც. ამისათვის თავდაპირველად აუცილებელია „სამხედრო სუვერენიტეტის“ აღდგენა“ და რუსეთთან დიალოგის განახლება - პოლონეთისა და სხვა ქვეყნების ეჭვების მიუხედავად, რომლებიც ერთ დროს საბჭოთა კავშირის კონტროლქვეშ იყვნენ. „ამგვარ ნაბიჯებზე უარის თქმა, - ამბობს ემანუელ მაკრონი, - კოლოსალური შეცდომა იქნება“.


წყარო: https://www.economist.com/…/emmanuel-macron-warns-europe-na…