„სოციალ-დემოკრატები“ მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაზე

სოციალ-დემოკრატები

გამოქვეყნებულია  244 ნახვა განახლებულია 1 წლის წინ

მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით „სიციალ -დემოკრატების“ ხედვა:

I. უმუშევრობის კომპენსაცია

მისასალმებელია კომპენსაციის დაწესება მათთვის, ვინც ეპიდემიის შედეგად სამსახური დაკარგა. ეს ეფუძნება ლოგიკას, რომ ამ ადამიანებს საკუთარი მოქმედებების ან უუნარობის შედეგად არ დაუკარგავთ სამსახური.

ამასთანავე, საქართველოში ეპიდემიის გარეშეც არსებობს ქრონიკული და მასობრივი უმუშევრობა, რაც ჩამოყალიბებული ეკონომიკური სისტემის შედეგს წარმოადგენს და ვირუსით გამოწვეული უმუშევრობის მსგავსად, არ არის იმ ადამიანების ბრალი და დანაშაული, რომლებიც სამსახურს ეძებდნენ ვირუსამდე და ვერ პოულობდნენ.

ამიტომაც საქართველოში, დასაქმების აქტიურ პოლიტიკასთან ერთად, უნდა გაფართოვდეს და დაინერგოს უმუშევრობის კომპენსაცია და მოიცვას ყველა სამუშაოს მაძიებელი. ეს უნდა იყოს არა დროებითი, არამედ მუდმივი პოლიტიკა. დღევანდელი სოციალური დაცვის სისტემა ადამიანს მხოლო იმ დროს ეხმარება, როდესაც ის უკვე უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება. სოციალური დახმარების სისტემაში უნდა არსებობდეს ბადეები, რომლებიც ადამიანებს ეხმარებიან იქამდე, სანამ ისინი უკიდურეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.

II. თვითდასაქმებულები და არაოფიციალურად დასაქმებულები

მთავრობის მიერ შემოთავაზებული სოციალური დახმარებების პაკეტი კრიტიკას იმსახურებს თვითდასაქმებულთა და, ასევე, არაფორმალურ სექტორში დასაქმებული ადამიანების მიმართ არასაკმარისი მზრუნველობის გამოჩენის გამო. ამასთან, მთავრობის შრომითი პოლიტიკის პასიურობა წარმოჩინდა იმაში, რომ არ არსებობს ისეთი ტიპის აღწერა, რომელიც სახელმწიფოს ამ ადამიანების იდენტიფიკაციის საშუალებას მისცემდა. პროგრესული საგადასახადო და ადმინისტრაციული რეფორმა უნდა იყოს სტიმული ამ ადამიანების შრომის ფორმალიზაცისთვის, რომ სახელმწიფოს შეეძლოს, კრიზისების დროს და ნორმალურ პირობებშიც, ასეთ საქმიანობაში ჩართული ადამიანების იდენტიფიცირება სოციალური დაცვის თუ სხვა მიზნებით.

ამ ყველაფერთან ერთად, აუცილებელია სხვადასხვა სოციალური დახმარების რეალურ საარსებო მინიმუმთან დაახლოება და ამისთვის სახსრების მოძიება.

III. გადასახადების საკითხი

სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით, დაბალ შემოსავლებზე საშემოსავლო გადასახადის შემცირება პოზიტიური გადაწყვეტილებაა. ეს თავის თავში გულისხმობს პროგრესული დაბეგვრის ელემენტს, რაც დაბალშემოსავლიანი ადამიანების საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებაში გამოიხატება.

იმავდროულად, აუცილებელია, სამართლიანი საგადასახადო სისტემის სრულად დამკვიდრება - მაღალშემოსავლიანი ადამიანების უფრო მაღალი განაკვეთებით დაბეგვრა, მეტი სოციალური თანასწორობის და საბიუჯეტო შემოსავლების ზრდისთვის. ეს ფუნდამენტურად აუცილებელია ეფექტური სოციალური კეთილდღეობის სახელმწიფოს არსებობისთვის.

IV. ეკონომიკური დაგეგმვის აუცილებლობა

დღეს არსებულ ვითარებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ისეთ ეკონომიკურ საქმიანობებს, რომლებიც ორიენტირებულნი არიან სასიცოცხლოდ აუცილებელი პროდუქციის წარმოებაზე. პირველ რიგში, სახელმწიფომ ეკონომიკური სისტემა სწორედ ამ დარგების განვითარებასა და წახალისებისკენ უნდა მიმართოს. ასეთი დარგებია სურსათის წარმოება და ჯანდაცვა. ამ დარგების განვითარების სახელმწიფო პოლიტიკა კარგად გათვლილი და დაგეგმილი უნდა იყოს გრძელვადიანი პერსპექტივის გათვალისწინებით და არა მხოლოდ დროებით.

მთავრობის მიერ გადადგმული დადებითი ნაბიჯების მიუხედავად, კვლავ სახეზეა ეკონომიკის სტურუქტურული ცვლილებების გაუთვითცნობიერებლობა.

გარდამავალ პერიოდში, რასაკვირველია, უპირველესი პრიორიტეტია მოსახლეობის დასაქმების შენარჩუნება ნებისმიერ დარგში.

თუმცა, თუკი ჩვენ გვსურს განვითარება, უნდა მოხდეს ისეთი პრიორიტეტების გამოვლენა, რომლებიც, ერთი მხრივ, მოახდენენ დაუსაქმებელი სამუშაო ძალის მაქსიმალურ ათვისებას და, მეორე მხრივ, ხელს შეუწყობენ მაღალტექნოლოგიურ, მაღალი დამატებული ღირებულების მქონე პროდუქციის შემქმნელი დარგების განვითარებას. ამ ვითარებაში ტურიზმის უპირობო და უპირველეს პრიორიტეტად და ეკონომიკის აღორძინების საფუძვლად წარმოჩენა არ მიგვაჩნია მართებულად.

ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებებიდან გამომდინარე, აუცილებელია სახელმწიფომ ჯეროვნად უპასუხოს შრომითი რესურსების გადამზადების გამოწვევას. უმუშევრობის დახმარების თანმდევი უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ გატარებული აქტიური დასაქმების პოლიტიკა, რისი ნაწილიც უნდა იყოს ახალი კადრების მომზადება და ძველების გადამზადება პერსპექტიული დარგების განსავითარებლად.

აუცილებელია, მთავრობის სტრუქტურული და ინსტიტუციონალური რეორგანიზაცია ზემოთ წარმოდგენილი ამოცანების გადასაჭრელად. ცენტრალური აგეგმარებითი და ანალიტიკური ფუნქციის გაძლიერება. ამჟამად ასეთ ფუნქციონირებას მთავრობა და ზოგადად სახელმწიფო მხოლოდ ეპიზოდურად ავლენს.

V. ჯანდაცვის სექტორის რეფორმა

საბედნიეროდ, სახელმწიფოს და სამედიცინო კორპუსის ეპიდემიის წარმატებულმა პრევენციამ მოახერხა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ამ ეტაპზე წარმატებით უძლებს დატვირთვას. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მთლიანობაში ძლიერი ჯანდაცვის სექტორი გაგვაჩნია.

ჩვენი ჰოსპიტალური სექტორი დაფუძნებულია მთლიანად მოგების მაქსიმიზაციის პრიორიტეტზე და მასში, როგორც თითქმის არც ერთ ქვეყანაში, არაპროპორციულად დიდი წილი კერძო სექტორს უკავია. ეს მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს ხარჯთეფექტური, საყოველთაოდ ხელმისაწვდომი და მაღალი ხარისხის ჯანდაცვისთვის, რომელიც დაიგეგმება არა მოგების მაქსიმიზაციის, არამედ საზოგადეობრივი საჭიროებების მიზნების შესაბამისად.

აუცილებელია სახელმწიფო სექტორის მნიშვნელოვანი ზრდა ჰოსპიტალურ სექტორში და სახელმწიფოს მიერ ფარმაცევტიკული ბაზრების სამართლიანი რეგულირება, ან პირდაპირ ამ სექტორში კონკურენციაში შესვლა.

VI. სახელმწიფოს როლი კომუნალურ სექტორში

დადებით ნაბიჯად მიგვაჩნია სახელმწიფოს მიერ მოსახლეობის კომუნალური მომსახურების ხარჯების უზრუნველყოფა, მაგრამ ეს არ უნდა იყოს დროებითი. ამავდროულად მთავრობამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ზოგადად მოსახლეობის კომუნალური მომსახურებით უზრუნველყოფაზე.

არ შეიძლება ამ სფეროში, ე.წ. ბუნებრივი მონოპოლიების არსებობის პირობებში, მხოლოდ მოგებაზე ორიენტირებული ბიზნეს-კომპანიები ოპერირებდნენ. აუცილებელია სახელმწიფოს წილის თანდათანობით ზრდა ამ სექტორებში, ისე რომ არ შეფერხდეს მიწოდება.

VII. ფინანსური სისტემის ძირეული რეფორმა

უმნიშვნელოვანესია ფინანსური ინსტრუმენტების საკითხი. ამჟამად ქვეყანაში არსებული ფინანსური ინსტრუმენტების მართვა მთლიანად არის მინდობილი კომერციულ ბანკებზე. კომერციული ბანკები არ ახდენენ ეკონომიკის დაკრედიტებას, ანუ საინვესტიციო კრედიტების გაცემას ბიზნესზე და, განსაკუთრებით, სოფლის მეურნეობასა და გადამამუშავებელ მრეწველობაზე. ისინი უმეტეს წილად ორიენტირებულნი არიან მოხმარებაზე, რაც აბრკოლებს განვითარებას და, იმ პირობებში, როდესაც ფინასური საშუალებების დიდი ნაწილი მათ ხელშია კონცენტრირებული, ქვეყნის ინდუსტრიულ და აგრო განვითარებაზე საუბარი ფაქტიურად შეუძლებელია.

აუცილებელია, სახელმწიფოს ჰქონდეს დარგობრივი ბანკები, ან ერთიანი განვითარების ბანკი. ასევე, შესაძლებელია კოოპერატიული ბანკების შექმნაც. ასეთი ინსტიტუტების არსებობა სახელმწიფოს შესაძლებლობას მისცემს გადაჭრას სოციალური პრობლემები და იმავდროულად, ხელი შეუწყოს ეკონომიკაში არსებული ამოცანების გადაწყვეტას. სახელმწიფომ ან თავად უნდა შექმნას ასეთი ტიპის ბანკები, ან არსებულ პირობებში შემოიღოს ისეთი რეგულაციები, რომლებიც შეუწყობენ ხელს ამ მიზნების შესრულებას.

ჩვენ ვიცით, რომ ჩვენს საზოგადეობაში არსებობს კონსენსუსი ზემოთ აღწერილი მიზნების შესახებ. თუმცა, ამასთან ერთად ქვეყანაში ფართოდ ტირაჟირებული და „ოპოზიციად“ აღიარებული პოლიტიკური ძალები ამ მიზნების გადაწყვეტას მთლიანად საბაზრო ძალების და კერძო ბიზნესის ფუნქციებად მოიაზრებს. აქამდე მსგავსი ხედვა ჰქონდა არსებულ ხელისუფლებასაც და, ფაქტობრივად, სახელმწიფოს როლი მინიმუმადე იყო დაყვანილი. უკვე ნათელია, რომ 30 წლის განმავლობაში არსებული ნეოლიბერალური პოლიტიკა, ამ მიზნებს ვერ შეასრულებს. ზემოთ აღწერილი ოპოზიციის „კრიტიკა“, რომელსაც გამუდმებით ვისმენთ, რეალურად ეფუძნება წარსულში უკვე არსებული გაბანკროტებული პოლიტიკის შენარჩუნების მცდელობას და რეალური ალტერნატივის ჩახშობას.

ნათელია, რომ კრიზისის დაძლევა და შემდგომი განვითარება უნდა განხორციელდეს სახელმწიფოს ხელმძღვანელობით, რაც გულისხმობს კერძო სექტორის ფართო მონაწილეობასაც. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ყოველწლიურად ჩვენს ქვეყანას არავინ მისცემს ბიუჯეტის მოცულობის თითქმის მესამედი სიდიდის სესხს. ასე, რომ განვითარების პოლიტიკის აქტიური გატარებისთვის და საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოსთვის აუცილებელი ხარჯები ბიუჯეტის მნიშვნელოვნად გაზრდას მოითხოვს. ამას ქვეყანაში არსებული ყველა ნეოლიბერალური ძალა დაუპირისპირდება და მის წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლა ფართო საზოგადოებრივი ჩართულობის გარეშე შეუძლებელია


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • „სოციალ-დემოკრატები“ მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაზე
  • unipress