მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლობას აღნიშნავს

ღვთისმშობლის შობა

გამოქვეყნებულია  162 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს, ღვთისმშობლობას აღნიშნავს. ღვთისმშობლის შობა ერთ-ერთია 12 საუფლო დღესასწაულს შორის.

ამ დღესთან დაკავშირებით საზეიმო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდება. სრულიად საქართველომ ერთობლივი ლოცვით უნდა მიმართოს თავის მფარველს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ქვეყნის კეთილდღეობისთვის.

"უნდა ავანთოთ სანთელი და სამჯერ ვთქვათ შემდეგი ლოცვა:

"მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთაისაი. ამინ!". ვინც ამ დროს არ იმყოფება ტაძარში, მას შეუძლია ლოცვა თქვას სახლშიც, ქუჩაშიც, ტრანსპორტშიც და საერთოდ ნებისმიერ ადგილზე. მთავარია, ყველამ, როგორც ახალგაზრდამ, ისე ასაკოვანმაც და ბავშვმაც ერთდროულად შევთხოვოთ ყოვლადწმინდა მარიამს, ჩვენი სამშობლოსა და თითოეული ჩვენთაგანის მფარველობა და შეწევნა. ერთობლივ ლოცვას დიდი ძალა აქვს".

 ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გალილეის პატარა ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მამა, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, მართალი ანა - პირველი მღვდელმთავრის აარონის შთამომავალი. 

ღვთისმოშიშ ცოლ-ქმარს შვილი ხანდაზმულ ასაკში შეეძინათ. მათ აღთქმა დადეს, თუ ღმერთი შვილს მისცემდათ, ახალშობილს ტაძარში მსახურებისთვის უფალს მიუძღვნიდნენ. უფალმა იოაკიმესა და ანას ლოცვა-ვედრება შეისმინა. მთავარანგელოზმა გაბრიელმა ამცნო ანას, რომ იგი მუცლად-იღებდა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი საკუთარ სახლში სამი წელი იზრდებოდა.
მართალი იოაკიმ და ანა ეკლესიის მიერ "მშობლებად ღმრთისა" იწოდებიან, როგორც უფალ იესო ქრისტეს ხორციელნი წინაპარნი. მათ განსაკუთრებული მადლი აქვთ ღვთისაგან - უშვილოებს შვილი მიანიჭონ, შეწყვიტონ მიწისძვრები და დააცხრონ ქარიშხლები.
ღვთისმშობელმა თავისი სიწმინდითა და სათნოებით არა მხოლოდ ყველა მოკვდავს, ყველა ანგელოზსაც გარდაამეტა, ღვთის ცოცხალ ტაძრად იქცა, როგორც მას წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია უგალობს, გახდა „ზეციური ბჭე, რომლითაც ქრისტე ამქვეყნად მოვიდა ჩვენს სულთა სახსნელად“, ღვთისმშობელი ზეციურ იერარქიაში თვით უმაღლესი დასის ანგელოზებზე მაღლა დგას. როგორც მისდამი მიძღვნილ ერთ-ერთ საგალობელშია, „უპატიოსნესი ქერუბიმთა და აღმატებით უზესთაესი სერაფიმთა“. 
ღვთისმშობელი ყველას შემწე და მეოხია, მაგრამ საქართველოსა და ქართველებს იგი განსაკუთრებით მფარველობს. ეს იმიტომ, რომ, საღვთო გადმოცემის თანახმად, ივერია ღვთისმშობლის წილხვედრია. როცა მოციქულები წილს ყრიდნენ, ვის რომელ მხარეში ექადაგა ქრისტეს რჯული, ღვთისმშობელს საქართველო ხვდა წილად, მაგრამ დედაღვთისას უფალი გამოეცხადა და აუწყა, არ დაეტოვებინა იერუსალიმი, ვინაიდან მოახლოებული იყო მისი მიძინება, და ისიც აღუქვა, რომ მისი წილხვედრი მიწა მომავალში გაბრწყინდებოდა. ასე რომ, ღვთისმშობლის ნაცვლად საქართველოში ანდრია პირველწოდებული გამოგზავნეს.

საქართველო რომ ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ იმყოფება, ეს ღვთის დიდი წყალობაა, მაგრამ ამავდროულად უდიდესი პასუხისმგებლობაც. წყალობას, მადლიერების გარდა, ღირსეულად მიღებაც სჭირდება, რადგან წყალობა მხოლოდ მაშინაა ჯილდო, როცა ერთგულად მსახურებ უფალს! თუ უღირსად ექცევი ბოძებულ მადლს, იგი სასჯელად იქცევა.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ხსენება, როგორც მართმადიდებელი ეკლესიის დღესასწაული, ჯერ კიდევ მე–4 საუკუნეში დადგინდა. მოციქულთა სწორმა ელენემ ღვთისმშობლის შობის სახელზე აღმართა ტაძარი. ეს დიდი, საყოველთაო, ათორმეტთაგანი დღესასწაული უძრავია და 8(21) სექტემბერს აღესრულება. ეს არის განუყოფელი სიხარულის დღესასწაული, რადგან ღვთისმშობლისგან ადამიანთა მთელი მოდგმა განახლდა.

ტროპარი

 შობამან შენმან ღმრთისმშობელო ქალწულო, სიხარული აუწყა ყოველსა სოფელსა, რამეთუ შენგან აღმოგვიბრწყინდა მზე სიმართლისა, ქრისტე ღმერთი ჩუენი, დახსნა წყევა და მოგვმადლა კურთხევა, და განაქარვა სიკუდილი, და მოგვანიჭა ჩუენ ცხოვრება საუკუნო

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლობას აღნიშნავს
  • unipress