საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები ყველაზე მაღალ ნიშნულზეა - ბახტაძე

საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები ყველაზე მაღალ ნიშნულზეა - ბახტაძე

ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები ყველაზე მაღალ ნიშნულზეა, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ ერთსულოვნად მიღებული საქართველოს მხარდამჭერი აქტი. 

"ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები ყველაზე მაღალ ნიშნულზეა.  მსურს, მადლობა გადავუხადო ჩვენს ამერიკელ მეგობრებს ამ ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტისთვის, სადაც მკაფიოდ არის ხაზგასმული სრული მხარდაჭერა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. არის ძალიან მკაფიო გზავნილები იმ საკითხებზე, რომელიც უკავშირდება რუსულ ოკუპაციას, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვას, რომელსაც ადგილი აქვს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არის ძალიან მკაფიო გზავნილები ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც გაბედავს და დაიწყებს არალეგალურ საქმიანობას რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. 

ამ დოკუმენტში მათ შორის არის მოწოდებები იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ შეიქმნას ხუთწლიანი გეგმა, განსაკუთრებით თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებაში, სადაც ჩვენ შევძლებთ, ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმავოთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან. ამავე დროს, არის მნიშვნელოვანი გზავნილები ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.