DeutscheWelle „რუსთავი-2“-თან დაკავშირებული მოვლენების შესახებ

DeutscheWelle „რუსთავი-2“-თან დაკავშირებული მოვლენების შესახებ

„ქართველი ტელეწამყვანის სკანდალურმა გამოსვლამ, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეურაცხყოფა მიაყენა, საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. მოქალაქეები ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ოფისთან შეიკრიბნენ და პროტესტი გამოხატეს“, - იუწყება გერმანული ტელერადიოკომპანია DeutscheWelle.

პუბლიკაციაში მიმოხილულია პირდაპირ ეთერში მომხდარი ინციდენტი და აღნიშნულია, რომ ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას უცენზურო განცხადებამ ადამიანებში მწვავე გაღიზიანება გამოიწვია. ასეთი რეაქციის გამო ტელეარხმა დროებით მაუწყებლობა შეწყვიტა, ხელისუფლებას დახმარებისთვის მიმართა და თანამშრომლის ასეთი ქცევის გამო ბოდიში მოიხადა. იმავდროულად „რუსთავი-2“-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსის და ოფიციალური პირების განცხადებაში აშკარად ჩანს „მუქარები“, რაც „სიტყვის თავისუფლების დარღვევასა და მასმედიის საქმიანობაში ჩარევას“ ნიშნავს.

DeutscheWelle-ში გამოქვეყნებულ მასალაში აღნიშნულია, რომ „რუსთავი-2“-ის ქმედება მკაცრად დაგმეს როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ასევე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

პუბლიკაციაში ასევე მოკლედაა მიმოხილული თბილისში მიმდინარე ანტირუსული აქციები და დაძაბულობის ზრდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში, რაც 8 ივლისიდან რუსული სამგზავრო ავიარეისების შეწყვეტაში გამოიხატა, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის „უვადო“ ბრძანებულების თანახმად. იქვე ხაზგასმულია, რომ რუსეთის ხელისუფლება რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენების შეწყვეტის შედეგად მიყენებულ ზარალს აუნაზღაურებს.