ბიძინა ივანიშვილს მინდა ვუთხრა - არაფერი შეგეშალოთ

ბიძინა ივანიშვილს მინდა ვუთხრა - არაფერი შეგეშალოთ

ლევან ვასაძემ ვიდეომიმართვისას განაცხადა, ის და მისი თანამოაზრეები არ დაუშვებენ, რომ დედაქალაქში ლგბტ აქტივისტების მიერ დაგეგმილი ღონისძიება „თბილისი პრაიდი“ გაიმართოს. მისივე განმარტებით, სამოქმედო გეგმაზე კვირას, 16 ივნისს შეთანხმდებიან.

"გეძახით, ხალხო მოდით და დაგვიდექით. ვერავის ავუკრძალავთ მოსვლას, მაგრამ იქ კაცების გასაკეთებელი საქმეა. ამიტომ, ქალბატონებს და ბავშვებს ვთხოვ, დარჩეთ სახლში. მე ვეძახი მამაკაცებს, ქართველებს, აზერბაიჯანელებს, ოსებს, აფხაზებს, რუსებს, უკრაინელებს, ბერძნებს, ქურთებს, იეზიდებს - ყველას, ვინც ჩვენს სამშობლოში ერთად ცხოვრობს. ძმებო და დებო, ეს ჩვენი სამშობლოა. ის დაფუძნებულია ჩვენი და თქვენი კულტურების პატივისცემაზე. მაგ საფუძვლის მორღვევას ცდილობენ. ნუ დავუშვებთ ამას. გეპატიჟებით ხვალ, 20:00 საათზე, ვერის ბაღში.

ვფიქრობდი, სად შევიკრიბოთ-მეთქი. მე მთაწმინდელი კაცი ვარ, ჩემი უბანი მიყვარს. მერე გადავწყვიტე, რომ ეს მამაჩემის უბანი - ვერა, ძალიან კარგი და სიმბოლური ადგილია კაცების შეყრისათვის. იქ გაგაცნობთ სამოქმედო გეგმას. ეს სამოქმედო გეგმა არის საქართველოში წესრიგის დაცვა.

გუშინ, თავიდან, მომეჩვენა, რომ პოლიცია იქცეოდა ძალიან კარგად, მაგრამ მერე მოიქცა ძალიან ცუდად. არბევდნენ მშვიდობიან დემონსტრანტებს. საკმარისი იყო ვინმეს ხმა ამოეღო, ან რამე გაეკეთებინა, იქვე აპატიმრებდნენ და მიათრევდნენ საპყრობილეში. იმათ კი ეფოფინებოდნენ, როგორც კერპებს. ეტყობა ასეთი ბრძანება აქვთ და აი, მაგ ბრძანების გამცემს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს და ყველას, ვინც საქართველოს სათავეშია მინდა ვუთხრა, არაფერი შეგეშალოთ. ამ კვირაში, მაგათ მიერ რაიმე საჯარო აქციების გამართვისა და კორდონების ჩაყენების უფლებას არ მოგცემთ, კინოთეატრში იქნება ეს, სკვერში, ქუჩაში, მთაზე, ტბაში და ტყეში, ყველგან მოგაკითხავთ, ყველა კორდონს გავარღვევთ და წაგლეკავთ“