გამოძიებამ ვერ მოახერხა გარდაცვალების გარემოების სრული სურათის აღდგენა - სახალხო დამცველი

გამოძიებამ ვერ მოახერხა გარდაცვალების გარემოების სრული სურათის აღდგენა - სახალხო დამცველი

ომბუდსმენის 2018 წლის ანგარიშში პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმის გამოძიებაც მოხვდა. ანგარიშში ნათქვამია, რომ 16 ტომიანი საქმე სახალხო დამცველის აპარატმა პროკურატურის თანხმობით, 2018 წლის სექტემბერ-ნოემბერში შეისწავლა. სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, მასალების შესწავლის შედეგად იკვეთება, რომ გამოძიებამ ვერ მოახერხა ზვიად
გამსახურდიას გარდაცვალების გარემოების სრული სურათის აღდგენა და არსებითი მტკიცებულებების მოპოვება

"საქმის მასალების შესწავლის შედეგად იკვეთება, რომ გამოძიებამ ვერ მოახერხა ზვიად
გამსახურდიას გარდაცვალების გარემოების სრული სურათის აღდგენა, საქმისთვის
მნიშვნელოვანი და არსებითი მტკიცებულებების მოპოვება, შესაძლო დანაშაულში მონაწილე
პირების, მათ შორის, შესაძლო ორგანიზატორის, აღმსრულებლისა და დამხმარის გამოვლენა და
პასუხისგებაში მიცემა. სამწუხაროდ, სახეზე გვაქვს ჩაუტარებელი, დაგვიანებით ჩატარებული
ან არასრულყოფილად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები.
ამასთან ყურადსაღებია, რომ სამართალდამცავი ორგანოები არ დაინტერესებულან, თუ რა
მიზეზით არ ტარდებოდა საგამოძიებო მოქმედებები, არ დაწყებულა გამოძიება გამოძიებაზე
შესაძლო პოლიტიკური გავლენებისა და შესაძლო განზრახ გამოძიებისთვის ხელშეშლის,
მტკიცებულებათა განადგურებისა და სხვა დანაშაულებრივი ფაქტების გამოსავლენად/
დასადგენად.
საქართველოს სახალხო დამცველმა პოზიტიურად შეაფასა საქართველოს პარლამენტის მიერ
კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილება, რომლის მიხედვითაც დანაშაულის ხანდაზმულობის
ვადა გაიზარდა და გამოძიებას დამატებითი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარების
შესაძლებლობა მიეცა" ნათქვამია სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშში