დაკარგული ტურისტის ხელი ზვიგენის კუჭში იპოვეს - კაცი საქორწინო ბეჭდით ამოიცნეს

დაკარგული ტურისტის ხელი ზვიგენის კუჭში იპოვეს - კაცი საქორწინო ბეჭდით ამოიცნეს

შოტლანდიელი ტურისტის ხელი, რომელიც ინდოეთის ოკეანეში მდებარე კუნძულ რეუნიონის (საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტის) ნაპირებთან გასულ შაბათს დაიკარგა, ორი დღის წინ იმ ადგილებში დაჭერილი ზვიგენის კუჭში იპოვეს. ხელი რომ მართლაც დაკარგული მამაკაცისა იყო, საქორწინო ბეჭდით ამოიცნეს.

44 წლის ტურისტი, რომელიც ცოლთან ერთად პატარა საკურორტო ქალაქ სენ-ჟილ-ლებანში ისვენებდა, უკანასკნელად ზღვაში ყვინთვისას აქვალანგით ნახეს.

მამაკაცის ვინაობას ჯერჯერობით არ ასახელებენ.

ტურისტის ხელი იმ ზვიგენის მუცელში იპოვეს, რომელიც კვლევითი სამუშაოების ჩატარების მიზნით დაიჭირეს.

გაზეთ Sun-ის ინფორმატორის თქმით, შაბათს ტურისტი ლაგუნაში ყვინთაობდა და როცა იგი დიდი ხნის განმავლობაში აღარ გამოჩნდა, მისმა ცოლმა განგაში ატეხა. „იმ წუთშივე დაიწყო მასშტაბური საძებნი ოპერაცია, რომელშიც კატერები და ვერტმფრენები მონაწილეობდნენ, - უყვება გაზეთის კორესპონდენტს თვითმხილველი, - სამწუხაროდ, დაკარგული მამაკაცი ვერ იპოვეს“.

ოთხშაბათს სპეციალისტებმა, რომლებიც კუნძულის ნაპირებთან ზვიგენების აქტიურობის მონიტორინგით არიან დაკავებული, ოკეანეში ზვიგენი დაიჭირეს. გაკვეთის დროს მის კუჭში დაკარგული ტურისტის ნარჩენები იპოვეს. ჯერ-ჯერობით უცნობია - მამაკაცი დაიხრჩო და შემდეგ გახდა ზვიგენის ლუკმა თუ იგი ზვიგენის თავდასხმის ობიექტი იყო.

ზღვის მტაცებელი იმ ადგილიდან შვიდი კილომეტრი მოშორებით დაიჭირეს, სადაც ტურისტი ყვინთავდა. სპეციალისტებმა მის კუჭში ნაპოვნი ნარჩენების სრული ექსპერტიზა უნდა მოახდინონ.

დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უწყება დახმარებას უწევს შოტლანდიელის ოჯახს და კუნძულ რეუნიონის ადგილობრივ ხელისუფლებასთან მუდმივი კავშირი აქვს.

მიმდინარე წელს რეუნიონთან ზვიგენების ადამიანებზე თავდასხმის უკვე ორი შემთხვევა მოხდა სასიკვდილო შედეგით. კუნძული სერფინგის მოყვარულებისათვის პოპულარული ადგილი იყო, მაგრამ ხელისუფლება იძულებული გახდა  სპორტულ ცურვაზე და აქვალანგით ყვინთვაზე აკრძალვა დაეწესებინა. აქაურ ვეფხვისებრ ზვიგენებს ადგილობრივი მოსახლეობა „საბრძოლო მანქანებს“ უწოდებს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გასულ თვეში განაცხადა, რომ იგი, ალბათ, საწყლოსნო სპორტის სახეობებს კუნძულის ნაპირებთან 2022 წლისათვის დაუშვებს, მაგრამ მანამდე უნდა დარწმუნდეს, რომ ტურისტთა უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება.

წყაროები:

BBC News - https://www.bbc.com/russian/news-50331492

The Sun - https://www.thesun.co.uk/news/10293992/british-tourist-shark-hand-found/