უცნაური იაპონური ტრადიციები - ტოპ 10

უცნაური იაპონური ტრადიციები - ტოპ 10

„ამომავალი მზის ქვეყნად“ წოდებული იაპონია, ძირითადად, მნიშვნელოვანი ეკონომიკური მიღწევებით, უმაღლესი ხარისხის ტექნიკის წარმოებითა და ჰიროსიმა-ნაგასაკის  ტრაგედიითაა ცნობილი... ცხადია, ამ ქვეყნის ლიტერატურისა და კინემატოგრაფიის შესახებაც ბევრი ფლობს ინფორმაციას, თუმცა ამ მხრივ იაპონია ევროპას, რუსეთს თუ ამერიკის შეერთებულ შტატებს მაინც ვერ უტოლდება. იაპონიის გეოგრაფიულმა არეალმა განაპირობა, რომ დანარჩენმა მსოფლიომ თითქმის არაფერი იცის იაპონიის უნიკალურ კულტურასა და ყველასაგან გამორჩეულ, ერთი შეხედვით უცნაურობებით აღსავსე უძველეს წეს-ჩვეულებებზე, ისტორიულ წარსულსა თუ თანამედროვე ყოფაზე.

იაპონურ უცნაურობათა ათეული უფრო მეტ წარმოდგენას შეგვიქმნის ამ მართლაც გამორჩეული ქვეყნისა და მისი მოსახლეობის კულტურაზე.

 

1. ახალი წელი დილით!

ახალ წელს იაპონელები განსხვავებულად ხვდებიან - ახალი წლის ღამეს, სხვა დღეების მსგავსად, ისინი მშვიდად წვებიან დასაძინებლად, უთენია იღვიძებენ და საახალწლო გარიჟრაჟს ხვდებიან. რა თქმა უნდა, ჩვენშიც ბევრი ეგებება ახალი წელს დილით, მაგრამ სავსებით სხვაგვარ მდგომარეობაში...

2. არასოდეს თქვა არასოდეს!

იაპონიის მცხოვრებნი ცდილობენ არასოდეს წარმოთქვან სიტყვა „არა“, უბრალოდ ამჯობინებენ ამგვარ თემას ზრდილობიანად აუქციონ გვერდი, ან ისეთი სახის „დიახ“-ს იტყვიან, რომ საბოლოო ჯამში, დასტურის მთქმელს არანაირ ვალდებულებას არ უქმნის.

3. იუმორი

იაპონური კულტურა არსებითად არ იცნობს ანეგდოტებს. ეს ძნელი წარმოსადგენია, თუმცა ზუსტად ასეა... იაპონელებს იუმორის მეტად თავისებური და საინტერესო გრძნობა აქვთ. აი ახალი ანეგდოტიც - იაპონელებს არ აქვთ ანეგდოტები, მაგრამ აქვთ იუმორის თავისებური აღქმა.

4. სავიზიტო ბარათები

იაპონიაში წარმოუდგენლად, თითქმის უზრდელობად მიიჩნევა სავიზიტო ბარათების არქონა!!! აქედან გამომდინარე, იაპონელები საცურაო აუზშიც კი სავიზიტო ბარათებისთვის განკუთვნილი წყალგაუმტარი მომცრო ჩანთით  ჩადიან!.. ამავე დროს სავიზიტო ბარათს იმდაგვარად აწვდიან, რომ ადრესატმა ის მყისიერად წაიკითხოს.

5. ზრდილობა იაპონურად

ზრდილობა იაპონიაში დღემდე უმაღლეს საფეხურზეა აყვანილი. ხელის ჩამორთმევის ნაცვლად, შეხვედრისას მისალმებას ისინი წელში მოხრილნი ღრმა თავისდაკვრით გამოხატავენ. მეტიც, ამგვარ მისალმებას ისინი არაერთგზის იმეორებენ. ხანდახან სიტუაცია აბსურდამდეც დადის. მაგალითად, თუკი იაპონელმა სუში შეუკვეთა სახლში მიტანით და ერთობ ზრდილობიან კურიერს გადაეყარა, თავის დაკვრით მისალმებამ შესაძლოა, კარგა ხანს გასტანოს, რაც  მათ უამრავ დროს დააკარგვინებს და სტუმრებს დიდხანს მოუწევთ სუშის დაგემოვნების ლოდინი! ასეთ შემთხვევაში ვერაფერს გააწყობთ, რადგან „პროტოკოლის დაცვა“ სავალდებულოა! ზრდილობა ხომ იაპონელთა გამორჩეული თვისებაა!..

6. ტრანსპორტი

იაპონურ მეტროში ხშირად წააწყდებით სპეციალურად მომზადებულ ადამიანებს, რომლებიც მგზავრებს ვაგონებში „ტენიან“. ობიექტურობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ეს „პროფესია“ უცხო არც სხვა ქვეყნებშია, მაგალითად, სინგაპურში. სხვაგვარად, მგზავრთა ჭარბი ნაკადის პირობებში, მატარებლის კარის დახურვა შეუძლებელი იქნებოდა.

7. უცნაური იაპონელი მოსწავლეები

იაპონელ გოგოებს, გარკვეული ასაკის დადგომამდე, კატეგორიულად ეკრძალებათ ვაჟებთან ურთიერთობა და საუბარი.

ბოლო დროს, იაპონელი მოსწავლე გოგოები ვაჟების „მატროსკებში“ გამოწყობილები დადიან, ხოლო ყმაწვილები გოგოების სასკოლო კაბებით სიარულს  ამჯობინებენ.

იაპონელი მოსწავლე უცნაურობებით არაფრით ჩამოუვარდება ზრდასრულ იაპონელს. მაგალითად, თუკი იაპონელი სკოლის მოსწავლე გოგონა სასკოლო შესვენებაზე ვაჟს თავის წილ საკვებს შესთავაზებს - ეს ლამისაა კუბოს კარამდე სიყვარულის დასტურად მიიჩნევა. ამდენად, ვაჟები და გოგოები თუკი ერთად მიირთმევენ საკვებს უხერხულობისაგან წითლდებიან.

კიდევ უფრო უცნაურია იაპონური სასკოლო ტრადიცია. ამ ტრადიციის მიხედვით მოსწავლეებს ეკრძალებათ განმარტოებით სიარული. ისინი ვალდებულები არიან მხოლოდ მეგობრების თანხლებით გადაადგილდნენ. ამიტომ გუნდ-გუნდად სიარული იაპონიაში საუკეთესო ტონად მიიჩნევა.

კანტიო თუ კანჩო - ეს არის უცნაური იაპონური თამაში, რომელიც უმცროსკლასელებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. მოთამაშეები ხელისგულებს ატყუპებენ და წინ საჩვენებელ თითს გამოწევენ. სწორედ ამგვარად გამოწეული თითით ცდილობს მოთამაშე მეორეს უკანალზე იმ დროს უბიძგოს, როცა იგი დაბნეულად გამოიყურება ან ყურადღება აქვს მოდუნებული. ასეთ თამაშებში მონაწილეობას ხანდახან პედაგოგებიც იღებენ, თუმცა სკოლის დირექცია სასტიკად კრძალავს ამგვარ თამაშებს. იყო შემთხვევებიც, როდესაც ზოგიერთი პედაგოგი პედოფილიაშიც კი დაადანაშაულეს. ექსტრემალურ თამაშთა შორის, კანჩო 27-ე ადგილზეა იაპონიაში.

8. მისამართები

ქუჩათა უმეტესობას იაპონიაში დასახელება არ გააჩნია. ასეთ შემთხვევაში სახლზე მინიშნება აღწერილობითი ფორმით ხდება, მაგალითად - „მაღაზიის შემდეგ მეორე კუთხის სახლი“... გამოიყენება კვარტალშიდა ნუმერაციაც. კიდევ უფრო მეტ დაბნეულობას იწვევს სახლებისთვიუს ნომრების მინიჭება აშენების დროის მიხედვით.

9. ტყუპების შიში

ძველად იაპონიაში მიიჩნევდნენ, რომ ტყუპი ბავშვებიდან ერთ-ერთი დემონის მიერ იყო ჩასახული. ამიტომ არჩევდნენ ორივე ბავშვის თავიდან მოშორებას, იგივე ხვედრი დედაზეც ვრცელდებოდა. 

10. ოჯახური ფინანსები

იაპონურ ოჯახში ფინანსებს ცოლი განკარგავს, ხოლო ქმარს იმის უფლებაც კი არ აქვს, ეჭვქვეშ დააყენოს ცოლის გადაწყვეტილება ამა თუ იმ შენაძენთან დაკავშირებით. თუმცა, ეს ფაქტი სულაც არ აისახება უარყოფითად ოჯახის ბიუჯეტზე, რადგან იაპონელი ქალები ბუნებით მფლანგველები არ არიან.