ევროკავშირი პუტინთან დაახლოებული პირების აქტივების გაყინავას აპირებს

ევროკავშირი - რუსეთი

გამოქვეყნებულია  29 ნახვა განახლებულია 13 დღის წინ

ევროკავშირი რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინის მოკავშირეებისთვის სანქციების დაწესებას და ფინანსური აქტივების გაყინვას გეგმავს. გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი ქვეყნები, დიდი ალბათობით, 26 მარტს დანიშნულ სამიტზე მიიღებენ, რასაც ევროკავშირის წამყვანი დიპლომატების კომენტარებიც მოწმობს. ევროპელი დიპლომატების კომენტარებს გამოცემა Reuters ავრცელებს. 

კრემლის კრიტიკოსის, ალექსეი ნავალნის 3 წლით დაპატიმრების შემდეგ მრავალი საერთაშორისო აქტორი ევროკავშირისგან რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესებას რამდენიმე კვირაა აანონსებს. მოლოდინი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის, ჟოზეფ ბორელის მოსკოვში ვიზიტმა უფრო მეტად გაამყარა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ ბორელმა განაცხადა, რომ "ევროკავშირი და რუსეთი უფრო და უფრო სცილდებიან ერთმანეთს. როგორც ჩანს, რუსეთი დემოკრატიულ პრინციპებს ეგზისტენციალურ საფრთხედ აღიქვამს". 

ლავროვმა კი ბორელთან შეხვედრისას გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ევროკავშირს არასაიმედო პარტნიორი უწოდა, შეხვედრიდან რამდენიმე დღის შემდეგ კი განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის, ევროკავშირთან ურთიერთობები გაწყვიტოს. 

მარტის სამიტის მოახლოებასთან ერთად, დიპლომატებმა განაცხადეს, რომ რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესების მოლოდინი აქვთ. 

"მარტის სამიტამდე ველი, რომ დამატებითი სანქციები დაწესდება", - აცხადებს ერთ-ერთი დიპლომატი 26 მარტის სამიტის შესახებ, რომლის ფარგლებშიც, ბრიუსელში ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ლიდერი ერთმანეთს შეხვდება. 

17 თებერვალს ევროკავშირის ელჩებს შორის გამართულ შეხვედრაზე სანქციების დაწესების მოლოდინი უფრო მეტად გაღრმავდა: შვედეთის, გერმანიის, საფრანგეთის, პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების წარმომადგენლებმა საჯაროდ განაცხადეს დამატებითი სანქციების აუცილებლობის შესახებ და მოსალოდნელ გადაწყვეტილებას მხარდაჭერა გამოუცხადეს. 

ელჩებს შეხვედრაზე რუსეთიდან გერმანიაში თითქმის დასრულებული გაზსადენი მილის პროექტის, Nord Stream 2-ის შეჩერებისა და სანქცირების საკითხი არ განუხილავთ, მიუხედავად იმისა, რომ მოწოდებები ევროპელი და განსაკუთრებით გერმანელი კანონმდებლების მხრიდან ნავალნის მოწამვლის შემდეგ განსაკუთრებით გახშირდა. 

სანქციების შესახებ მოწოდებებს რუსეთიდან რამდენიმე ევროპელი დიპლომატის გაძევება უძღვოდა წინ. რუსეთმა ნავალნის მხარდამჭერ "უკანონო გამოსვლებში" მონაწილეობის ბრალდებით, ქვეყნიდან გერმანელი, პოლონელი და შვედი დიპლომატები გააძევა. ოფიციალური უწყებების მხრიდან აქციებში მონაწილეობის ფაქტის უარყოფის მიუხედავად, რუსეთმა გადაწყვეტილება არ შეცვალა, რასაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან საპასუხო ნაბიჯი მოჰყვა - 5 თებერვალს სამივე ქვეყანამ რუსი დიპლომატები გააძევა. 

"სანქციები მყისიერად უნდა დაწესდეს", - აცხადებს Reuters-თან ერთ-ერთი წამყვანი დიპლომატი, - "სხვა შემთხვევაში, მათი ძალა შესუსტდება". 

22 თებერვალს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო მინისტრები რუსეთთან ურთიერთობის საკითხზე დებატებს  გამართავენ და მარტში დაგეგმილ ევროპის საბჭოს სამიტზე განსახილველ სტრატეგიულ საკითხებზე შეთანხმდებიან. კრემლის წინააღმდეგ მოსალოდნელი სანქციების შესახებ, სავარაუდოდ, სწორედ 22 თებერვლის შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ევროკავშირი პუტინთან დაახლოებული პირების აქტივების გაყინავას აპირებს
  • unipress