ონის ჰესების კასკადთან დაკავშირებით საკმაოდ ტენდენციური და არასწორი ინფორმაცია გავრცელდა

რომან კაკულია

გამოქვეყნებულია  104 ნახვა განახლებულია 10 თვის წინ

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას განცხადებით, ონის ჰესების კასკადთან დაკავშირებით საკმაოდ ტენდენციური და არასწორი ინფორმაცია გავრცელდა და ყველა პარამეტრი, რომლითაც უნდა შეფასდეს ჰესის მშენებლობა, ფაქტობრივად, არის მხოლოდ დადებითი.

მისი თქმით, არასწორია ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ერთი მხრივ გაცემულია ნებართვა და მეორე მხრივ, კი პროექტი არის ძალიან დიდი ზიანის მომტანი კლიმატისათვის და ზოგადად, ქვეყნისათვის.

„ამ პროექტზე ძალიან დიდი ხანია მიმდინარეობდა მუშაობა. გაკეთებულია როგორც ეკონომიკური კვლევა პროექტის, თავად კასკადის პროექტი გაკეთდა ძალიან კომპეტენტური გერმანული კომპანიის მიერ, გაკეთებულია გარემოზე ზემოქმედების შეფასება და გეოლოგიური კვლევა, ჩატარებულია ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები საფრთხეების შეფასების მიმართულებით. ეს არის პროექტი, რომელის განხორციელების შემდეგ გამომუშავება საქართველოს მოხმარების 6 პროცენტს შეადგენს და ჰესის ამუშავების შედეგად, როდესაც ის დაიწყებს ელექტროენერგიის გამომუშავებას, დაახლოებით 780 მლნ კილოვატსაათს მივიღებთ. ქონების გადასახადი, რომელიც ადგილობრივად მოხმარდება მოსახლეობას, იქნება 8 მლნ ლარი და ამიტომ, ამ პროექტზე ნეგატიური შეფასების გაკეთება ძალიან რთულია, თუ ძალიან არ მოვინდომებთ ამას“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ამ პროექტს არ შეიძლება ჰქონდეს მავნე ზეგავლენა, ვინაიდან საუბარია მხოლოდ 8 მეტრის სიმაღლის კაშხალზე, სადაც არც წყლის დაგროვება არ არის ისეთი მასშტაბის, რომელმაც შეიძლება ზემოქმედება გამოიწვიოს გარემოზე, ასევე არ განხორციელდება არავითარი აფეთქებითი სამუშაოები, როდესაც გვირაბის გაყვანაზეა ლაპარაკი.

„ფაქტობრივად ყველა პარამეტრი, რომლითაც უნდა შეფასდეს ჰესის მშენებლობა, არის მხოლოდ დადებითი, თვით იმ ბოლო შედეგით დამთავრებული, რომელმაც საბოლოო ჯამში სარგებელი უნდა მოუტანოს როგორც მოსახლეობას, ასევე მთლიანად საქართველოს და ამიტომ, ცალსახად მსურს განვაცხადო, რომ აბსოლუტურად არასწორია შეფასება, რომელიც გაკეთდა ერთ-ერთ ტელევიზიაში - არც ნებართვა გაცემულა ამ კოვიდვირუსის პირობებში და არც რაიმე ნეგატიური ზემოქმედება ამ პროექტს არ შეუძლია მოუტანოს ქვეყანას“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ონის ჰესების კასკადთან დაკავშირებით საკმაოდ ტენდენციური და არასწორი ინფორმაცია გავრცელდა
  • unipress