17 მარტიდან 17 სექტემბრამდე...

ლეილა კვირიკაშვილი

გამოქვეყნებულია  83 ნახვა განახლებულია 2 თვის წინ

"ნოდარ ტაბიძე : «გალაკტიონი რომ გარდაიცვალა მე მაშინ 27 წლის ვიყავი, ბოლო 12 წელი მასთან ვცხოვრობდი».

17 მარტიდან 17 სექტემბრამდე

გალაკტიონის ძმის (პროკლე, იგივე აბესალომ ტაბიძე) შვილი, პროფესორი ნოდარ ტაბიძე, რომელიც ბიძის გარდაცვალებამდე (1959 წლამდე) ბოლო 12 წელი მასთან ერთად ცხოვრობდა, ყველაზე რეალურად და დოკუმენტურად აღწერს და იხსენებს თავის წიგნებსა და ინტერვიუებში გალაკტიონს, რომელსაც კოსმიურ არსებას უწოდებდა და მთელი ცხოვრება ეთაყვანებოდა.

ახლა გთავაზობთ ნოდარ ტაბიძის მოგონებას, რომელიც აცოცხლებს ყოველ წამს იმ დღისას. ეს იყო 17 მარტი. 1959 წელი იდგა....

ნოდარ ტაბიძე:

«აი, გალაკტიონი ისევ ცუდად იყო... 17 მარტს მითხრა: არა მგონია, ადგილი ჰქონდეთ, მაგრამ კარგს იზამ თუ გამომყვები საავადმყოფოშიო. მეც დავეთანხმე, ჩავაცვი პიჯაკი, მანქანა გავაჩერეთ და წავედით. რომ მივუახლოვდით საავადმყოფოს, გალაკტიონმა უთხრა მძღოლს: «გარეკე!» და გავაგრძელეთ გზა, შემდეგ გადავიდა, დალია არაყი, მიაყოლა ჯონჯოლი, ჩაილაპარაკა: «არ გამოვცოცხლდი კაცი?!»,- ამის შემდეგ რუსთაველისაკენ გავემართეთ. გზაში მძღოლს ესაუბრება:

- შვილები გყავს?

- დიახ, ორი და მალე შვილიშვილსაც ველოდები.

- ჰოდა, უთხარი შენს შვილებს, რომ გალაკტიონი ნახე. იცი, როგორ ვუყვარვარ ახალგაზრდობას?

ყელმოღერებული ლაპარაკობდა...

წავიდეთ, იქნებ იყოს ადგილი, - ვუთხარი მე და საავადმყოფოსკენ გავემართეთ. მივედით. ნაცნობი ექიმები გადაეხვივნენ გალაკტიონს და უთხრეს: «დღეს ადგილი არ გვაქვს».

დილით ისევ ვკითხე: როგორ ბრძანდებით? მან კი მიპასუხა: არა მიშავს რა, - თან ხელებს იფშვნეტდა. უკვე ისეთ დღეში იყო, რომ წინააღმდფეგობის გაწევის თავიც კი აღარ ჰქონდა. შეგვხვდა ნაცნობი ექიმი და უთხრა გალაკტიონს: მალე მოვა შენი ძმაკაცი კალე (მთავარი ექიმი) და აუცილებლად აღმოგიჩენს ადგილს. ვდგავართ ბატონი კალეს კაბინეტის წინ. აი, მოვიდა მთავარი ექიმიც:

-რა დაგემართა გალაკტიონ?

- ვკვდები... გრიპი... გაციება... სურდო (რაღა თქმა უნდა, ყველაფერი არ დაასახელა)...

- გიშველი რამეს, ახლავე ავალ და გიშოვი ადგილს.

მართლაც აღმოჩნდა ადგილი. შევიყვანე გალაკტიონი ოთახში, ჩავაცვი საავადმყოფოს ტანსაცმელი, გამოვედით ვესტიბიულში და ვხედავთ მწერალთა დელეგაცია მოდის, შალვა დადიანის ნეშტი უნდა გადაასვენონ მთაწმინდაზე.

ერთადერთი, ვინც დელეგაციას გამოეყო, იყო ირაკლი აბაშიძე, ანუგეშა გალაკტიონი და წავიდა. სხვა არც ერთ მწერალს გალაკტიონისკენ არ მოუხედავს.

გალაკტიონმა გამომშვიდობებისას მომცა დავალებები და წამოვედი. მოვედი სახლში და ორ საათში გაისმა ავბედითი წკრიალი ტელეფონისა: «გალაკტიონი აღარ არის»

დღეს 17 სექტემბერია, ბატონი ნოდარ ტაბიძის გარდაცვალების დღე . მძიმე დღეა ჩვენთვის, მისი სტუდენტებისთვის, მეგობრებისთვის....

ბევრი მაქვს სათქმელი და გასახსენებელი მასზე, როგორც ჩემს პროფესორზე, დეკანზე, უფროს მეგობარზე...

მაგრამ წარსულში გახსენება რატომღაც დღეს არ მსიამოვნებს.

ერთი ის ვიცი, გალაკტიონის «გაფრენის» დღე რომ გამოვიტანე თავში, მაგას მომიწონებდა და მეტყოდა, ქალბატონო კვირიკაშვილო, თქვენ არ ხუმრობთ!" - წერს ფეისბუქზე "ჟან შარდენის ქართულ-ფრანგული აკადემიის" მკვლევარი, ჟურნალისტი ლეილა კვირიკაშვილი 

Image
Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი