ტყუილი და „სამზარეულოს“ სიმართლე ....

ტყუილი და „სამზარეულოს“ სიმართლე ....

"ის, რომ შემდგარი სახელმწიფო ვართ, არის ერთი დიდი ტყუილი. 
სიმართლეა, რომ ვართ გაეროს მიერ გეოგრაფიულ საზღვრებში აღიარებული ქვეყანა, რომელიც ამ ტერიტორიას სრულად ვერ აკონტროლებს.
სიმართლეა, რომ გვაქვს სახელმწიფო, საჯარო და პოლიტიკური სტრუქტურები რომლებიც დაცლილია შინაარსისაგან და რომლებსაც არა აქვთ უნარი (არც უფლება) დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების და ფუნქციონირების.
ის, რომ დემოკრატიული მმართველობა გვაქვს, არის მომდევნო დიდი ტყუილი.
სიმართლეა, რომ პარლამენტი, პრემიერმინისტრი, პრეზიდენტი, სასამართლო ხელისუფლება - არ არიან ერთმანეთისგან დამოუკიდებლები და მათ ერთი პიროვნება (თუნდაც ბევრისთვის მოსაწონი) მართავს. მისი არაფორმალური მმართველობა შეიფუთა ფორმალურ ძალაუფლებად კომუნისტური ეპოქის დარად - ,,პარტია (თავმჯდომარე) ჩვენი მესაჭეა!“
ის რომ ქვეყანაში 400 პოლიტიკური პარტიაა, არის მომდევნო ტყუილი! 
სიმართლეა, რომ ქვეყანაში არ არსებობს პოლიტიკური ინფრასტრუქტურა და კონკურენტუნარიანი სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნებოდა რეალური პოლიტიკური გაერთიანებების ფუნქციონირება. გვყავს ერთი პარტია და ფორმალური მრავალპარტიულობისათვის ხელშეწყობილი მისი მეორე ნაწილი თავიანთი სატელიტებით.
ეს ორივე „პარტია“ ერთი კლანური წიაღიდან არიან აღმოცენებული და მათი შემადგენლობაც კი ერთმანეთში განუწყვეტლივ მოძრავია. ძირითად საკითხებში ერთი შეხედულებები აქვთ და სხვაობა მხოლოდ მმართველობის დროს დაშვებული შეცდომების სიმძიმეშია. 
ტყუილია, რომ ვატარებთ დემოკრატიულ არჩევნებს დემოკრატიული კანონმდებლობით.
სიმართლეა, რომ საარჩევნო კანონმდებლობა და საარჩევნო ადმინისტრაცია მორგებულია მხოლოდ მმართველ პარტიაზე. 
სიმართლეა, რომ არჩევნები არის ადამიანების დროებითი ან მუდმივი დასაქმების წყარო. ხოლო ამომრჩეველთა ის სიები. რომელიც თავის დროზე საკრიტიკო იყო, დღეს სახელისუფლებო პარტიის განკარგულებაშია.
ტყუილია, რომ საქართველოში გვაქვს თვითმმართველობა.
სიმართლეა, რომ ქართული თვითმართველობა ფიქციაა! სოფლის, თემის დონეზე ის საერთოდ არ არსებობს. 
მორიგი დიდი ტყუილია ის, რომ ვითომ ქვეყანას გაცხადებული აქვს ნატოსა და დასავლეთისკენ სწრაფვა.
სიმართლეა ის, რასაც ყველა ვხედავთ და მათ შორის დასავლეთიც, ხელისუფლების მიერ მონურ დამოკიდებულებას ჩრდილოელი მეზობლის მიმართ და შესაბამის დათმობებს სხვადასხვა სფეროში. პრინციპი ასეთია: მთავარია ტახტი არ შეირყეს! 
ის, რომ ასე თუ ისე, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სისტემა მუშაობს, ტყუილია!
სიმართლეა ის, რომ სამკურნალო დაწესებულებების უმეტესობა და დაზღვევის სისტემები მოქცეულია ფარმაცევტული კომპანიების ქვეშ. ხელისუფლებაში მოსვლამდე, ამას სიმახინჯეს უწოდებდა დღეს ფორმალური მმართველი.
ტყუილია, რომ ჩვენთან საუკეთესო ბიზნეს გარემოა.
სიმართლეა ის, რასაც ავსტრიის და იტალიის ელჩები ამბობენ საჯაროდ. დანარჩენი მხოლოდ ბრჭყვიალა ქაღალდით შეფუთული ტყუილია. 
ის, რომ ბანკებს კანონით ეკრძალებათ არაპროფილური საქმიანობა, არის ტყუილი!
სიმართლეა ის, რომ საქართველოს ბანკი, თბილისის წყალმომარაგებას ფლობს.
ის, რომ ენერგეტიკის სფერო საბაზრო პირობებშია და სემეკი დამოუკიდებელი ორგანოა, არის ტყუილი!
სიმართლეა, ის რომ სადრისტიბუციო ორგანიზაციებს ენერგომწარმოებელი ბლოკებიც აქვთ. რაც შეეხება ფორმალურად დამოუკიდებელ სემეკს, გემახსოვრებათ როგორ აჩუქა მოთხოვნის არარსებობის პირობებში თელასს ტარიფზე ერთი თეთრი.
დიდი ტყუილია ისიც, რომ ვითომ განათლების სისტემაში რეფორმები ტარდება.
სიმართლეა ის, რომ ჯერ არავის უნახავს თუნდაც კონცპტუალური მოსაზრებები იმის შესახებ, თუ რა გვინდა და როგორ ვხედავთ ამ სისტემის შედეგს ათწლეულების შემდეგ.
ტყუილია ის რომ გვყავს „მცირე მთავრობა“ ( სახელმწიფო კონცეფცია).
სიმართლეა ის, რომ სამინისტროების რიცხვი ხელოვნურად შემცირდა 14-დან 11-მდე, ხოლო სახელმწიფოს ფუნქციები შემცირების ნაცვლად, რაც რეალური „მცირე მთავრობის“ კონცეფციის შინაარსია, გაიზარდა.
ის, რომ თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია (რომელიც გავლენას ახდენს საზოგადოებრივ აზრზე) არსებობს, ტყუილია!
სიმართლეა ის, რომ მედიასივრცეც ორპოლუსიანია და ხელისუფლების სტრატეგიაში ზის და მედიაპოლიტიკა ყოველთვის შეთანხმებულია და მას ვერავინ ვერ არღვევს.
მოკლედ;
ის, რომ ....................არის ტყუილი!
ის, რომ ....................არის ტყუილი!
და ა.შ.
ის, რომ 2030 წლისთვის ნათელ მომავალზე გვკვებავენ სახარებისეული მოსეს ლეგენდით, ესეც დიდი ტყუილია!
მოსემ არამარტო თაობა გამოცვალა უდაბნოში 40 წლის სვლით. ისინი შესაბამისად აღზარდა კიდეც გაჭირვებულ, მაგრამ თავისუფალ გარემოში.
აქ კი თაობები მოდიან და ხვდებიან იმ მახინჯ საბჭოურ-ბოლშევიკურ სისტემაში, რომელიც ითრევთ მათ და მის მსახურად ხდის.
ამიტომ უნდა მივხვდეთ იმ დიდ ტ ყ უ ი ლ ს, რომლის საფარქვეშ ინიღბება კლანური ნეობოლშევიკური სისტემა. 
მივხვდეთ იმას, რომ არსებული რეალობა ჩვენი და ჩვენი შვილების მტერია და დავიწყოთ მისი დემონტაჟი თვითოეული ჩვენთაგანის გონებაში მაინც.
ამ ტყუილ-მართლის მიგნება არანაირი სიახლე არ არის, ამას შენ თვითონაც კარგად ხვდები და ხედავ პატივცემულო ქართულო საზოგადოებავ. 
ამაზე შენც ლაპარაკობ, ამაზე ლაპარაკობს ყველა და ყველაგან, მაგრამ არა საჯაროდ, არა ხმამაღლა და რაც ყველაზე მთავარია არა ორგანიზებულად.
ბევრ თქვენგანს ახსოვს „საბჭოთა სამზარეულო“ სადაც ყველანი, მაღალჩინოსანი პარტიული ფუნქციონერიდან დაწყებული რიგითი მოქალაქით დამთავრებული სიმართლეს ლაპარაკობდა.
ამ „სამზარეულომ“ დიდი როლი ითამაშა საბჭოეთის დემონტაჟში და ეს „სამზარეულო“ დღესაც ფუნქციონირებს „საბჭოთა“ საქართველოში და ყველა ჩვენთაგანის ოჯახში.
გამოსავალი ერთი გვაქვს - გადავითვალოთ რამდენი ვართ ამ სიმართლის ხმამაღლა მთქმელები (თუ ვართ საერთოდ), შემოვიკრიბოთ კიდევ სხვა ჩვენნაირები და გამოვიდეთ „სამზარეულოდან“ საჯარო სივრცეში.
სიმართლე მაგარი რამეა და ტყუილს უეჭველი მოერევა თუ არ შეგვეშინდება" - წერს ფეისბუქზე გოგი ლორთქიფანიძე