ელისაშვილის მხრიდან იყო თხოვნა, ხომ არ დავუთმობდით ამ ოლქში მის კანდიდატს ადგილს

ელისაშვილის მხრიდან იყო თხოვნა, ხომ არ დავუთმობდით ამ ოლქში მის კანდიდატს ადგილს

"ალეკო ელისაშვილისგან უცნაური განცხადება მოვისმინე, რომ თითქოს ევროპული საქართველო ეხვეწებოდა, დამდგარიყო კანდიდატად. ეს არ არის სიმართლე. ჩვენ შეხვედრა გვქონდა, რომელიც მისი ინიციატივით შედგა, მე ამით მოხარული ვიყავი. ჩვენ იქ ვიხილავდით არჩევნებთან დაკავშირებით ურთიერთმოსაზრებებს. არანაირი თხოვნა არ ყოფილა. მისი მხრიდან იყო თხოვნა, ხომ არ დავუთმობდით ამ ოლქში მის კანდიდატს ადგილს და არ გავუწევდით კონკურენციას. ცოტა უცნაური და არაკორექტულია: თუ ასეთი რამის თხოვნა გინდა, შემდეგ კი საჯაროდ იძახი, რომ ეს სიბინძურეა და "ნაცს" უწოდებ შალვა შავგულიძეს და ემთხვევი შენს გზავნილში ქართულ ოცნებას, ეს არ არის პატიოსანი პოზიცია. თუ თანამშრომლობისთვის მზად ხარ და შეხვედრაზე მოდიხარ, ოღონდ შემდეგ საჯაროდ თავდემებს ესხმი თავს, რატომ გაეკარნენ ამ ძალიან ცუდ ხალხსო, ვწუხვარ, მაგრამ ეს არ არის პატიოსანი პოზიცია - თავისუფალი დემოკრატები პატიოსნად, ღიად თანამშრომლობენ ჩვენთან და საჯაროდ სხვა პოზიცია არ უკავიათ.

მიუხედავად ამისა, ჩვენ გვსურს დიალოგი. მოვუწოდებ ყველა მათ მომხრეს, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ - მათი და, ჩემი აზრით, მთელი ქვეყნის ინტერესებშია ეს. რა პერსონალური წყენებიც არ უნდა იყოს, არავის ვესხმით თავს იმის გამო, რომ რაღაც პოზიციები არ დაიკავა. ბუნებრივია, ვპასუხობთ არასწორ ინფორმაციას და ეს, რაც ბატონმა ელისაშვილმა გაავრცელა, არ არის სიმართლე. რადგან მან გამოიტანა ეს შეხვედრა სააშკარაოზე, დავამატებდი, რომ ჩვენ გვქონდა კორექტული, ცივილიზებული შეთანხმება - მეორე ტურში ვინც არ უნდა გასულიყო, ჩვენ დავუჭერდით მხარს” - განაცხადა ,ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,360 გრადუსში"