150-ს რომ 27 გამოვაკლოთ რჩება 123 დეპუტატი - ცვლილებების მიღება „ნაცმოძრაობისა" და „ევროპული საქართველოს“ მხარდაჭერის გარეშეც შესაძლებელია

გია ჟორჟოლიანი

გამოქვეყნებულია  238 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

„სოციალ-დემოკრატების“ ლიდერის, გია ჟორჟოლიანის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების მხარდაჭერის გარეშეც არის შესაძლებელი:       

„ბოლო რამდენიმე დღეა ერთი მხრივ, „ქართული ოცნების“, ხოლო მეორე მხრივ, „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ მიერ კვლავ განახლდა დისკუსია საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ. საზოგადოებას ესმის ამ პოლიტიკური ძალების ურთიერთბრალდებები და ორივე მხარე შიშობს, რომ შესაძლოა საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება ეჭვქვეშ დადგეს და ამაზე პასუხისმგებლობას აკისრებენ ერთმანეთს. გვინდა საზოგადოებას შევახსენოთ, რომ ამგვარი ვითომდა ჩიხი რამდენიმე თვის წინ შეიქმნა საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობისას. ჩვენ მაშინაც განვაცხადეთ და დღესაც გვინდა გავიმეოროთ, საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებისთვის არ არის აუცილებელი შედგეს კონსენსუსი „ქართულ ოცნებას“, „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის. საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭიროა 113 ხმა. ეს ხმები შესაძლებელია მოგროვდეს „ქართული ოცნების“ წევრი 93 და სხვა დეპუტატებისგან, რომლებიც არ არიან „ნაციონაური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები. პარლამენტში ამ ორი პარტიის წევრი არის სულ 27. 150-ს რომ 27 გამოვაკლოთ რჩება 123 დეპუტატი. ანუ ამ ცვლილებების მიღება ამ პარტიების დეპუტატების გარეშეც შესაძლებელია. ამიტომ „ქართული ოცნების“ ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადება, რომ ისინი თუ მხარს არ დაუჭერონ, შეიძლება ჩავარდეს და მათი პასუხისმგებლობა იქნება, არის მცდარი, ან თვლა ეშლებათ, ან მიაჩნიათ რომ თვითონ ასეთ ცვლილებებს მხარს დაუჭერენ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობაც“ დაუჭერს,“- განაცხადა ჟორჟოლიანმა.

მისივე თქმით, პანდემიის პირობებში სხვა საკითხები უფრო აქტუალურია და საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი „ჭიქაში ქარიშხალს და ქარის წისქვილებთან ბრძოლას“ ჰგავს.

„ყველას კარგად გვახსოვს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ერთხელ უკვე გააწბილა როგორც ჩვენი მოქალაქეები, ასევე უცხოელი მეგობრები და პარნტიორები. ამავე დროს საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ უპასუხისმგებლო და არაკონსტრუქციული ქმედებები. ამ პოლიტიკური ჯგუფების მიერ არაარსებითი და არარსებული მიზეზების მოშველიებით, საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნა მათ დააკისრებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რაზეც ვფიქრობთ, არჩევნების დროს ჩვენი ხალხი გასცემს პასუხს, ანუ გაითვალისწინებს მათ უპასუხისმგებლო მოქმედებას. მინდა ვთქვა, რომ დღეს ეს თემა არ არის აქტუალური, ეს არის ქარიშხალი ჭიქაში ან გნებავთ, ბრძოლა ქარის წისქვილებთან. ჩვენთვის დღეს აქტუალურია ყოველდღიური პრობლემები პანდემიის პერიოდში და ამაზე კონცენტრირება არის როგორც მთავრობის, ასევე ყველა პასუხისმგებელი პოლიტიკური ძალისთვის უმნიშვნელოვანესი,“- აღნიშნავს გია ჟორჟოლიანი


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • 150-ს რომ 27 გამოვაკლოთ რჩება 123 დეპუტატი - ცვლილებების მიღება „ნაცმოძრაობისა" და „ევროპული საქართველოს“ მხარდაჭერის გარეშეც შესაძლებელია
  • unipress