სახელმწიფო ჯილდოების რაოდენობა შემცირდება

სახელმწიფო ჯილდოების რაოდენობა შემცირდება

„სახელმწიფო ჯილდოები არის ძალიან დიდი რაოდენობით. ხშირად სტატუტები ფარავს ერთმანეთს და ერთიდაიგივე სფეროში გაიცემა სხვადასხვა ჯილდო. მაგალითად, ლიტერატურაში ან ხელოვნებაში შეტანილი წვლისისთვის არის რადენიმე სახეობის ჯილდო, ეს რა თქმა უნდა, შესამცირებელია. სტატუტები არის დასახვეწი, გასაერთიანებელი და ჯილდოების სტილიც უნდა მოექცეს ერთიან ჰერალდიკურ სტილში. ამასთან, ჯილდოს რომ დახედავთ, უნდა მიხვდეთ, რომ ეს არის საქართველოს სახელმწიფო ჯილდო. ის უნდა შეიცავდეს სახელმწიფოს ფერს და სახელმწიფო სიმბოლოებს. დაცული უნდა იყოს იერარქიაც. არ შეიძლება სახელმწიფო ჯილდოებში ჩანდეს ისტორიულობა და არა იერარქია. დღეს სწორედ ისტორიულობა ჩანს, რა როდის და ვის მიერ არის შექმნილი სხვადასხვა ეპოქებში. ესეც დასახვეწია.

რომელი ჯილდო შეიძლება შეიცვალოს, ამას ვერ გეტყვით, რადგან საკითხს მუშაობა სჭირდება მთავრობასთან და პრეზიდენტთან. ჩვენ შეგვიძლია წინადადებები შევთავაზოთ, მაგრამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ვერ ვიღებთ. მაგალითად, ლიტერატურის დარგში გაიცემა რამდენიმე ჯილდო, ასევე ხელოვნების და მეცნიერების დარგებში, ასევე არის სახელმწიფო გმირის ორდენი. არის წმინდა გიორგის და წმინდა ნიკოლოზის ორდენები. რაც შეეხება ლიტერატურის დარგში გაცემულ ჯილდოებს, ესეც ერთიან ჰერალდიკურ კანონიკაშია მოსაყვანი. დასადგენია მაგალითად, ვაჟა-ფშაველას ორდენი რით განსხვავდება რუსთაველის ჯილდოსგან და ა.შ. როგორც უკვე აღვნიშნე, არ შეიძლება სტატუტები ერთმანეთს ფარავდეს. მაგალითად, ლიტერატურის დარგში არ შეიძლება რამდენიმე ჯილდო იყოს, ასევე, მამაცობისთვის იყოს რამდენიმე ჯილდო, თავდადებისთვის, გმირობისთვის და ა.შ. თუ სტატუტები მეორდება, მაშინ ხარისხობრივად იყოფა. მაგრამ ისე, რომ ერთიდაიგივე ხარისხი ჰქონდეს და ერთიდაიგივე სტატუტი იყოს, არ შეიძლება. ახლა ერთიდაიგივე ჯილდოს სტატუტი ერთმანეთს ფარავს. ამის გაერთიანება შეიძლება.      

ქვეყნის ხუთჯვრიან დროშას და გერბს არავითარი ცვლილება არ შეეხება. რაც შეეხება სხვა დაწესებულებების სიმბოლოებს, რომელ უწყებებზეც არ არის ჩვენი დასკვნა გაცემული, მათ 5 წლის განმავლობაში უნდა გადაამტკიცონ თავიანთი სიმბოლოები. ბევრ უწყებას ეს გასაკეთებელი ექნება. მაგალითად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ემბლემა აბსოლუტურად გამართულია, ასევე გამართულია კონტროლის პალატის მიერ შექმნილი გერბი, ასევე დიდი ხანია საგარეო საქმეთა სამინისტრო იყენებს დიდ სახელმწიფო გერბს, რაც აბსოლუტურად გამართულია. ასევე დაიხვეწა და საერთო სტილში ჩაჯდა თავდაცვის სამინისტროს გერბი“ - განაცხადა პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს დიზაინის და ანალიტიკის სამსახურის უფროსმა დავით ჩხეიძემ