ამ კლანს არ მოსწონს, რომ მათი ტელევიზიით გავა გზავნილი, სადაც ნათლად იქნება დაფიქსირებული პოზიცია არამარტო ივანიშვილზე, ასევე სააკაშვილზე

სერგი კაპანაძე

გამოქვეყნებულია  158 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

"ევროპული საქართველოს" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, იმედის მიერ ევროპული საქართველოს კლიპის არ გაშვებას ეხმაურება, სადაც ნეგატიურ კონტექსტში არიან ნახსენები ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშილი.

კაპანაძის თქმით, ყველა ტელევიზიამ, გარდა იმედისა, გაუშვა ეს კლიპი, ხოლო როგორც კაპანაძე აღნიშნავს, იმედი სხვადასხვა აბსურდული მიზეზის გამო, არ უშვებს ამ კლიპს თავის ეთერში.

„წინასაარჩევნო კამპანიის დროს, უმნიშვნელოვანესია პოლიტიკური პარტიებისათვის სხვა  მედია ინსტრუმენტების გამოყენების პარალელურად, როგორიცაა სოციალური მედია,  კონკრეტული სარეკლამო კლიპების გაშვება სატელევიზიო მედიაში. მით უმეტეს, როდესაც პოლიტიკური პარტია ცდილობს თავისი ერთ-ერთი მთავარი გზავნილი მიიტანოს რაც შეიძლება მეტ ადამიანთან.

თქვენ კარგად იცით, რომ "ევროპულ საქართველოს" გარდამტეხი ცვლილებების გეგმის პარალელურად ასევე აქვს აღებული ორი ვალდებულება საზოგადოებასთან. ერთი ვალდებულებაა, რომ არ შევუქმნით მთავრობას ბიძინა ივანიშვილს არავითარ შემთხვევაში და ამის ინიციატორებიც ვიყავით სხვა პოლიტიკურ ძალებთან ერთად, რომ სხვებსაც დაეფიქსირებინათ ეს პოზიცია და მეორე პოლიტიკური ვალდებულება, რომელიც ავიღეთ, ეს არის, რომ არ დავუჭერთ მიხეილ სააკაშვილს პრემიერ მინისტრის პოსტზე.

ამასთან დაკავშირებით, ჩვენი ერთ-ერთი სარეკლამო კლიპი განათავსა ყველა ტელევიზიამ, გარდა იმედისა, რაც აბსოლუტურად გასაგებია ჩვენთვის, რომ ოლიგარქს ენგრევა თავისი პროპაგანდისტული გზავნილი, რომ ყველა ოპოზიციური პარტია არის მიხეილ სააკაშვილთან და "ნაციონალურ მოძრაობასთან" აფილირებული და გზავნილი, რომ ევროპული საქართველო არის იგივე ნაციონალური მოძრაობა და იგივე სააკაშვილი და ეს ბუნებრივია მათ არ მოსწონთ და ამ გუნდს, კლანს, არ მოსწონთ, რომ მათი ტელევიზიით გავა გზავნილი, სადაც ნათლად იქნება დაფიქსირებული "ევროპული საქართველოს" პოზიცია, არამარტო ივანიშვილთან, როგორც მიუღებელ მმართველთან, რომელიც არის აუცილებლად დასამარცხებელი, არამედ ჩვენი პოზიცია იმაზე, რომ არ ვუჭერთ მხარს მიხეილ სააკაშვილს პრემიერობაზე.

აქედან გამომდინარე, ისინი ბლოკავენ ამ კლიპის გაშვებას სრულიად აბსურდული, არაადეკვატური მიზეზებით და 1 კვირაზე მეტია ისინი არ გვაძლევენ ჩვენ საშუალებას, რომ ჩვენი გზავნილი მივიტანოთ საზოგადოებამდე მათი მედიის საშუალებით. სამწუხაროდ, იმედი ჩამოყალიბდა მთავრობის პროპაგანდისტულ ინსტრუმენტად და მანქანად და ამიტომ, მათ არ სურთ ისეთი ტიპის გზავნილები იქნას გაჟღერებული მათი არხიდან, რომელიც ეწინააღმდეგება მათ ამ პროპაგანდისტულ მიმართულებას.

ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავთ მათ, ისევე როგორც მარეგულირებელს,უზრუნველყოს, რომ პოლიტიკური პარტიის მიერ მომზადებული სარეკლამო კლიპი გავიდეს ყველა არხზე, რადგან ყველა კანონი არის დაცული და მისი არ გაშვება არის ჩვენი კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა.“ - აცხადებს კაპანაძე.

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ამ კლანს არ მოსწონს, რომ მათი ტელევიზიით გავა გზავნილი, სადაც ნათლად იქნება დაფიქსირებული პოზიცია არამარტო ივანიშვილზე, ასევე სააკაშვილზე
  • unipress