2020 წლის მეფე - გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელია (ვიდეო)

გიორგი შერმადინი

გამოქვეყნებულია  177 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

ესპანეთის ჩემპიონატის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გასული, 2020 წელი სტატისტიკური კუთხით შეაჯამა და საერთო სარგებლიანობის მხრივ საუკეთესოდ გიორგი შერმადინი აღიარა. „2020 წლის მეფე“ – ასე უწოდა ACB.COM-მა გიორგი შერმადინს.

„გასული წლის საუკეთესო კალათბურთელი გიორგი შერმადინი იყო, რომელმაც ისეთ სახელოვან კონკურენტებს აჯობა, როგორებიც ვალტერ ტავარესი, მარსელინიო უერტასი და ნიკოლა მიროტიჩი არიან. შერმადინი გამორჩეული იყო სარგებლიანობის ჯამური კოეფიციენტის მიხედვით, ქულებში კი იდენტური მაჩვენებელი ჰქონდა მიროტიჩთან. სწორედ ამ ორმა ფაქტორმა გადაწონა ტავარესის გარჯა, რომელიც პირველი გახლდათ მოხსნებში, წუთებში, მოგებებსა და დაფარებებში“.

მსგავსი: გიორგი შერმადინი ჩემპიონთა ლიგაზე ვერც დინამოელებმა შეაჩერეს (ვიდეო)

საქართველოს ნაკრების ცენტრის ჯამური სარგებლიანობის კოეფიციენტი 592 იყო, მის უკან კი ხსენებული ტავარესი (579), მიროტიჩი (547), ფაკუნდო კამპაცო (496) და ბოიან დუბლევიჩი (433) აღმოჩნდნენ. საინტერესოა, რომ შერმადინი ამ კომპონენტში 2017 წელსაც საუკეთესო იყო 710 ქულით, 2018-ში კი პირველობა თორნიკე შენგელიას (791) ერგო, რომელიც იმხანად „ბასკონიას“ წევრი იყო, ამჟამად კი, მოსკოვის ცსკა-ს ღირსებას იცავს.

2020 წლის განმავლობაში აღებული ქულების მიხედვით, ქართველ ცენტრსა და ესპანური ლიგის, ალბათ, უმთავრეს ვარსკვლავს ნიკოლა მიროტიჩს იდენტური მაჩვენებლები ჰქონდათ – 453 ქულა. მათ მცირედით ჩამორჩება დილან ენისი (443), ხუთეულში კი, კლემენ პრეპელიჩი (418) და დარიო ბრისუელაც (415) არიან. მოხსნებში ტავარესს (257) ბადალი არ ჰყოლია, თუმცა, შერმადინი აქაც საუკეთესოებში ტრიალებდა. 185 მოხსნით გიორგი მე-3 პოზიციაზე აღმოჩნდა და „რეალის“ ცენტრის გარდა, მხოლოდ მურსიას ბრაზილიელ ლეგიონერ აუგუსტო ლიმას ჩამორჩა.

შეგახსენებთ, რომ 31 წლის შერმადინი „ტენერიფეს“ ღირსებას უკვე მე-2 სეზონია იცავს და გუნდის აშკარა ლიდერია. მიმდინარე სეზონში მას ესპანეთის ჩემპიონატში 17 მატჩი აქვს ჩატარებული, საშუალო მაჩვენებლები კი ასეთი აქვს: 24:39 წუთი, 16.4 ქულა, 6.0 მოხსნა, 2.2 პასი. გიორგის საშუალო სარგებლიანობის კოეფიციენტი 22.7-ს უტოლდება და ეს, მთელს ლიგაში საუკეთესო მაჩვენებელია. ტენერიფელებს 17-დან 14 მატჩი აქვთ მოგებული და „ბარსელონასთან“ ერთად მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ, მომდევნო მატჩს კი 10 იანვარს, სტუმრად, აუტსაიდერ „გიპუზკოა ბასკეტთან“ ჩაატარებენ.

gbf.ge


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • 2020 წლის მეფე - გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელია (ვიდეო)
  • unipress