„პროპორციულ სისტემაზე გადასვლა უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯია“ - ირაკლი აბესაძე

„პროპორციულ სისტემაზე გადასვლა უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯია“ - ირაკლი აბესაძე

„ევროპული საქართველოს“ წევრის, დეპუტატ ირაკლი აბესაძის განცხადებით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯია.

აბესაძე იმასაც აცხადებს, რომ მისი პარტია პროპორციული საარჩევნო სისტემის პრეზენტაციაში მონაწილეობას არ მიიღებს, რადგან დღევანდელი ღონისძიება „ქართული ოცნების“ პარტიულ ღონისძიებად მიაჩნიათ.

„თუმცა, რა თქმა უნდა ძალიან აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ ამ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვასა და სამართლებრივ პროცედურებში, რათა „ქართული ოცნების“ მხრიდან ძლიერი საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე ფაქტობრივად იძულებით მიღებული ეს ნაბიჯი ბოლომდე იქნას მიღებული და შემდეგ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული საარჩევნო სისტემით, რაც ნამდვილად იქნება საზოგადოების და ზოგადად, დემოკრატიის გამარჯვება ამ ქვეყანაში“, – აღნიშნა ირაკლი აბესაძემ.

მისი თქმით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა მოხერხდა მხოლოდ ძალიან ძლიერი საპროტესტო მუხტის ფონზე და აღნიშნული ცვლილება უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯია.

„რაც შეეხება ბარიერის არარსებობას თუ სხვადასხვა საკანონმდებლო ხრიკებს, რომელიც შეიძლება, შემოგვთავაზოს „ქართულმა ოცნებამ“ შემდგომ არჩევნებზე საზოგადოებრივი მხარდაჭერის არარსებობის პირობებში, გარკვეული ხელოვნური უპირატესობის მოსაპოვებლად ოპოზიციასთან, რა თქმა უნდა, ჩვენ ვეცდებით, რომ ამ საკითხებზე გვქონდეს ჩვენი პრინციპული პოზიცია და ვცადოთ ამ საკითხების გამოსწორება და მორგება დღეს არსებულ რეალურ პოლიტიკურ ვითარებაზე. თუმცა, მეორე მხრივ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არის უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯი, მაჟორიტარული სისტემის გაუქმება ძალიან დიდი დარტყმაა „ქართული ოცნებისთვის“, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

მისი თქმით, ბლოკების არარსებობა ოპოზიციისთვის პრობლემაა.

„ნულპროცენტიანი ბარიერის პირობებში სავარაუდოდ ივანიშვილი ფიქრობს, საკუთარი ფულით, ხშირ შემთხვევაში შავი უკანონო ფულით საარჩევნო კამპანიის დაფინანსების პირობებში პარლამენტში მოახვედროს სხვადასხვა წვრილ-წვრილი პარტიები, ან პერსონები, რომლებსაც შემდგომ ეცდება, რომ გაურიგდეს, იყიდოს ან უკანონო მეთოდებით შეიყვანოს კოალიციაში. ეს რისკი ძალიან დაბალი და უმნიშვნელოა იმასთან შედარებით, რა რისკსაც ქმნის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა. ამ შემთხვევაში, რასაც „ქართული ოცნება“ გვთავაზობს, არც ბლოკები არ იქნება და ეს ოპოზიციისთვის, რა თქმა უნდა, პრობლემაა. მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმება, რომლითაც მხოლოდ და მხოლოდ უკანონო მეთოდებით სარგებლობს მმართველი პარტია, არის უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯი“, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.