მარიამ ჯაში - კულტურა არის ცენზურის გარეშე

მარიამ ჯაში - კულტურა არის ცენზურის გარეშე

საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განცხადებით, თითოეულ ადამიანს თავისი დამოკიდებულება აქვს, მაგრამ არ შეიძლება, კულტურა რაიმე ცენზურას დაექვემდებაროს.

როგორც ჟურნალისტებს ჯაშმა განუცხადა, დღეს, სახელმწიფო იმოქმედებს სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში.

„საქართველოს სახელით „ოსკარის“ ხუთეულისთვის ფილმი „შინდისი“ იბრძვის, სადაც მოთხრობილია შინდისის გმირების ისტორია. „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შვედეთის სახელით გადის, ამდენად, პრიორიტეტს იმ ფილმს მივანიჭებდი, რომელიც საქართველოს კინოინდუსტრიის მხრიდან არის არჩეული და წარდგენილი. ოკუპაციისა და უდიდესი გმირობის მსოფლიოსთვის გაცნობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია „შინდისის“ პოპულარიზაცია. შესაბამისად, ეროვნული ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს სახელით წარდგენილი ფილმის პოპულარიზაციაზე. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, სახელმწიფო იმოქმედებს სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში, რადგან კულტურა არის ცენზურის გარეშე“, – განაცხადა ჯაშმა.

ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) პრემიერა საქართველოში დღეს, 8 ნოემბერს გაიმართება.

ცნობისთვის, სიუჟეტი ახალგაზრდა მოცეკვავის შესახებ არის, რომლის ცხოვრებაც რადიკალურად მას შემდეგ იცვლება, რაც ამბიციური მეტოქე უყვარდება.