პატრიოტთა ალიანსის შემთხვევაში უბრალოდ მტრულ იდეებთან არ გვაქვს საქმე, მათი საჯარო საქმიანობა და ახლახანს გამოქვეყნებული დოკუმენტები, საფუძვლიან ეჭვს ქმნის რომ მათ პირდაპირი კავშირი აქვთ რუსეთის სპეცსამსახურებთან და რესურსებსაც იქიდან იღებენ

გიგა ბოკერია

გამოქვეყნებულია  86 ნახვა განახლებულია 5 თვის წინ

"საქართველოს დიდი ხნის მეგობარი, ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი პატრიოტთა ალიანსის პროპაგანდისტულ კამპანიას გამოეხმაურა. კინზინგერმა, რომელიც არა რომელიმე პარტიის არამედ ჩვენი ქვეყნის მეგობარია, სწორად შენიშნა, რომ პატრიოტთა ალიანსის მოქმედებები რუსეთისთვის ხელსაყრელ დაძაბულობას ქმნის და მტრისთვის ოკუპაციის ბრალის შემსუბუქებას ანუ პირდაპირ რომ ვთქვათ, პუტინის ინტერესებს ემსახურება.

მე არ მგონია რომ საქართველოში რაიმე სახის იდეა, მათ შორის ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრული, უნდა ისჯებოდეს.

თავისუფლება გულისხმობს ქვეყნისთვის საზიანო შეხედულებების მქონე ადამიანების უფლებასაც ჰქონდეთ ეს შეხედულებები. ამ მხრივ ამერიკის შეერთებული შტატების გამოცდილება საუკეთესო მგონია. აშშ-ში კუ -კლუქს კლანიც კი არ შეუზღუდავთ იდეების გამო, მხოლოდ კონკრეტული ძალადობრივი ქმედებების გამო სჯიდნენ. ცივი ომის დროს არც კომუნისტური პარტია აუკრძალავთ. უბრალოდ ორივეს პოლიტიკურ და მორალურ იზოლაციაში აქცევდა საზოგადოება და მთავარი პოლიტიკური ძალები.

პატრიოტთა ალიანსის შემთხვევაში უბრალოდ მტრულ იდეებთან არ გვაქვს საქმე. მათი საჯარო საქმიანობა და ახლახანს გამოქვეყნებული დოკუმენტები, საფუძვლიან ეჭვს ქმნის რომ მათ პირდაპირი კავშირი აქვთ რუსეთის სპეცსამსახურებთან და რესურსებსაც იქიდან იღებენ. ასეთი ქმედების შეზღუდვა კი არამარტო დასაშვებია დემოკრატიაში, არამედ აუცილებელია თავისუფლების დასაცავად.

პუტინის აგრესიის დროს, საქართველოს მთავარი შიდა პრობლემა პატრიოტთა ალიანსი კი არაა, არამედ ივანიშვილის ხელისუფლება,

რომელმაც 2012 წლიდან არაკოალიციურ პარტნიორად აირჩია ეს პარტია და წლებია მას აძლიერებს, ხელს უწყობს, “ერთ სულ და ერთ ხორც” არიან. ის რომ ორივე პარტია ერთად მოქმედებს და ორივე ივანიშვილის ინსტრუმენტია, მათი საჯარო ქმედებებიდან ჩანს. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ორივე პარტია ივანიშვილის ფულით ერთად ეწეოდნენ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ კამპანიას. ყველა საკვანძო მომენტში, როცა პარლამენტში მათი ხმები სჭირდებათ, უპრობლემოდ იღებენ ამ ხმებს. მთავარი პრობლემა ივანიშვილის ხელისუფლებაა, რომლის პატრონაჟითა და სპონსორობით არსებობენ პუტინისტური სიძულვილის ჯგუფები საქართველოში. აქაც, ფოთში, ხობში და სენაკში, ყველგან იციან, რომ პოლიტიკურ აქციებზე მთავრობა უგროვებს მათ ხალხს.

სწორედ ესეც არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი თუ რატომ უნდა დავამარცხოთ ამ არჩევნებზე ივანიშვილის ხელისუფლება და გარდამტეხი ცვლილებები მოვუტანოთ ქვეყანას. ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური კომპასი არა ჩრდილოეთით, არამედ თავისუფალი სამყაროსკენ უნდა იყო მიმართული" - წერს ფეისბუქზე "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ფოთის ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგა ბოკერია

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • პატრიოტთა ალიანსის შემთხვევაში უბრალოდ მტრულ იდეებთან არ გვაქვს საქმე, მათი საჯარო საქმიანობა და ახლახანს გამოქვეყნებული დოკუმენტები, საფუძვლიან ეჭვს ქმნის რომ მათ პირდაპირი კავშირი აქვთ რუსეთის სპეცსამსახურებთან და რესურსებსაც იქიდან იღებენ
  • unipress