თუ მმართველი გუნდი დადებულ პირობებს არ შეასრულებს, შეიძლება ყველაფერი მოხდეს

ანდრიუს კუბილიუსი

გამოქვეყნებულია  319 ნახვა განახლებულია 3 წელი წინ

თუ მმართველი გუნდი ჩვენს ნდობას ვერ შეინარჩუნებს და დადებულ პირობებს არ შეასრულებს, შეიძლება, ყველაფერი მოხდეს - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ლიტვის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ანდრიუს კუბილიუსმა ,,ტვ პირველთან' ინტერვიუში განაცხადა. 

კუბილიუსის თქმით, საქართველოს ხელისუფლება, 8 მარტის ხელშეკრულების არშესრულებით, რისკავს ევროკავშირის ნდობას და რწმენას, რწმენის დაკარგვა კი გამოიწვევს სხვა ყველაფერს, მათ შორის ფინანსური შესაძლებლობის გაქრობასაც.

"ევროკავშირის მხარდაჭერა დამოკიდებულია იმ პირობების შესრულებაზე, რომლებიც 8 მარტის შეთანხმებით არის გათვალისწინებული და თავის თავში დემოკრატიის განვითარებასაც გულისხმობს. ამიტომაც ვარ შეშფოთებული, შეთანხმება, რომელსაც ხელი მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ მოაწერეს, ძალიან მნიშვნელოვანია და არ არის სრულად შესრულებული, რაზეც პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. ის მხოლოდ პროპორციულ არჩევნებს არ გულისხმობს, გულისხმობს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და მართლმსაჯულების პოლიტიკისგან დაცლას და სწორედ ამ პირობას არ ასრულებს ხელისუფლება. საერთაშორისო ინსტიტუტებს, რომლებიც საქართველოს დახმარებას უზრუნველყოფენ, გვიჩნდება კითხვები და ეჭვებიც უფრო იზრდება. შესაძლოა, პირდაპირ ფინანსური მხარდაჭერა არ შევწყვიტოთ, მაგრამ ხელისუფლება რისკავს ევროკავშირის ნდობას და რწმენას, რწმენის დაკარგვა კი გამოიწვევს სხვა ყველაფერს, მათ შორის ფინანსური შესაძლებლობის გაქრობასაც", - უთხრა ევროპარლამენტარმა ,,ტვ პირველთან" ინტერვიუში.  

რაც შეეხება სანქციებს, კუბილიუსის თქმით, ესეც საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. ევროპარლამენტარი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, არ მიჰყვეს უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის მაგალითს, ვინაიდან "ყველამ კარგად ვიცით, როგორ დამთავრა იანუკოვიჩმა.

"ის დამოკიდებულია იმაზე, გვექნება თუ არა საქართველოს დემოკრატიის რწმენა, ხელისუფლების გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე. თუ მმართველი გუნდი ჩვენს ნდობას ვერ შეინარჩუნებს და დადებულ პირობებს არ შეასრულებს, შეიძლება, ყველაფერი მოხდეს. მოვუწოდებ მათ, არ გაყვნენ იანუკოვიჩის მაგალითს, რომელიც ოპონენტებს ციხეში უშვებდა. ჩვენ კარგად ვიცით, როგორ დაამთავრა იანუკოვიჩმა, არ გვინდა, საქართველოს ხელისუფლებამაც ეს ცუდი ბედი გაიზიაროს", - ამბობს ევროპარლამენტარი


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • თუ მმართველი გუნდი დადებულ პირობებს არ შეასრულებს, შეიძლება ყველაფერი მოხდეს
  • unipress