დავით ზალკალიანი გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური სამსახურის ვიცე-პრეზიდენტს, ანდრეა შუმახერს შეხვდა

დავით ზალკალიანი გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური სამსახურის ვიცე-პრეზიდენტს, ანდრეა შუმახერს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური სამსახურის ვიცე-პრეზიდენტს, ანდრეა შუმახერს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში, დადებითად შეფასდა გერმანიასა და საქართველოს შორის არსებული დინამიური ორმხრივი თანამშრომლობა. ქართულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა გერმანიის განსაკუთრებული როლი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში.
მხარეებმა ისაუბრეს ევროკავშირში/შენგენის სივრცეში საქართველოს მოქალაქეთა უვიზო მიმოსვლის შესახებ. დავით ზალკალიანმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ევროპული ინტეგრაციის გზაზე მოპოვებული უმნიშვნელოვანესი მიღწევაა, რომელსაც განსაკუთრებული პოლიტიკური და პრაქტიკული დატვირთვა აქვს საქართველოსათვის. სწორედ ამიტომ, მთავრობა ძალღონეს არ იშურებს მისი შეუფერხებელი ფუნცქიონირების უზრუნველსაყოფად.

შეხვედრაზე ისაუბრეს უვიზო რეჟიმის არამიზნობრივი და არაკეთილსინდისიერი გამოყენებით წარმოქმნილ სირთულეებზე, განსაკუთრებით, საქართველოდან გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა გაზრდილი რაოდენობის კონტექსტში. ცალსახად აღინიშნა, რომ საქართველო მიჩნეულია უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად და აქედან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქეების მიერ გაკეთებული განაცხადების დიდი უმრავლესობა არ კმაყოფილდება.

დავით ზალკალიანმა ანდრეა შუმახერს გააცნო საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ზომები, როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონდებლო დონეზე. აღინიშნა, რომ თავშესაფრის სისტემის არაკეთილსინდისიერად გამოყენების წინააღმდეგ საბრძოლველად, საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ევროკომისიასთან და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით.
შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის გაგრძელდება მჭიდრო და ინტენსიური თანამშრომლობა მიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე