8 ათასი წლის წინ, ყველაზე ძველი სადღეგრძელო საქართველოში ითქვა - საქართველო, ქვეყანა სადაც ღვინო დაიბადა - დონატო ლანატი

8 ათასი წლის წინ, ყველაზე ძველი სადღეგრძელო საქართველოში ითქვა - საქართველო, ქვეყანა სადაც ღვინო დაიბადა - დონატო ლანატი

იტალიური ყოველკვირეული ჟურნალის Famiglia Cristiana-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ვიდეორეპორტაჟი, საქართველოში მევენახეობის უძველესი კულტურის შესახებ.

რეპორტაჟში, მეღვინეობის უმაღლესი საერთაშორისო ჯილდოს, ღვინის ოსკარის მფლობელი,  იტალიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული მეღვინე, ენოლოგი, დონატო ლანატი, რომელიც,  მსოფლიოს ენოლოგთა ხუთეულში შედის და ქართული ღვინის კომპანია „ბადაგონი“-ს მთავარი ენოლოგია, საქართველოში, მევენახეობის, როგორც  უძველეს კულტურის განვითარებაზე საუბრობს.

ლანატი, კახეთის რეგიონში მდებარე ქართული ქრისტიანულ-მართლმადიდებლური მონასტრის - ალავერდის კუთვნილ ვენახში იმყოფება და აღწერს იმ ისტორიულ ფაქტებს, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველო უძველესი ღვინის ქვეყანაა. ლანატი ასევე საუბრობს, ღვინოზე, როგორც ისტორიულ ელემენტზე, რომელიც წარმოადგენს კულტურულ ხიდს სხვადასხვა ხალხებში.

ფოტოზე - დოქტორი დონატო ლანატი ალავერდის უძველეს ქვევრში

ფოტო - კომპანია "ბადაგონის" მიერ აღორძინებული ალავერდის მონასტრის ქვევრის ისტორიული მარანი

გთავაზობთ თარგმანს ვიდეორეპორტაჟიდან: საუბრობს დოქტორი დონატო ლანატი. 

„სანამ 2019 წლის მოსავლის აღების პროცესი სრულად დაიწყება (როგორც კოლდირეტი - იტალიის ფერმერთა ეროვნული კონფედერაცია - აცხადებს, 7 აგვისტოს სალემში, სიცილიაში, პირველი მოსავალი უკვე მიღებულია), ჩვენ კავკასიის მთისწინეთში ვიყავით - იქ, სადაც 8 ათასი წლის წინ ვაზის პირველი მტევანი დაიწურა.

66 წლის ენოლოგი,  დონატო ლანატი, ღვინის მნიშვნელობას განმარტავს: მსოფლიოში ყველაზე ძველი სადღეგრძელო, შეიძლება ითქვას, 8 ათასი წლის წინათ არის წარმოთქმული, დღევანდელ საქართველოში, რაც ნეოლითის ეპოქის დასახლების - „გადაჭრილის გორაზე“ ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებითაც დასტურდება, თბილისიდან 50 კილომეტრის დაშორებით. გათხრების დროს აღმოჩენილი ამფორების (თიხის ჭურჭლის) ნატეხების რადიოქიმიურმა ანალიზმა აჩვენა, რომ (მათზე შემორჩენილი ღვინის მჟავის კვალი) ჩვენს ერამდე 6 ათასი წლის წინანდელ პერიოდს მიეკუთვნება. ეს აღმოჩენა, რომელიც ტორონტოს (კანადა) უნივერსიტეტისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგს წარმოადგენს, იმას ნიშნავს, რომ ღვინის დაბადების თარიღმა უფრო უკან გადაიწია, ვიდრე ეს ირანში, ზაგროსში აღმოჩენით იყო ცნობილი (იქ ფერმენტირებული ღვინის კვალი თარიღდება 5400 – 5000 წლით ჩვენს ერამდე).

ეს ვიდეო გადაღებულია კავკასიის მთისწინეთში, კახეთის რეგიონში მდებარე ქართული ქრისტიანულ-მართლმადიდებლური მონასტრის - ალვერდის კუთვნილ ვენახში, სადაც 66 წლის დონატო ლანატი, იტალიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული მეღვინე-ენოლოგი ღვინის მნიშვნელობას განმარტავს: ღვინო როგორც ისტორიის ელემენტი, რომელიც სხვადასხვა კულტურებისა და ხალხებს შორის (ფინიკიელები, ბერძნები, ილირიელები, რომაელები...) ხიდის როლს ასრულებს. ღვინო ასევე სარკეა სიკეთისა და ბოროტების, ბუნებისა და ადამიანის ურთიერთკავშირში (რასაც არამარტო კათოლიკური ეკლესია ადასტურებს, არამედ მართლმადიდებლური და პროტესტანტული ეკლესიებიც).

როგორც კოლდირეტი აცხადებს, 7 აგვისტოს სალემში, სიცილიაში, ყურძნის პირველი მოსავალი უკვე მიღებულია, რაც ნიშნავს, რომ 2019 წლის მოსავლის აღების მექანიზმი უკვე ამოძრავდა. იტალიაში საკმაოდ არეული კლიმატია - იქ ერთმანეთს ცვლის ცივი და ცხელი აფრიკული ჰაერის ტალღები, რაც დამახასიათებელია ზაფხულის პერიოდისათვის. ეს ყველაფერი კი ყურძნის მოსავალს აფერხებს, განსაკუთრებით ჩრდილოეთ ნაწილში.

ჯერ-ჯერობით მოსავლის ზუსტი მონაცემები ცნობილი არაა, თუმცა, კოლდირეტის წინასწარი შეფასებით, იტალიამ შეიძლება პირველი ადგილი დაიკავოს ღვინის წარმოებაში 47-49 მილიონი ჰექტოლიტრით, საფრანგეთთან (43-46 მილიონი) და ესპანეთთან (40-44 მილიონი) შედარებით. ასეთი მონაცემები იტალიისათვის მაინც მნიშვნელოვანი მიღწევაა იმის გათვალისწინებით, რომ გასულ 2018 წელთან შედარებით, 2019 წელს ეროვნულ დონეზე მოსავლის 10%-იანი კლებაა მოსალოდნელი".

 ფოტო-  ალავერდის მონასტერი

მასალა გამოქვეყნებულია, იტალიური ყოველკვირეული ჟურნალის Famiglia Cristiana-ს ვებ-გვერდზე. ჟურნალი დაარსებულია 1931 წელს, იბეჭდება მილანში, ტირაჟი - 544 ათასი ეგზემპლარი.

პაოლო სიკარდის ვიდეორეპორტაჟი: