ხელისუფლება, რომელიც მომავლის მოდელად საჩხერეს გვათავაზობს, ირჩევს სწორედ დაპირისპირების, ოპონენტების დაშინების და საარჩევნო გარემოს პოლარიზების გზას

დავით ბაქრაძე

გამოქვეყნებულია  90 ნახვა განახლებულია 10 თვის წინ

"ევროპული საქართველოს" ლიდერი, დავით ბაქრაძე, ხელისუფლების მხრიდან ოპონენტების ძალადობასა და მედიაზე თავდასხმას ეხმაურება. ბაქრაძის თქმით, დღეს ხელისუფლებას არ აქვს პასუხი საზოგადოებაში არსებულ არცერთ კითხვაზე, ამიტომ ის ირჩევს ძალადობისა და დაპირისპირების გზას.
ბაქრაძემ მოითხოვა, რომ დაისაჯოს ინციდენტში ჩართული პირები და ის მაღალი თანამდებობის პირები, რომლებზეც არსებობს გონივრული ეჭვი, რომ აორგანიზებდნენ და მონაწილეობდნენ ამ ძალადობაში.

"მინდა გამოვეხმაურო ძალადობის ფაქტების იმ სპირალას, რომელშიც ქვეყანა შეიყვანა ხელისუფლებამ ბოლო დღეების განმავლობაში და რომლის პიკიც იყო გუშინ, მარნეულში დატრიალებული მოვლენები. პირველ რიგში, ევროპული საქართველოს სახელით მინდა სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოვუცხადო ძალადობის თითოეულ მსხვერპლს, ჟურნალისტებს, რომლებიც ასრულებდნენ საკუთარ მოვალეობას, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, პარტია ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებსა და მხარდამჭერებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც გუშინ გახდა სისხლიანი და ძალადობრივი ანგარიშსწორების მსხვერპლი.

"ევროპული საქართველო" გმობს ძალადობას და მოითხოვს ხელისუფლებისაგან გამოძიებულ იქნას და დასჯილი იქნას ყველა, მათ შორის ის მაღალი თანამდებობის პირები, ვისზეც არსებობს მაღალი ალბათობით გონივრული ეჭვი, რომ პირადად აორგანიზებდნენ და მონაწილეობდნენ ამ ძალადობაში.

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ გზა, რომელიც აირჩია ქართულმა ოცნებამ, საარჩევნო გარემოს დაძაბვის და არჩევნების წინ განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების დაშინების და მათ წინააღმდეგ ძალის გამოყენების გზა, ეს არის გზა, რომელიც უზარმაზარ საფრთხეს უქმნის ქართულ სახელმწიფოს, ჩვენს მომავალსა და სტაბილურობას, ეს არის ასლან აბაშიძის გზა, რომელსაც მივყავართ საზოგადოების დაპირისპირებამდე, განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების ერთმანეთთან დაჯახებამდე და სახელმწიფოს მხრიდან მისი მთავარი ფუნქციის, წესრიგის, სიმშვიდის და მართლწესრიგის მორღვევამდე. ეს არის გზა, რომლითაც ქართული ოცნება ფიქრობს არჩევნების მოგებას, ვინაიდან დღეს, ქვეყანა არის უმძიემეს ეკონომიკურ კრიზისში და ხელისუფლებას დარჩა ერთადერთი გზა არჩევნების მოსაგებად.

ხელისუფლებას არ აქვს პასუხები კითხვებზე, ექნებათ თუ არა ადამიანებს სამუშაო, გაიზრდება თუ არა პენსია, დასტაბილურდება თუ არა ფასები, გამყარდება თუ არა ლარი, ხელისუფლებას არ აქვს პასუხი არცერთ კითხვაზე, ამიტომ, ხელისუფლება, რომელიც  მომავლის მოდელად საჩხერეს გვთავაზობს, ირჩევს სწორედ დაპირისპირების, ოპონენტების დაშინების და საარჩევნო გარემოს პოლარიზების გზას, რათა შემდეგ ამ პოლარიზებულ გარემოში ისევ დაპირისპირების შიშით, ისევ უარესის შიშით, ცუდი აარჩევინოს ადამიანებს. ამას უნდა დავუსვათ წერტილი ერთხელ და სამუდამოდ, არ უნდა მივცეთ ხელისუფლებას საშუალება, კიდევ ერთხელ აგვარჩევინოს ცუდი უარესის შიშით, არ უნდა მივცეთ ხელისუფლებას საშუალება სამოქალაქო დაპირისპირების, ძალადობის და განხეთქილების გზაზე დააყენოს ქვეყანა, ამიტომ ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ თითოეული იმ ადამიანის დასჯას, ვინც მონაწილეობდა და აორგანიზებდა ოპოზიციის წინააღმდეგ ძალადობას და მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, ნუ შეგეშინდებათ, ასეთი რამ ხდება მაშინ, როდესაც ხელისუფლების ბოლო ფაზაა და მას აღარ აქვს კითხვები იმ პასუხებზე და მოთხოვნებზე, რაც არსებობს საზოგადოებაში. ქვის სროლით არ იქმნება სამუშაო ადგილები, ადამიანების ცემით არ მყარდება ლარი, მანქანების მტვრევით არ იზრდება პენსია.

31 ოქტომბერს წერტილი უნდა დავუსვათ ამ ხელისუფლებასაც და წერტილი უნდა დავუსვათ ქვის ხანასაც. ამიტომ, ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ოპოზიცია, თითოეულ ჩვენ მხარდამჭერს მოვუწოდებთ, იყავით მტკიცედ, მშვიდად, არ შეშინდეთ, ჩვენი სიმშვიდით და სიმტკიცით აუცილებლად დავამარცხებთ ამ ხელისუფლებას" - განაცხადა დავით ბაქრაძემ

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ხელისუფლება, რომელიც მომავლის მოდელად საჩხერეს გვათავაზობს, ირჩევს სწორედ დაპირისპირების, ოპონენტების დაშინების და საარჩევნო გარემოს პოლარიზების გზას
  • unipress