„ფაინენშელ თაიმსი“ - აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დროა

„ფაინენშელ თაიმსი“ - აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დროა

„აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დროა“, – ამ სათაურით სტატიას „ფაინენშელ თაიმსი“ აქვეყნებს.

სტატიის ავტორია ცენტრალური ფლორიდის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი ჯეიმს ბაქუსიბაქუსი აშშ-ის კონგრესის ყოფილი წევრია, ასევე ის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სააპელაციო საბჭოს ხელმძღვანელობდა.

სტატიაში ჯეიმს ბაქუსი მოუწოდებს აშშ-ს, გააძლიეროს მხარდაჭერა კრიტიკულ გზაგასაყარზე – შავ ზღვასა და სპარსეთის ყურეს შორის მდებარე ქვეყნებთან.

„აშშ-ის მოულოდნელი და არაშორსმჭვრეტელი გადაწყვეტილების შემდეგ, გაიყვანოს ჯარი სირიიდან და იმ პირობებში, როდესაც ყოველდღიურად იზრდება ეჭვები, მზადაა თუ არა აშშ დადგეს იმ ქვეყნების გვერდით, ვინც მხარს უჭერდა ვაშინგტონს ახლო აღმოსავლეთსა და მიმდებარე რეგიონებში, ჩნდება აუცილებელი საჭიროება განვამტკიცოთ თანამშრომლობა იმ სახელმწიფოებთან, რომლებიც კრიტიკულ გზაგასაყარზე მდებარეობს – შავ ზღვასა და სპარსეთის ყურეს შორის. ერთ-ერთი ასეთი საქართველოა. რეგიონში აშშ-ის წარმომადგენლობისა და პოზიტიური გავლენის განმტკიცების ერთ-ერთი გზა იქნება აშშ-საქართველოს სავაჭრო შეთანხმების გაფორმება“, – წერს „ფაინენშელ თაიმსი“.

როგორც ავტორი აღნიშნავს, „აშშ-მა დადებითად უნდა უპასუხოს საქართველოს წინადადებას, დაიწყოს მოლაპარაკება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე, რადგან „ამას აქვს როგორც სტრატეგიული და კომერციული, ისე მორალური საფუძველი“.

„ეს გადაწყვეტილება განამტკიცებდა ჩვენს კავშირს საქართველოსთან. ის ასევე დაარწმუნებდა რეგიონის სხვა ქვეყნებს, რომ ბოლო მოვლენების მიუხედავად, აშშ იმ ავტორიტარული რეჟიმების ალტერნატივას წარმოადგენს, რომლებიც მათ გარშემო არსებობენ და ემუქრებიან“, – წერს ჯეიმს ბაქუსი.

ავტორის განცხადებით, საქართველოს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მდებარეობა აქვს. „ის დასავლეთისა და აღმოსავლეთის უხილავ გზაგასაყარზე მდებარეობს და დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ყოველთვის მიისწრაფოდა აშშ-სა და ევროპისკენ.

„ეს არ იყო იოლი საქართველოს სამეზობლოში. 2008 წლის რუსეთის სამხედრო ინტერვენცია საქართველოს აფხაზეთად და სამხრეთ ოსეთად დაუჯდა – ჩრდილოეთით, რუსეთის მოსაზღვრედ მდებარე რეგიონებად, რაც საქართველოს მთლიანი ტერიტორიის 20 პროცენტს წარმოადგენს. რუსეთის ინტერვენცია დღემდე გრძელდება. ასევე, თურქეთი და ირანიც – ისინი არც ისე შორის არიან და სიხისტით გამოირჩევიან. ყველა ამ საფრთხის გათვალისწინებით, აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერა იქნება მძლავრი გზავნილი, რომ აშშ ამ მნიშვნელოვან რეგიონში წარმომადგენლობის გაფართოებისთვის მზად არის“, – ნათქვამია სტატიაში.

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება აშშ-სთვის მიმზიდველია კომერციულადაც, რადგან ეს დიდ სარგებელს მოუტანს ამერიკულ ბიზნესს. „2017 და 2018 წლებში საქართველო მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის სიჩქარით რეგიონის ლიდერია“ – წერს „ფაინენშელ თაიმსი“.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2019-2021 წლებში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ყოველწიურად სტაბილურად 4,9 პროცენტით გაიზრდება. ამასთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ სიღარიბის დონე ქვეყანაში უკანასკნელ 10 წელიწადში 39-დან 22 პროცენტამდე შემცირდა. საქართველო, რომელიც ევრაზიის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს, აქვს ღია ვაჭრობა და საინვესტიციო რეჟიმი, შეიძლება, იქცეს ნახევარმილიარდიანი მოსახლეობის რეგიონის ბაზრის კარიბჭედ იმ ამერიკული კომპანიებისთვის, რომლებსაც ექსპორტისა და იმპორტის გაფართოება სურთ“ – წერს ჯეიმს ბაქუსი.

სტატიაში აღნიშნულია, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას მხარს უჭერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. „მან გასულ თვეს განცხადა, რომ სავაჭრო შეთანხმება არის აშშ-თან პარტნიორობის ლოგიკური გაგრძელება და ის საქართველო-აშშ-ის უსაფრთხოების ინტერესებს წინ წაწევს“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

„საქართველოსთან სავაჭრო შეთანხმების გაფორმებისთვის მორალურად უამრავი მიზეზი არსებობს. საქართველო რჩება აშშ-ის ლოიალურ და სანდო პარტნიორად. საქართველოს მნიშვნელოვანი კონტრიბუცია შეაქვს აშშ-ის მისიაში ავღანეთში. ქართველები ისევ მსახურობენ ავღანეთში და ყველა პარტნიორთან შედარებით, მეტი მსხვერპლი გაიღეს. როდესაც სხვა ქვეყნის ხალხი ჩვენს მხარდამხარ იბრძვის, ჩვენ ამერიკელებმა, სულ მცირე, მათთან თავისუფლად უნდა ვივაჭროთ.

საქართველო თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებისთვის ტრამპის მიერ დასახელებულ ყველა წინაპირობას აკმაყოფილებს. 2018 წელს წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა საქართველოს მხარდამჭერი კანონი და მოუწოდა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს, გადადგას რეალური ნაბიჯები საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. კანონი უნდა მიიღოს კონგრესის ორივე პალატამ და ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს.“, – წერს ავტორი.

მისივე თქმით, მსოფლიოში, სადაც საფრთხეები იზრდება, აშშ-ის სანდოობის შესანარჩუნებლად, ვაშინგტონმა საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება რაც შეიძლება მალე უნდა გააფორმოს.